photo

„ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ კანონებით და არა - პოლიტიკოსების კაპრიზებისა და ხუშტურების მიხედვით“ | მელიქ რაისიანი

მელიქ რაისიანი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი

- ახალქალაქი და ნინოწმინდა ყოველთვის ითვლებოდა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ რაიონებად. როგორ ფიქრობთ, ამჯერად შეცვლილია ვითარება?

- ახალი სიტუაცია ახალ გამოწვევებს გვიქმნის. ამჯერად საზოგადოებრივი განწყობა კარდინალურად შეცვალა ხელისუფლების მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის შეცვლამ. ჩვენი რეგიონი ყოველთვის პრორუსულად მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოსახლეობის დიდ ნაწილს კარგად ესმის (ვისაც არ ესმის, მათთან ვმუშაობთ), რას ნიშნავს საქართველოს სუვერენიტეტისთვის ევროპული ღირებულებებისა და ორიენტირის შეცვლა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ახლა ოპოზიციის მიმართ სრულიად განსხვავებული განწყობაა, თუნდაც, ერთი წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით.

- ადგილობრივ სომეხ მოსახლეობაზე, ალბათ, გავლენას ახდენს ისიც, რომ სომხეთის რესპუბლიკის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მკვეთრად პროდასავლური კურსი აიღო...

- რა თქმა უნდა, აქაურ საზოგადოებაზე ესეც ახდენს გავლენას. მე თუ მკითხავ, სომხეთის ხელისუფლება კიდევ უფრო მკვეთრად უნდა მოძრაობდეს ევროპის მიმართულებით, და აქ ბევრი ფიქრობს ასე, მითუმეტეს ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ, როდესაც ჩვენი უსაფრთხოების გარანტმა უცერემონიოდ გვიღალატა.

- ამ ყველაფერს, როგორც ვიცი, ზედ ერთვის მძიმე ეკონომიკური პრობლემებიც. მათი მოგვარების იმედს საქართველოს სხვა კუთხეებში ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირებენ. როგორია ამ მხრივ ვითარება თქვენს რეგიონში?

- ჩვენთან მართლაც სავალალო მდგომარეობაა და ხალხი ამით დათრგუნულია. საერთოდ არ არის სამუშაო ადგილები, ყვავის კორუფცია. სამაგიეროდ, ახალქალაქი მესამე თუ მეოთხე ადგილზეა საქართველოში სათამაშო ბიზნესის განვითარებით. 7 კაზინო გვაქვს. ამიტომაც წელიწადში თვითმკვლელობის რამდენიმე შემთხვევა გვაქვს - ახალგაზრდა ადამიანები, ვალების გამო, ან ხიდიდან ხტებიან ან თავს იხრჩობენ. ძალიან დეპრესიული რეგიონი ვართ.

აი, თუნდაც დღევანდელი დღე ავიღოთ. მოგეხსენებათ, ჩვენთან მთავარი კულტურა კარტოფილია. მის მოსავალზეა დამოკიდებული ოჯახების უმეტესობა. დღეს კარტოფილს ვერ ყიდიან. 40 თეთრი გახდა კილოგრამი, მაგრამ მაინც არ იყიდება. ხარჯები 50-55 თეთრია. სახელმწიფო, ამ ხალხის დასახმარებლად, არაფერს აკეთებს. ხალხს ვალები, საბანკო კრედიტები აქვს აღებული და ვერ ისტუმრებს. ჩვენ მოსახლეობას, ძირითადად, მინდვრებში ვხვდებით და ვხედავთ, რაოდენ სავალალო მდგომარეობაში არიან ისინი. რამდენიმე კვირაა, მივმართავ ხელისუფლებას, რომ თუნდაც მხოლოდ ოქტომბერში შეაჩერონ კარტოფილის იმპორტი რუსეთიდან და თურქეთიდან, მაგრამ - უშედეგოდ. კარტოფილი ისეთი კულტურაა, რომლის შენახვაც შეიძლება და ზამთარში უფრო ძვირად გაიყიდება, მაგრამ გლეხების უმეტესობა ვერ ინახავს პროდუქციას, რადგან კრედიტი აქვს დასაფარი და ზამთრამდე ვერ მოიცდის. თუ კახეთში ხდება ყურძნის კომპენსირება, აქ რატომ არ ეხმარება გლეხებს მთავრობა?! ჯანდაბას, სხვაგვარად დაიცვან ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესები, შეაჩერონ იმპორტი, მაგრამ არც ამას აკეთებენ. ძალიან საინტერესო ამბავს გიამბობთ: ჩვენი რეგიონის გავლით, ძალიან ბევრი კარტოფილი შემოდის თურქეთიდან. ზოგჯერ ორმოცდაათამდე სატვირთო გადის ჩვენს საბაჟოზე. როცა ეს მძღოლები უკან ბრუნდებიან, ჩვენთან ყიდულობენ კარტოფილს, 10-20 ტომარას. ერთხელ ვკითხე, თქვენ ხომ კარტოფილს ეზიდებით, აქ რატომ ყიდულობთ-მეთქი. იმიტომ, რომ თქვენი კარტოფილი ბევრად უკეთესიაო. რა გამოდის, სატვირთოს მძღოლებს ესმით, ჩვენს მთავრობას - არა.

