photo

ამომორჩევლის ხმა ნამდვილად ფარულია| ნანა ლომიძე

მიუხედავად ზაფხულის უქმი სეზონისა, წინასაარჩევნო სამზადისი დაწყებულია. „ისფედის“ ოფისში შესვლისთანავე იგრძნობა სამუშაო „აურზაური“, რაც მთელი თვის განმავლობაში სუფევდა. ახლა ახალგაზრდა სტაფი მუშაობს. პროცესში ჩართულია მთელი გუნდი, ახალგაზრდა იურისტები, სოც. მედია ჯგუფები. ტაიმაუტი აქვთ აღებული სექტემბრის დასაწყისამდე. მალე ახალი ეტაპი დაიწყება, – ახალი მოხალისეების დატრენინგება. გრძელვადიანი ტრენინგები უკვე ჩატარდა. 1500 დამკვირვებელიყავთ, ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

გი­ორ­გი მო­ნი­ა­ვა, „სამართლიანი არჩევნები“, ექსპერტი: ეს არჩევნები ბევრი კუთხით არის მნიშვნელოვანი და განსხვავებული – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს პირველი არჩევნებია და დემოკრატიული და შესაბამისი სტანდარტების დაცვით, უფრო მეტი ვალდებულება და უფრო მეტი პრეტენზია უნდა გვქონდეს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მთელი მსოფლიო მეტი ყურადღებით გვიყურებს.

ასევე, იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. ამ მასშტაბით არასოდეს ყოფილა გამოყენებული ტექნოლოგიები. ამიტომაც, უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, ვინაიდან ინფორმირებული ადამიანი მნიშვნელოვანია. ეს ჩვენთვისაც ახალი გამოწვევებია, ჩვენი მეთოდოლიგიაც ამას მოერგება. მთავარია, ტექნოლოგიების მიმართ ამომრჩეველს ნდობა ჰქონდეს.

ასევე პირველად ტარდება არჩევნები სრულად პროპორციულად. უმნიშვნელოვანესია მივიდეთ არჩევნებზე და ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა. კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი. საზოგადოებამ უნდა მართოს ეს ქვეყანა, ასე მუშაობს დემოკრატია და ზუსტად ასე იწყება კონსტ იტუციის მესამე მუხლი. თუ ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლების წყარო იყოს ხალხი და დემოკრატიული საზოგადოება – უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ. ყოველ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როცა ასეთ გარდამტეხ და გადამწყვეტ ეტაპზეა ქვეყანა. ამომრჩეველს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მისი ხმა უდრის ძალიან დიდ პასუხიმგებლობას.

73 ოლქში გვყავს გრძელვადიანი დამკვირვებელი. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე „ისფედი“ დაკვირვებას რამდენიმე თვით ადრე იწყებს, ვაკვირდებით წინასაარჩეევნო პერიოდს. ჩემი გამოცდილებით, 10-15 წელია, დარღვევების ძირითადი ნაწილი, რომელიც აისახება შედეგებზე, წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. ეს არის ზეწოლა, მუქარა, მოსყიდვა. სახელმწიფო რესურსების გამოყენება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება – ეს, ძირითადად, წინასაარჩწევნო პერიოდში ხდება.

ჩვენმა ორგანიზაციამ 2022 წელს გამოსცა ანგარიში „სახელმწიფო რესურსები მმართველი პარტიის სამსახურში“, სადაც დეტალურადაა აღწერილი (რომ არ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, სავარაუდო უნდა ვუწოდოთ მათ) და საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დასაბუთებული, თუ როგორ მუშაობენ კონკრეტული ერთი პარტიის სამსახურში სახელმწიფო სტრუქტურები, ჩინოვნიკები, თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები. როგორ იყენებენ სახელმწიფო რესურსს, რაც ასევე აკრძალულია. შესაბამისად, ეს რომ არ გამოგვეპაროს და საზოგადოება ინფორმირებული იყოს, ჩვენ ოთხი თვით ადრე ვიწყებთ დაკვირვებას. გრძელვადიანების ტრენინგების პირველი ეტაპი ბორჯომში გვქონდა. უკვე დავიწყებთ მოკლევადიანი დამკვირვებლების დატრენინგებას. გვყავს მოხალისე დამკვირვებლებიც – დიდი ხანია გახსნილი გვაქვს სარეგისტრაციო ფორმა, სადაც რეგისტრირდებიან ადამიანები. ერთი ეტაპი ჩავატარეთ, თბილისში გვქონდა უკვე ოთხი ტრენინგი, ასევე აბსოლუტურად ყველა რეგიონში ჩავატერეთ, სადაც იყო ხალხი დარეგისტრირებული. ხალხის შემართებითაა, იმედიანად. არჩევნებზე დამკვირვებლად ჩართვის სურვილიც და ენთუზმიაზმიც დიდია, რაც ძალიან კარგია, რადგან თითოეული მოქალაქე, ამომრჩეველი, გარკვეულწილად დამკვირვებელია და გარანტორია თავისი არჩევანის.

