photo

ფულს შოულობენ ყველგან და ყველაფერში | დავით მჟავანაძე და ბესიკ დონაძე

- კოალიციაში თქვენ კორუფციის საკითხებზე მუშაობთ. სად უყვართ საჯარო მოხელეებს ყველაზე მეტად ხელის ფათური, ყველაზე “კარგად” სად კეთდება ფული?

დავით მჟავანაძე: მათთვის სახელმწიფო ტენდერებია ყველაზე მნიშვნელოვანი ფულის საკეთებელი სივრცე, განსაკუთრებით კი, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები - გზების, მაგისტრალების მშენებლობა, რეაბილიტაციები. ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტების მასშტაბური განახლებები დაიწყო. ეს წინა არჩევნების დაპირება იყო და ახლა დაიწყეს. აქაც ნაცადი სქემაა - უკონკურენტოდ, მათზე მორგებული პირობებით იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ შემწირველი კომპანიები. ხელშეკრულების დადების შემდეგ უმატებენ თანხებს, ვადებს და ა.შ. ეს არის მათთვის ფულის საკეთებელი უმსხვილესი სივრცე და ამაზე კონტროლი წლების განმავლობაში შემცირდა.

ბესიკ დონაძე: „ქართული ოცნებისთვის“ საინტერესოა ნებისმიერი თემა, სადაც ფული კეთდება. ტენდერების გარდა, ფულს შოულობენ სახელმწიფო ქონებით - მიწის, ასევე შენობა-ნაგებობების იჯარით გაცემით. არამხოლოდ რთვლის სუბსიდირებით, არამედ „აწარმოვე საქართველოში“-ს აგროკრედიტებით, „დანერგე მომავალში“ - ყველგან და ყველაფერში შოულობენ ფულს.

სქემა მარტივია - მაგალითისთვის - სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფომ ბიუჯეტიდან გამოყო 1 300 000 ლარი და დააფინანსა სხვადასხვა პროექტი. მათ შორის - კერძო სასტუმროების მშენებლობა. ამ 1 300 000 ლარიდან 900 000 ლარი წაიღო ვიქტორ ჯაფარიძემ და მასთან აფილირებულმა კომპანიებმა. ასევე, მაგალითად, პროგრამიდან “დანერგე მომავალში” დეპუტატ ვასილ ჩიგოგიძისა და დეპუტატ გოჩა ენუქიძის შვილებმა მიიღეს დაფინანსება. ამავე პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მიიღეს “ქართული ოცნების” შემწირველმა კომპანიებმა და ფულის სახით მიიტანეს დაფინანსება „ქართულ ოცნებაში”.

ასევეა ტენდერებშიც - არჩევნებამდე მოიგონეს მოქალაქეების ინიციატივების განსახორციელებელი პროგრამა და 20 000 000 ლარი მისცეს რეგიონებს. განკარგულებაში მიუთითეს ერთი პუნქტი - „აღნიშნული თანხის დახარჯვა განახორციელეთ გამარტივებული შესყიდვით“. ანუ პირდაპირ მისცეს მუნიციპალიტეტებს საარჩევნო ფული, გაურკვეველი მიზნობრიობით, ეს პირი კი მინიმალურად ასრულებს პირობას, ხოლო დანარჩენი ფული "ქეშად" მიდის უკან, მუნიციპალიტეტში, შავ ყულაბაში.

- რიკოთის უღელტეხილის პრობლემებია ახლა აქტუალური. ჩინურ კომპანიასთანაც ეგ სქემა მუშაობს?

