„ყველას ცვლილება უნდა“ | გოგი ჩიკვილაძე
ჭიათურის საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარე გოგი ჩიკვილაძე ქალაქის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. ის დიდი ხანია, პოლიტიკაში მოღვაწეობს და როგორც თვითონ ამბობს, - სულ პოლიტიკაში იყო ჩართული. როგორც ქალაქის ყოფილი გამგებელი, ის ძალიან კარგად იცნობს ამ ქალაქს, მის საჭიროებებსა და მოსახლეობას. სწორედ ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მას არჩევნებში გამარჯვების საფუძვლიანი იმედიც აქვს.
- „ახალი“ რატომ აირჩიეთ?
- ჩემი გადაწყვეტილება გარკვეულმა გარემოებებმა განაპირობა. სადაც დასაყრდენი ძალა, წესიერი ადამიანები, სიმართლე დავინახე, გულმაც იქით გამიწია და ასე აღმოვჩნდი ახალში. ერთად მოვდიოდით მე, ნიკა მელია, ჩვენი თანამებრძოლები. მათ შორის ახალგაზრდებიც. გადავწყვიტეთ, წამოვსულიყავით და ამჟამად „ახალის“ რიგებში ვართ.
- როგორც ვიცი, ნიკა მელიას ფაქტორმა გადაწყვიტა თქვენი არჩევანი?
- კი ბატონო. ნიკა მელია არის უწესიერესი კაცი. მე მიყვარს ასეთი ყალიბის ადამიანები და გადავწყვიტე, მის გვერდით ვიდგე.
- ამ არჩევნებზე რა მოლოდინი გაქვთ?
- ამ არჩევნებისგან, პირველ ყოვლისა, სიახლეს, ცვლილებებს ველოდები. ალბათ, დროა უკვე სიახლისკენ წავიდეს ჩვენი ქვეყანა. 12 წელია, ეს ხელისუფლებაა და კი ვხედავთ, რისი მაქნისებიც არიან. შესაბამისად, ხალხის განწყობაც უკვე მკვეთრად განსხვავებული, უარყოფითია ხელისუფლების მიმართ. ერთი თვეა, კარდაკარ დავდივართ და შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველას ცვლილებები უნდა.
- ანუ მოსახლეობის განწყობა იძლევა საფუძველს, რომ ცვლილებები მოხდება?
- წინა არჩევნებთან შედარებითაც სულ სხვა განწყობაა. საჯარო სამსახურებში დასაქმებული ხალხიც კი ჩუმად, პირად საუბრებში გვეუბნება, რომ ისინი ამ ხელისუფლების მხარდამჭერები აღარ არიან და ქართულ ოცნებას ხმას აღარასდროს მისცემენ. თავის პოზიციას კი საარჩევნო ყუთთან დააფიქსირებენ.
- გარკვეული შიშის არსებობს ხალხში, ვისაც, მაგალითად, სოციალური დახმარება აქვს?
- ოცნება ცდილობს ხალხის გაჭირვებით მანიპულირებას, რაც მათ ღირებულებებზე მეტყველებს. თუმცა, ხალხი კარგად არჩევს შავსა და თეთრს, მთელი საქართველო დარწმუნდა რომ ქართული ოცნებას მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელება აინტერესებს და არა გაჭირვებული ხალხის დახმარება. სწორედ ამიტომ, მჯერა რომ საარჩევნო ყუთთან იმ არჩევანს გააკეთბენ რომელიც მათ ხვალინდელი დღის შიშს გაუქრობს, სწორედ ასეთია ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის.
- შიშის ფაქტორის გადალახვა საარჩევნო ყუთთან მისული ასეთი ადამიანისთვის იოლი არ იქნება...
- თითოეულ შეხვედრაზე მოსახლეობას ვუხსნით რომ არჩევნები ანონიმურია და საშიში არაფერია, ვერავინ გაიგებს ხმა ამომრჩეველმა ვის მისცა, მთავარია არჩევნებზე მივიდეს რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი და ცვლილება გარდაუვალი იქნება, ხოლო მეორე ეტაპს, მათი ხმის დაცვას, ჩვენ ვუზრუნველყობთ, რომ მათი ხმა არ დაიკარგოს.
- ჩანს, რომ განწყობა საბრძოლოა...
- მინდა გითხრათ, რომ კარდაკარის ფარგლებში, სადაც კი ვიყავი, ყოველი ათი ადამიანიდან ერთია ოცნების მხარდამჭერი. ყველა დანარჩენს ცვლილებები სურს.
- ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, მოსახლეობას კიდევ რა პრობლემების გადაჭრა სურს?
- არის სოფლები, სადაც წყალი არ არის, გზა არ არის, უმუშევრობაა. თავის მიწაზე რასაც მუშაობენ, ბევრი არაფერი მოსდით. ნიადაგი მცირემიწიანია. ზოგადად ამ პრობლემების ფონზე სოფელი დაცარიელებულია.
- ემიგრაციის პრობლემაა ისევე, როგორც ყველგან?
- ემიგრაციაა ძალიან დიდი. სოფლებში რომ მიდიხარ და ხედავ ამდენ ბოქლომდადებულ სახლს, შეიძლება გული მოგიკვდეს. დაკეტილია ისეთი ოჯახების ჭიშკრებიც, რომლებიც ცოტა შეძლებულნი იყვნენ, მაგალითად, 15 წლის წინათ.