- ალბათ, ხალხი სხვაგან ეძებს შემოსავალს და გარბის რეგიონიდან.

- ძალიან დიდი მიგრაცია გვაქვს. ადრე უმეტესობა რუსეთში გარბოდა, მაგრამ ბოლო წლებში ევროპაში უფრო მეტი მიდის. რუსეთში ახლა ისეთი კანონები მოქმედებს, ისეთ დოკუმენტებს ითხოვენ, რომ იქ წასვლა სახიფათოა. აქვე მინდა შევეხო ჯავახეთისთვის ძალიან მტკივნეულ საკითხს, ეს გახლავთ ჩვენი კუთხის შვილებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. ამ დროისთვის 2000-ზე მეტი ადამიანს ეთქვა უარი მოქალაქეობაზე და მიზეზიც წესიერად არავის განუმარტავს. აი, მაგალითად, ჩემი ძმა აქ დაიბადა, ცხოვრობდა, პოლიციის პოლკოვნიკია, იყო პროკურორი, მაგრამ მოქალაქეობას ვერ იღებს. როდესაც რუსეთში წასასვლელად ვიზა გახდა საჭირო, ჯავახეთში მცხოვრები სომხები მიდიოდნენ სომხეთში და იღებდნენ სომხეთის მოქალაქეობას, რათა რუსეთში თავისუფლად ეშოვათ სამუშაო. იმავეს აკეთებდნენ მარნეულელი აზერბაიჯანელები. ამ სომხებს, ყველას, ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, აზერბაიჯანელებს დაუტოვეს. რა ვიცი, ალბათ, „კრიშა“ ჰყავთ უკეთესი. ახლა ჯავახეთის მკვიდრებს, მოქალაქეობის აღსადგენად, სთხოვენ ქართულის ცოდნას, საქართველოს ისტორიაში გამოცდის ჩაბარებას; მათ უნდა გაიარონ ორი გასაუბრება უშიშროებაში და ყოველივე ამის შემდეგ უარს იღებენ. ეს ძალიან ცუდია და არანაირად არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. არც დემოგრაფიულადაა ხელსაყრელი. ეს დიდი თემაა და ერთ ინტერვიუში ვერ ჩავეტევით, მაგრამ ფაქტია, რომ ჯავახეთისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემაა. მე იმედი მაქვს, რომ ამ კანონმდებლობას ახალი ხელისუფლება სასიკეთოდ შეცვლის.

- როგორც გამოცდილ პოლიტიკოსს, რა მოლოდინები გაქვთ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით?

- პირველ რიგში, ველი, რომ ახალი ხელისუფლება მოაგვარებს მოქალაქეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 1996 წელს, როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, მაშინ მივიღეთ კანონი მოქალაქეობის შესახებ. ის კანონი ადამიანს, რომელსაც საქართველოში ჰყავდა ახლო ნათესავი - დედა, მამა, მეუღლე, ძმა ან და - უმარტივებდა მოქალაქეობის მიღებას.

მეორე და ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს კანონის უზენაესობა, ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ კანონებით და არა - პოლიტიკოსების კაპრიზებისა და ხუშტურების მიხედვით. ამით საქართველო ნამდვილად აყვავდება.

რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის უფლებამოსილებების გაზრდასაც, მაგრამ ესეც მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში კანონები იმუშავებს. მთავარია, დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. შეიძლება თბილისში, ქუთაისში მუშაობს საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენთან, ჯავახეთში - არა. აქ სპეცსამსახურები და ადგილობრივი ავტორიტეტები, რომლებიც სრული თანხმობით მუშაობენ, განკარგავენ ყველაფერს, ისინი არიან კანონიც და კონსტიტუციაც. სწორედ ამათი დამსახურებაა მითები იმის შესახებ, რომ ჯავახეთში ძლიერია სეპარატიზმი და ამგვარი მოძრაობები. ისინი თავად ქმნიან ამ პრობლემებს, თავადვე „აგვარებენ“ და თავადვე იკიდებენ ჯილდოებს. სინამდვილეში ჯავახეთში ძალიან ლოიალური ხალხი ცხოვრობს და არასოდეს, არც 90-იანებში, არც 2000-იანებში ხალხში სეპარატისტული განწყობები არ ყოფილა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ განსხვავება სახელმწიფოსი ხელისუფლებისგან. სახელმწიფო ჩვენია, ხელისუფლება კი დაქირავებული გვყავს, როგორც მენეჯერები, და ჩვენს წინაშეა ვალდებული. ამიტომ არ უნდა მივცეთ უფლება, ისე მოგვექცნენ, თითქოს ჩვენ გვაქვს მათი ვალი. უნდა გავაგებინოთ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავარია ხალხი და მას უნდა ემსახურონ. ახლა კი ისეა, რომ ხალხი ემსახურება მათ.

რუსეთის ბრძოლა საქართველოს ეკლესიასთან | ივანე წერეთელი, ნინო კვიტაიშვილი

მაია კოპალეიშვილი: "ოცნება" ატყუებს საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც

რუსეთის ბრძოლა საქართველოს ეკლესიასთან | ივანე წერეთელი, ნინო კვიტაიშვილი