დავით მჟავანაძე: რიკოთის უღელტეხილის მშენებლობის ბიუჯეტია 2,6 მილიარდ ლარზე მეტი და ეს იზრდება მუდმივად. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ სამუშაოების ცუდად წარმართვის, ცუდი სამშენებლო დოკუმენტაციის გამო ჩამოინგრა კლდე, რომელსაც ხელახლა გამაგრება ჭირდება. ჩინური კომპანია სამუშაოების შესრულებისას დაუდევრად ეპყრობა გარემოს, ეკოლოგიას და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც შავ სიაში შეიყვანეს. ეს რიკოთზეც აისახა.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არამხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტია, არამედ საგარეო პოლიტიკასაც ეხება. ჩინური კომპანიები მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ძირითადად, განვითარებად ქვეყნებში აკეთებენ - აფრიკის, ან შუა აზიის ქვეყნებში. ისინი ამ ინფრასტრუქტურას ყველგან სათავისო პოლიტიკური გავლენებისთვის იყენებენ, ანდა სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ მათ ექნებათ პოლიტიკური გავლენა პროექტზე. ეს აჩენს რისკებს არამხოლოდ კორუფციის, არამედ პოლიტიკური მიმართულებითაც. რიკოთის პროექტი დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ ჯერ პირი არ უჩანს - სამუშაოები დროში იწელება, იხარჯება საწყისზე გაცილებით მეტი თანხა და ვიღებთ იმას, რაც ახლა რიკოთზე ხდება.

ჩინური კომპანიების პოლიტიკაა ასეთი, რომ თავისი ქვეყნიდან ჩამოჰყავთ მუშახელი, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიმალური სიკეთის მომტანია ჩინური კომპანიებისგან განსხვავებით, დასავლურ კომპანიასთან, „ატკატები“ და თანხების გადანაწილება ისე, რომ სარგებელი დაგრჩეს, შეუძლებელია. ამიტომაც ირჩევენ ჩინურ კომპანიებს, რომელთანაც ასეთი საკითხები ადვილად ლაგდება.

ბესიკ დონაძე: მსოფლიოში რიკოთზე უფრო მძიმე და რთული რელიეფური პირობებიც არსებობს და იმ სახელმწიფოებში იგება გზები. წარმოიდგინეთ, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომ 52 კილომეტრიანი გზა ვერ დაიგო ნორმალურად.

კარგად გავიაზროთ, რა მოხდა - როდესაც ასეთ დიდი პროექტი იწყება, მზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. რომ ჩავიხედეთ და შევისწავლეთ, ეს დოკუმენტი იდეალური იყო. კანონი ითვალისწინებს, რომ დოკუმენტი უნდა გააცნონ საზოგადოებას. მათ ეს მხოლოდ ზესტაფონის საკრებულოს უმრავლესობას წარუდგინეს, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. არანაირი კითხვა არ დასმულა მეწყერზე, ჩამოშლაზე, რას გამოიწვევს ბურღვა, მწვანე საფარს რა ემუქრება და ა.შ. ორად ორი კითხვა დასვეს იმ შეხვედრაზე - ლამპიონები ხომ არ შეუშლიან ხელს გადამფრენ ფრინველებს და როდესაც ბურღვითი სამუშაოები დაიწყება, ფეროს წინ რომ წყაროა, ხომ არ დაშრება.

პოლიტიკურად თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს, იყოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფანი, ზღვასთან ჩქაროსნული მაგისტრალი არ აქვს. სამაგიეროდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყოველგვარი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების გარეშე, ხარჯავს 250 000 000 ლარს, რომ სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი გააკეთოს. ეს გზა მიდის მხოლოდ რუსეთში და სხვაგან არსად. ხოლო გზას ევროპისკენ, იქ გამავალ ტვირთს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ცუდი გამტარუნარიანობა აქვს. როდესაც გადამზიდი ხედავს, რომ არასაიმედო დერეფანია, შესაბამისად, ტვირთების რაოდენობაც იკლებს.

- კიდევ ერთი ცხელი თემა - რთველის სუბსიდირება.

ბესიკ დონაძე: რთველის სუბსიდირება წელს 150 000 000 ლარი ჯდება. ეს თანხა არ მიდის გლეხამდე, არამედ პირდაპირ კომპანიებში. საქართველოში არსებული ღვინისა და ალკოჰოლის კომპანიები კი, უმრავლეს შემთხვევაში, დაკავშირებულნი არიან ივანიშვილების ოჯახთან და „ქართულ ოცნების” შემომწირველებთან.

ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომელსაც, მაგალითად, აქვს 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, პატარ-პატარა ნაკვეთებად ყოფს და მის თანამშრომლებზე აფორმებს ამ 10 ჰექტარ მიწას. შემდეგ ეს თანამშრომლები სახელმწიფოსგან იღებენ სუბსიდიას ცალ-ცალკე და აბარებენ დუგლაძის ან ჩხაიძის კომპანიებს - ძირითადად ეს ადამიანები ჩადიან ამ თაღლითობას - დუგლაძეს და ჩხაიძეს მისივე მოყვანილ ყურძენს აბარებენ და ამაში ეს კომპანიები სახელმწიფოს ართმევენ ფულს.

ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი - ყველამ უნდა გადახედოს საკუთარ ცხოვრებას და თუ უნდათ, რომ ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს, ეს ხელისუფლება უნდა შეცვალოს.

დავით მჟავანაძე: დუგლაძეები, ჩხაიძეები - ესენი არიან ღვინის მსხვილი მწარმოებლები და ქართული ოცნების უმსხვილესი შემწირველები. ნახევარ მილიონზე მეტი აქვს შეწირული მხოლოდ ამ ორს “ქართული ოცნებისთვის”.

ასევე არის რუსეთის მოქალაქე - ვახტანგ კარიჭაშვილი. მისი ბიზნესპარტნიორია გიორგი ღამბაშიძე, ორივე - ადიკო ივანიშვილის ბიზნესპარტნიორები არიან. ესენიც მსხვილი მიმღებები არიან სახელმწიფო სუბსიდიების. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო, ზუსტად ამ ხალხის მეშვეობით გაიზარდა 120 პროცენტით რუსეთში ღვინის ექსპორტი.

2008 წლის მერე, ყურძნის სუბსიდირება იმიტომაც დაიწყო, რომ რუსეთმა ბაზარი ჩაგვიკეტა და აქ გლეხებს და ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება უნდა ჰქონოდათ, მოეყვანათ მოსავალი, ჩაებარებინათ ადეკვატურ ფასად და ალტერნატიულ ბაზრებზე გაეტანათ. პირველ რიგში ეს ევროპული და დასავლური ბაზრებია. დღეს, “ქართული ოცნების” პირობებში, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც, რუსული ბაზრისგან თავის დასაცავად შექმნილი პროექტი აფინანსებს იმ კომპანიებს, რომელთაც რუსეთში გააქვთ პროდუქტი. კომპანიებს რუსული სახელი დაარქვეს და არც კი ერიდებათ. რუსეთის მოქალაქეები და ივანიშვილის ოჯახის პარტნიორები არიან მათი მფლობელები. ჯერ ეს რუსეთის ბაზარი რა არის, განსაკუთრებით კი, ომის შემდეგ, რანაირად არის ან სანატრელი, ან მიმზიდველი, როცა იცი, როგორ იყენებს ამას აგრესორი ქვეყანა.

- ელიტური კორუფციის გამოწვევებზე რას იტყვით, დგას ეგ პრობლემა დღევანდელ საქართველოში?

დავით მჟავანაძე: რა თქმა უნდა, დგას, ელიტური კორუფციიდან ალბათ ყველაზე გამორჩეულად შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილი მივიჩნიოთ, გვახსოვს მისი მონაყოლი, რომ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიმტანად მუშაობდა, ხოლო ახლა შვილი ჩარტერული გადაფრენით გადაჰყავს ამერიკაში, მაჯაზე კი 100 ათას დოლარიანი საათი უკეთია, როდესაც დეკლარაციის მიხედვით 2012 წლიდან, მისი წლიური შემოსავალი საშუალოდ 42 000 ლარია ხოლო მხოლოდ საათების ღირებულება 550 ათას ლარს აღემატება, ასევე საგულისხმო შენაძენია საკუთარი თავისა და მეუღლისთვის შეძენილი ავტომობილები, რომელთა ჯამური ღირებულებაც 122 ათას ევროს აღემატება. ეს ყველაფერი მხოლოდ ის ჩამონათვალია რისი დაფიქსირებაც ტელევიზიებმა საჯაროდ შეძლეს, ის ქონება რასაც კადრს მიღმა მალავს, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია.