ზოგადად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში 61 სოფელია. ჩვენი ხელისუფლების დროს, ამათგან 53 სოფელს ჰქონდა მაღალმთიანი სტატუსი. ამ სტატუსით ეს ხალხი რაღაცნაირად საზრდოობდა. პენსიონერს, მასწავლებელს შეღავათები ჰქონდათ. ბიზნესისთვისაც შეღავათი იყო, თუ ადამიანი რამეს აწარმოებდა. ამათმა სოფლებს ეს სტატუსი ამოართვეს, მხოლოდ რამდენიმეს დაუტოვეს და ხალხს ეუბნებიან, რომ რელიეფი არ აკმაყოფილებს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსს. მოსახლეობასაც ის შეღავათები, რაც ჰქონდა, გაუუქმდა. ამას გარდა, არის ეკოლოგიური პრობლემები. განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც მარგანეცი მოიპოვებოდა ღია კარიერული წესით. არის კიდევ სოფლები, სადაც კომპენსაციას ვერ იღებენ.
- აღნიშნული პრობლემები დასაქმების პრობლემებსაც იწვევს, დასაქმების პრობლემები კი მიგრაციასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს?
- დასაქმების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია. ერთადერთი, ჭიათურაში მარგანეცის მომპოვებლები იყვნენ კოოპერატორები და ვისაც პატრონი ჰყავს კოოპერატორებში, ამუშავებენ იმ ხალხს. დანარჩენი ვერავინ მუშაობს. მერია არის დასაქმების სამსახური, სადაც ასაქმებენ მომავალ კოორდინატორებს. უკვე ისეთი სიტუაციაა, რომ კოორდინატორებისთვის ფულის გადახდაც არ სჭირდებათ. ბიუჯეტის ფულით აფინანსებენ.
სოფლებში რომ ადიხარ, სოფლის სასაფლაოებზე ჰყავთ გაფორმებული 5 და 10 ადამიანი, წარმოგიდგენიათ? და ამით აპირებენ, არჩევნები მოიგონ. ამგვარად იმდენი ადამიანი ჰყავთ უკვე დასაქმებული, რომ არ ვიცი, რა ვთქვა.
- ანუ აშკარად იკვეთება კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები?
- არსებობს სამუშაოები, რომლებიც უხარისხოდ სრულდება და ამიტომ მეორედ და მესამედ არის გასაკეთებელი. გასაგებია, რომ კორუფციული სქემაა. ძალიან დიდი ფული მიდის ტენდერებში. მაგალითად, 200 მილიონია დახარჯული ჭიათურაში 4 წლის განმავლობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, წლის განმავლობაში 50 მილიონი რომ დაიხარჯება, ამ პატარა ქალაქში არც გზის პრობლემა უნდა იყოს, არც წყლის, ეს ფული რომ მიზნობრივად იხარჯებოდეს, მაგრამ რაც კეთდება, უხარისხოა და გამოდის, რომ ფული იფლანგება. ტენდერს ერთი და იგივე ადამიანები იგებენ, რაც ძალიან ცუდია და ამას ყურადღების მიქცევა სჭირდება. არსებობენ ფირმები, რომლებიც გადანაწილებულია სხვადასხვა პირზე და ბოლოს აღმოჩნდება, რომ ერთი კაცია ამ ტენდერების უკან, რომელიც ფირმებს საკუთარ ნათესავებზე არეგისტრირებს.
- რეგიონებისთვის ევროპული დონის თვითმმართველობის მინიჭება გულისხმობს მუნიციპალიტეტებისთვის როგორც შემოსავლების განკარგვის მეტ თავისუფლებას, ისე საძოვრების, ტყისა და სხვა რესურსების დაბრუნებას. რას შეცვლის ეს თქვენს მუნიციპალიტეტში?
- აი ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნება. რაც შეეხება მოსახლეობისთვის რესურსების დაბრუნებას, ძალიან მნიშვნელოვანია. ტყეში ცხოვრობს ხალხი და შეშის მოჭრის უფლება არ აქვს. შეშაზეც ერთი და იგივე ადამიანი ტენდერს მოიგებს და მერე გლეხს ერთი მანქანა შეშა რომ გამოისყიდოს და სახლში მიიტანოს, 800-900 ლარი უჯდება. როცა თვითონ ტყეში ცხოვრობს და საშუალება რომ ჰქონდეს, თავადვე უკეთ განკარგავდა ტყის რესურსს. ახლა კი ყველაფერი მიშვებულია უკონტროლოდ და სწორედ ეს ქმნის უსამართლობის განცდას, ეკონომიკურ პრობლემებსაც და მიგრაციასაც განაპირობებს.
შესაბამისად, დეცენტრალიზაცია აუცილებელია. მოსახლეობა თვითონ განკარგავს თავის რესურსს ისე, როგორც საჭიროა. ამით ხალხიც ამოისუნთქებს და მეტ ეკონომიკურ სარგებელსაც მიიღებს. სოფელსაც დაუბრუნდება ადამიანი. ახლა კი რომ გინდოდეს, ერთი ახალგაზრდა კაცი მაინც ნახო, არ არის. ყველა წასულია. გული გაგისკდება ადამიანს.
საჯარო სამსახურებში დასაქმებული ხალხიც კი ჩუმად, პირად საუბრებში გვეუბნება, რომ ისინი ამ ხელისუფლების მხარდამჭერები აღარ არიან და ქართულ ოცნებას ხმას აღარასდროს მისცემენ.