ინფორმირებული ამომრჩეველი ძალ­ზე მნიშვნელოვანია. ის უნდა დავარწმუნოთ, რომ მისი ხმა ნამდვილად ფარულია, რადგან მანიპულაციის ყველაზე მსხვილი საშუალებაა, ამომრჩეველს უთხრა, მაინც გავიგებ ვის მიეცი ხმაო და ზეწოლა მოახდინო მასზე. ფაქტია, რომ ვრცელდება ხმები, სპეციალურადაც და უცოდინრობითაც, გავიგებ ვის მიეცი ხმა და გაგათავისუფლებ სამსახურიდან,ან, თქვენს შვილს დავითხოვ საჯარო სამსახურიდან, ან არ დაგიფინანსებთ ოპერაციას, შეგიწყვეტთ დახმარებას, და ასე შემდეგ. ადამიანზე ზემოქმედების მოხდენის სხვადასხვა ბერკეტი არსებობს. ამიტომ, აუცილებელია ამომრჩეველმა იცოდეს, რომ მისი ხმა არის ნამდვილად ფარული, თუ თვითონ არ გაამჟღავნებს მას. ეს აპარატები, რისი გამოყენებითაც ჩატარდება არჩევნები, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კონკრეტული ბიულეტენი ამომრჩეველს დაუკავშირო, არც ბიულეტენი შეიცავს რაიმე ნიშანს, რომლითაც შესაძლებელი იქნება მისი ამომრჩეველთან დაკავშირება, ეს თეორიულადაც გამორიცხულია, არ არსებობს. თუ თვითონ არ გაამჟღავნა, არავის აქვს უფლება, მოსთხოვოს, ან აიძულოს თქვას, ვის აძლევს ხმას, არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც.

თუ ამომრჩეველი ამ ცოდნით იქნება შეიარაღებული და დარწმუნდება, რომ მისი ხმა ნამდვილად ფარულია, შესაბამისად, ამ სახის ზეწოლსაც და მუქარას ელემენტარულად აზრი დაეკარგება. თუ უბანზე ხმის მიცემის დროს ელემენტარულ პროცედურებს დაიცავს, ვერავინ გაიგებს, ვის მისცა ხმა. მოხალისეების ერთი ეტაპი დავატრენინგეთ. მოგეხსენებათ, აგვისტოს მეორე ნახევარი დაიწყო და ხალხი დასვენების რეეჟიმში გადავიდა. ამიტომ, სექტემბრის დასაწყისში კვლავ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

მოხალისეები კიდევ რეგისტრირდებიან. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი მოტივირებულია, დამკვირვებელი იყოს, თუმცა, ტრენინგზე რომ მოდის, ხედავს რამხელა ცოდნასთან და კვალიფიკაციასთან არის ეს დაკავშირებული, 24 საათიან შრომასთან და რიგი მათგანი ცოტა ეჭვობს. თუ ის არ წამოვა, ინფორმირებული მაინც დარჩება და ესეც უკვე ძალიან დიდი საქმეა. მერე თვითონ წყვეტს, ნამდვილად უნდა თუ არა, შეეჭიდოს ამ საპასუხისმგებლო საქმეს, თუ ურჩევნია, მხოლოდ ამომრჩევლად დარჩეს. ჩვენ გვაქვს რესურსი, რამდენი მსურველიც იქნება, იმდენივე დავატრენინგოთ.

გავუფრთხილდეთ ადამიანის მეგობარს | ნანო გოგია

ოლიგარქის შემოდგომა | ნუგზარ წიკლაური

გავუფრთხილდეთ ადამიანის მეგობარს | ნანო გოგია