ბესიკ დონაძე: 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროინტეგრაციის გზაზე ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა იყო, რომელიც უნდა აერჩია პარლამენტს ოპოზიციური პარტიების მაღალი ჩართულობით და ჰქონოდა გამოძიების უფლება, თუმცა არ გაგიკვირდებათ და ეს რეკომენდაცია საპირისპიროდ გაიგო ქართულმა ოცნებამ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს პრემიერი ნიშნავს და არა ჩინოვნიკების არამედ ოპოზიციური პარტიების კონტროლი დაეკისრა, როგორ წარმოგიდგენიათ, ღარიბაშვილი დანიშნავს ისეთ ადამიანს რომელიც გამოიძიებს მისი ქონების წარმომავლობას, რა თქმა უნდა არა. ანტიკორუფციულ ბიუროს 2023 წელს უნდა შეემოწმებინა 720 თანამდებობის პირის დეკლარაცია და შემდეგ გაესაჯაროვებინა მონიტორინგის შედეგები, 720 პირში შედიოდნენ ღარიბაშვილი, კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე, პაპუაშვილი და ა.შ. თქვენი აზრით რამდენი ადამიანის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგი გაასაჯაროვა?! არც ერთის, რაც პირდაპირ ანტიკორუფციული საქმიანობის დარღვევაა. მსგავსი ქმედებები ბადებენ საფუძვლიან ეჭვს რომ ეს ადამიანები ჩაფლულები არიან კორუფციაში და იპარავენ ხალხის ფულს.

- როგორი იქნება 27 ოქტომბერი?

ბესიკ დონაძე: 27 ოქტომბერი იქნება ახალი, განსხვავებული ბოლო 12 წლისგან, რადგან დიდი ცვლილების სურნელი იტრიალებს ჰაერში, მოშორებული გვეყოლება ოლიგარქიული მმართველობა და 27-ში საღამოს, დაახლოებით, 6-7 საათისკენ დაიწყება ხელისუფლების გადაბარების პროცესი სხვადასხვა სამინისტროებში. დავით მჟავანაძე: იქნება ხმაურიანი დღე, ოღონდ არ ვგულისხმობ შეტაკებებს და ამგვარ რამეს. “ქართული ოცნება” წააგებს არჩევნებს ოპოზიციასთან ჯამურად და ეს გამოჩნდება როგორც ეგზიტპოლებში, ასევე საბოლოო შედეგებში. ეს ისეთი მკაფიო იქნება, რომ ამას გვერდს ვერ აუვლიან. სათავისოდ ვერაფრით გამოიყენებენ. ეს იქნება შოკი მათთვის. არ მგონია, რომ წყნარად მიიღონ ეს, რაღაცას იგნიასებენ, მაგრამ მალე გადაივლის და 27 ოქტომბრის დილიდან უკვე გასაგები იქნება, რომ ოპოზიციას მოგებული აქვს.

“ქართულ ოცნების” წევრებს შეიძლება ალაპარაკონ სიგიჟეები, მაგალითად, მამუკა მდინარაძემ თქვას, რომ ოპოზიციამ გაუყალბა არჩევნები. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მსგავსი აბსურდები აფრქვიონ. ბესოს კი ვეთანხმები, რომ 27-ში საღამოდან ხელისუფლების გადაბარების კონტურები იქნება მოხაზული.

ბესიკ დონაძე: ტალახაძეს და პეტრიაშვილს ვურჩევ, გაიხსენონ დათო ხუჯაძის გამოცდილება - 2003 წელს ასლანის სიით რამდენიმე საათით იყო დეპუტატი.

დავით მჟავანაძე: ეს პატივცემული ჩემპიონები და სპორტსმენები იქნებიან პირველები, ვინც “ქართული ოცნებისთვის” დიდად არ ინერვიულებენ და არ გადაჰყვებიან რეჟიმს, რომელიც მალე აღარ იქნება მმართველობაში.

დევნილთა პრობლემების მოგვარება და გადაჭრის გზები | სოფია გოლეთიანი

„26 ოქტომბრის გამარჯვება ჩემთვის იქნება კიდევ ერთი გარანტი იმისა, რომ სხვა ბავშვებმა არ გაიზიარონ ჩემი შვილების ბედი და ასეც იქნება“ | სოფო ლილუაშვილი

მაია კოპალეიშვილი: "ოცნება" ატყუებს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც