photo

„ჩვენ, „კოალიციამ ცვლილებისთვის“, ვიცით როგორ ვიზრუნოთ თქვენს მომავალზე“ | ანი ქავთარაძე

ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯერ კიდევ მისი მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება და ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ამ სტატიაში სწორედ ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და მის დაცვაზე ვისაუბრებთ. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა სოციალურად დისკრიმინაციულია. მარტივად რომ ითქვას, ფინანსები წყვეტს სიცოცხლის უფლებას.

ჯანმრთელობა სიკეთეა, რომელიც განაპირობებს ადამიანის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას, სრულფასოვან ფუნქციონირებას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას.

საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საშუალოდ 72 წელია, ხოლო ჯანმრთელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელი, სხვაობა 10 წელია, რაც 2016 წლის მონაცემებთან შედარებით 3 წლით კიდევ უფრო გაუარესდა, ევროპის საშუალო მონაცემთან შედარებით კი - 10 წლით ნაკლებია. ჯანმრთელი სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრად უფრო ზუსტი საზომია ჯანმრთელობისა, ვიდრე სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, რადგან უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ ცხოვრების რამდენ წელს კარგავს ადამიანი ავადმყოფობის გამო, დაავადებებთან ბრძოლაში.

საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევის და სტატისტიკური მონაცემის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აღნიშნულ რგოლზე ხელმისაწვდომობა და მისით სარგებლობა, ჯერჯერობით, ვერ უახლოვდება თანამედროვე სტანდარტებს. ჯანდაცვის ბიუჯეტის დიდი წილიც მხოლოდ ჰოსპიტალური სექტორისკენ მიედინება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი არა ჯანმრთელი ადამიანის დაავადებისგან დაცვა, არამედ უკვე დაავადებულისთვის გარკვეული სამკურნალო მომსახურების შეთავაზებაა.

განვითარებული ქვეყნებისთვის კი უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა იმგვარად, რომ მათი ჯანმრთელობა მუდმივად იყოს პირველადი ჯანდაცვის რგოლის მედპერსონალის, ოჯახის ან სოფლის ექიმის, ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. განგრძობითად, მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის, ვაქცინაციისა და სხვადასხვა მდგომარეობებისგან თავის არიდების გზაზე. მარტივად რომ ვთქვათ, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა მოხდეს დაავადების დადგენა, ხოლო მკურნალობა - დროულად და ხარისხიანად დაიწყოს. ეს ყველაფერი განაპირობებს მოსახლეობის სიჯანსაღესა და სიცოცხლისუნარიანობას. თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, იყოს ჯანმრთელი - დაცული შესაძლო დაავადებებისგან.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, არაგადამდები დაავადებებით ნაადრევი გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში, რომელიც საერთო სიკვდილიანობის მაჩვენებლის 94 პროცენტს წარმოადგენს. ხოლო 30-70 წლის, შრომისუნარიან ადამიანებში - 24.9 პროცენტს, რაც ჯანმოს ევროპის რეგიონში 16.4 პროცენტია. ზემოაღნიშნულ მაჩვენებელში წამყვანი ადგილი უჭირავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, კიბოს, დიაბეტს და ქრონიკულ რესპირაციულ დაავადებებს. მეტიც, არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის შემცირების პროცესში, 2012 წლის შემდეგ დადებითი დინამიკა არ გვაქვს.

პოპულაციის დაახლოებით 28.8 პროცენტს შეადგენს 40-69 წლამდე მოსახლეობა, მათგან >3 პროცენტს აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკი ან ამავე სისტემის, უკვე დიაგნოსტირებული დაავადება. საჭიროების მქონე 10-დან მხოლოდ 3 ადამიანი იღებს ექიმის კონსულტაციასა და მედიკამენტებს გულის შეტევისა და ინსულტის პროფილაქტიკის მიზნით. ჯამში, შრომისუნარიანი ადამიანების 92 პროცენტს აქვს ავადობის ერთი ან მეტი რისკ ფაქტორი, ხოლო 36 პროცენტს - სამი ან მეტი, რაც თავის მხრივ განპირობებულია არაერთი პრობლემით საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკაში, პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია ამბულატორიულ მომსახურებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჯანდაცვის სისტემაში პრიორიტეტად ქცევა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ არაერთი თვეა მუშაობს ჯანდაცვის სისტემის ხედვასა და მისი რეფორმირების გზებზე, იკვლევს მტკიცებულებებს, აწარმოებს კონსულტაციებს, როგორც დარგის ექსპერტებთან, ასევე სექტორის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებთან, რათა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს სისტემის ორგანიზებაში არსებული პრობლემები და პრიორიტეტად დასახოს, სწორედ დაავადებების პროფილაქტიკა, მათი საწყის ეტაპზე დიაგნოსტირება, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობა, შესაბამისად, ხელი შეუწყოს ადამიანების შრომისუნარიანობის შენარჩუნებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას, სწორედ ისე, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია.

ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ არა მხოლოდ დაავადების მქონე ადამიანების მკურნალობაზე, არამედ იმაზე, რომ არ გახდნენ ავად, ადრეულ ეტაპზე მოხდეს მათი დიაგნოსტირება და სათანადო მკურნალობის მიღებაც.

ჩვენმა გუნდმა გააანალიზა ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები და გამოკვეთა მათი მოგვარებისა და გაუმჯობესების გზები:

● ხელმისაწვდომობა - არასრულფასოვანი პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განსაკუთრებით რეგიონებში - მთელ რიგ სერვისებთან მიმართებაში, მათ შორის, სასწრაფო, გადაუდებელი დახმარების და რეფერალის (დროული გადამისამართების) ნაწილში (მაგ.რეანიმობილით გადაყვანა).
● პირველადი ჯანდაცვის ობიექტების ინფრასტრუქტურული გაუმართაობა, ამავე რგოლის მედ-პერსონალის მკვეთრი სიმცირე.
● არასრულფასოვანი პრევენციული მედიცინა.
● ონკოლოგიური დაავადებების მართვის უსისტემობა.
● ბაზისურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.
● არასაკმარისი რაოდენობით კვალიფიციური მედპერსონალი.
● თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამო სამედიცინო განათლების სისტემა, როგორც საბაკალავრო, ისე პოსტდიპლომური, უწყვეტი, განათლების ნაწილში.
● საგანგებო სიტუაციებზე და კრიზისებზე რეაგირების არასრულფასოვნება.

ჩვენი ხედვა ეფუძნება არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას, სადაც მკაფიოდაა იდენტიფიცირებული ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემები. ასევე, გათვალისწინებულია დღევანდელ დღემდე დაგროვებული, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გამოცდილება. სწორედ ამაზე დაყრდნობით ხედვა მიმართულია, პირველ რიგში - პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებისკენ, რაც განაპირობებს ჯანდაცვის სისტემის ორიენტირებას მოქალაქეზე, მის ჯანმრთელობაზე, დაავადებების პრევენციაზე, შესაბამისად, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებაზე, ადამიანების შრომისუნარიანობის რაც შეიძლება მეტი ხნით შენარჩუნებაზე.

ჩვენი მიზანია, ვიზრუნოთ არა მხოლოდ დაავადების მქონე ადამიანების მკურნალობაზე, არამედ იმაზე, რომ არ გახდნენ ავად, რაც განაპირობებს ჯანმრთელ, ხანგრძლივ, დღეგრძელ სიცოცხლეს და ქვეყნისთვის ეკონომიკური დოვლათის შემქმნელ უფრო დიდ პოპულაციას.

4 პრიორიტეტული მიზანი:

1. პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება - დაფინანსების და ხელმისაწვდომობის ზრდა
· პირველადი ჯანდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება და შემდგომი, ეტაპობრივი ზრდა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიით არსებული ამბულატორიების სტანდარტებთან (მათ შორის შშმ პირებისთვის ადაპტირებული) შესაბამისობაში მოყვანა, პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალის შრომითი პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესება, რათა საბოლოოდ მიღწეულ იქნას ევროპული სტანდარტი.
· პრევენციულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა: მოზრდილთათვის საბაზისო მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდა, პედიატრიული ასაკის პაციენტებისთვის, 5 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, პედიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტების დაფინანსება წელიწადში ორჯერ.
· ეროვნული სკრინინგ პროგრამის გაფართოება, მართვის გაუმჯობესება და ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც განაპირობებს:
· სკრინინგ პროგრამის ეფექტურობის გაზრდას,
· უზრუნველყოფს კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებას,
· შეამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს,
· შეამცირებს მკურნალობისთვის განკუთვნილ ფინანსურ დანახარჯებს.
· საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებზე რეაგირების სამსახურის რეფორმა- აღჭურვა, წვრთნა, ტრენინგი (აქ მოვიაზრებთ ისრაელის ტრენერებს, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით). ასევე, სპეც. სამედიცინო შვეულმფრენი, დატრენინგებული პერსონალით, საჭიროებისამებრ, როგორც მაღალმთიანი რეგიონებისთვის, ასევე, მძიმე პაციენტის სწრაფი ტრანსპორტირებისთვის, ჯანდაცვის შესაბამის რგოლში.

2. ონკოლოგიური დაავადებების მართვის გაუმჯობესება
· დაფინანსების ეტაპობრივი ზრდა, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ტაქტიკის განმსაზღვრელი, ძვირადღირებული კვლევების და პროცედურების დაფინანსება (მაგ.: გენეტიკური კვლევა, ქემოპორტის ჩაყენება, და ა.შ.)
· თანამედროვე ონკოპრეპარატების სპექტრის ეტაპობრივი გაფართოება და ხელმისაწვდომობის გაზრდა
· დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგის დაფინანსება (ონკოლოგის კონსულტაცია, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები)
· ტკივილის მართვის, პალიატიური და შინ მოვლის სერვისების განვითარება. ეს უკანასკნელი, მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მსგავსი საჭიროების მქონე, სხვა ჯგუფის პაციენტებისთვისაც.

3. სამედიცინო განათლების რეფორმა
· ექთნების განათლება - როგორც საბაკალავრო, ასევე პროფესიული პროგრამების სრული დაფინანსება (ეტაპობრივად გადასვლა 2024-2028 წწ) და დარგის პოპულარიზაცია სახელმწიფოს მხრიდან.
· სარეზიდენტო პროგრამებისთვის გადასახადის გაუქმება, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ მიმართულებებში (ოჯახის ექიმი) ანაზღაურებადი რეზიდენტურა.
· პროფესიული ასოციაციების გაძლიერება - სამედიცინო პერსონალისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველსაყოფად. საზღვარგარეთ ლიცენზირებული ქართველი ექიმებისთვის ადგილობრივი ლიცენზიების ავტომატურად გადაცემა, რაც გამოყენებულ იქნება როგორც საგანმანათლებლო, ასევე პრაქტიკულ საქმიანობაში.
· BLS საყოველთაო პროგრამების დაფინანსება - განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგები როგორც ვიწრო, პროფესიულ ჯგუფებში, ასევე, სკოლებსა ან/და უნივერსიტეტებში.

4. კერძო სადაზღვევო სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა
· დარგის რგოლებთან, მათ შორის სადაზღვევო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობა
· პირველ ეტაპზე საყოველთაო ჯანდაცვის საბაზისო პაკეტებზე კერძო სადაზღვევო სისტემების დაშენების უფლება, გაფართოება და აღნიშნული მიმართულების განვითარება
· ეკონომიკის განვითარებასთან ერთად სამუშაო ადგილების ზრდა, მასთან ერთად დასაქმებულთა დაზღვევა
· საბოლოოდ, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მხოლოდ მცირე ჯგუფების მართვის შენარჩუნება, ჯანდაცვის პოლიტიკასა და მართვაზე აქცენტირება.

2024 წლის არჩევნების, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, მნიშვნელოვნად დაჩქარდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, სადაც ჯანმრთელობაში ჩადებული ფული ინვესტიციაა! პარალელურად, გვექნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად - ზემოაღნიშნულიც ხელშესახები, თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.

ჩვენ ვიცით, რომ ჯანმრთელობა სწორედ ის სიკეთეა, რომელიც გვაახლოებს კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან.

ჩვენ ვიცით, როგორ ვიზრუნოთ და ჩვენ ეს შეგვიძლია.

თენგიზ თევზაძე: ამ არჩევნებზე დასრულდება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ გამარჯვება წაგვართვეს

დევნილთა პრობლემების მოგვარება და გადაჭრის გზები | სოფია გოლეთიანი

„გამარჯვება გარდაუვალია, თუ იქნება მოსახლეობის მაღალი აქტივობა“ | თემურ გორგაძე