photo

„გამარჯვება გარდაუვალია, თუ იქნება მოსახლეობის მაღალი აქტივობა“ | თემურ გორგაძე

- ბატონო თემურ, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ გამოირჩევა მკაფიოდ გამოხატული ეკონომიკური ხედვებით, ამიტომ დავიწყოთ ამ შეკითხვით - რა აფერხებს აჭარის ეკონომიკურ განვითარებას და რა არის გამოსავალი?

- აჭარის ეკონომიკის განვითარების 99% დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. თუ ქვეყნის ეკონომიკა იქნება განუვითარებელი, ცალკე აჭარის ეკონომიკის რაიმე სერიოზული განვითარება არის ნონსენსი. ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის, რომ მოვახდინოთ საკანონმდებლო ცვლილება და შედარებით დავწიოთ. გადასახადის ის ნაწილი, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკაში რჩება. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა გადასახადები იყოს დაბალი, მოქალაქეების ჯიბიდან ნაკლები უნდა დაიხარჯოს და ამასთანავე, მთავრობას ნაკლები ფული დარჩეს სახარჯოდ. მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, საკუთარ ჯიბეში დატოვებული ფული რაში დახარჯონ. ესაა ეკონომიკის სწორი განვითარება. დაბალი გადასახადები, სწორი და სანდო სამართლებრივი სისტემა - ეკონომიკის განვითარების ორი უმთავრესი ფაქტორია.

- როგორ გეგმავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უმუშევრობის შემცირებას?

- ვინც ამბობს, რომ მთავრობამ სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, ის ტყუის. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არც მთავრობის და არც პოლიტიკოსების საქმე არაა. მათი საქმეა, შექმნან სწორი სამართლებრივი სისტემა, რომელშიც ყველა ინვესტორი თავს დაცულად იგრძნობს. ასევე უნდა შეამცირონ საგადასახადო წნეხი. ეს და სხვა დამატებითი ფაქტორებიც გამოიწვევს ბიზნესის განვითარებას და შეიქმნება სამუშაო ადგილები. სხვა ნებისმიერი გზა ან დაპირება შეგნებული სიცრუე ან უვიცობაა. სამუშაო ადგილების შექმნა კერძო ბიზნესის საქმეა, ხოლო ბიზნესის განვითარებისთვის საჭიროა ორი მთავარი რამ: სწორი და სანდო სამართლებრივი სისტემა, სადაც ნებისმიერი ბიზნესი თავს იგრძნობს დაცულად და დაბალი საგადასახადო წნეხი.

- რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას საიმისოდ, რომ არჩევნებზე მოპოვებული გამარჯვება გაიფორმოს?

- ხშირად ამ კითხვას არასწორად სვამენ... კითხვა ის კი არაა, ოპოზიცია არჩევნებზე გაიმარჯვებს თუ ვერა (ზუსტად ვიცი, რომ გაიმარჯვებს), არამედ უკვე დამდგარ შედეგს ოპოზიცია თუ გაიფორმებს. იმისათვის, რომ ოპოზიციამ არჩევნებზე მოპოვებული გამარჯვება გაიფორმოს, პირველი და უმთავრესი არის მოსახლეობის მაღალი აქტივობა. თუ იქნება მაღალი აქტივობა, შეუძლებელია რამემ უშველოს ბიძინას. მეორე და უმთავრესი არის საარჩევნო უბნებზე და უბნებს გარეთაც ბევრი ხალხის ყოფნა. საარჩევნო უბნის შიგნით მდგომარეობაზე ოპტიმისტური განწყობით ვარ, რადგან გვყავს ბევრი დატრენინგებული და კვალიფიციური კადრი, თუმცა, ასევე საჭიროა უბნების მიმდებარედაც იყოს ოპოზიციურად განწყობილი ბევრი ადამიანი, რათა რუსულ რეჟიმს აზრად არ მოუვიდეს იმ უბნების ჩაშლა, რომელშიც იცის, რომ აგებს. ამისთვის ჩვენს კოალიციას გვაქვს კამპანია „მიეცი ხმა და დარჩი უბანზე“. საარჩევნო უბანთან ოპოზიციურად განწყობილი ბევრი ადამიანის ყოფნა ნიშნავს იმას, რომ უბანზე სიმართლე იზეიმებს და იქ არ არის შავებში ჩაცმული სახედაჭიმული მოძველბიჭო ელემენტების ადგილი. საყურადღებოა ერთი ფაქტორიც: თუკი დამარცხების მიუხედავად რუსი ბორინკა შეეცდება, შემაჯამებელ ოქმში თავისთვის სასურველი შედეგი საკუთარი ხელით დაწეროს, ოპოზიცია მტკიცედ დაიცავს შედეგებს და თითოეულ ხმას, რასაც ზურგს გაუმაგრებს მთელი ცივილური სამყარო - გაყალბებული არჩევნების შედეგს არ ცნობს არც ერთი ნორმალური საერთაშორისო ინსტიტუტი არც ევროპაში, არც ამერიკაში, არც დასავლეთში და არც აღმოსავლეთში (ჩრდილოეთის გარდა, რა თქმა უნდა).

- რას გააკეთებთ იმისთვის, რომ სამუშაოს მაძებარი ახალგაზრდები რეგიონს და ქვეყანას არ ტოვებდნენ?

- ახალგაზრდების მიერ ქვეყნის დატოვების ბევრი მიზეზია, მათ შორის, სიღარიბე და გაჭირვება, თუმცა ბევრმა ქვეყანა დატოვა უპერსპექტივობის გამო. ახალგაზრდების გადინება მინიმუმზე დავა, თუკი ჩვენ გვექნება სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ნორმალური, სამართლებრივი ქვეყანა.

- რა იქნება პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რასაც, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგენთ?

- დიდი და საინტერესო სამუშაო გეგმა მაქვს, თუმცა, პირველ რიგში კოალიციაში, შემდეგ კი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში შევეცდები, გავიტანო საკითხი, რომლითაც შემცირდება გადასახადის ის ნაწილი, რაც ავტონომიურ რესპუბლიკაში რჩება.

- როგორ აპირებთ სიღარიბის შემცირებას და სოციალური თანასწორობის დამყარებას?

- სიღარიბის აღმოფხვრა გრძელვადიანი, მაგრამ საკმაოდ რეალური პროცესია. ამისათვის წლებია, ჩემს პარტიას აქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკაში დამუხრუჭებული აქტივების ჩართვას. დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული აქტივები (ტყეები, მიწები, წიაღისეული და ა.შ.) მთავრობის საკუთრებაშია, მათი დიდი ნაწილი დამუხრუჭებულია და არაა ეკონომიკაში ჩართული. პირობითად: თუ ქვეყანაში გვაქვს 100 ლარის სიმდიდრე, 65 ლარი დაკონსერვებულია და მხოლოდ 35 ლარია ეკონომიკაში ჩართული. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დღეს ჰგავს 4 საბურავიან ავტომანქანას, რომლის 3 საბურავი დამუხრუჭებულია და მხოლოდ 1 ცდილობს ავტომანქანის ამოძრავებას, თუ დამუხრუჭებულ 3 საბურავს ავუშვებთ, მანქანა ბევრჯერ უფრო სწრაფად წავა წინ, ვიდრე მიდის.

- რას შეცვლის კოალიციური მმართველობა?

- გამორიცხულია, ჩვენისთანა ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა ბოლოს ერთპიროვნულში არ გადაიზარდოს. ერთპიროვნულ მმართველობას კი მივყავართ იქ, სადაც მივიდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და მიშა სააკაშვილის მთავრობა. კოალიციური მმართველობის სისტემა კი ნიშნავს ბევრი სხვადასხვა მოსაზრების, იდეისა და იდეოლოგიის პოლიტიკოსების საერთო მიზნისკენ სვლას, ერთმანეთის კონტროლს, ერთმანეთისთვის „ვოჩდოგის“ ფუნქციის განხორციელებას... კოალიციური მმართველობა ნიშნავს ერთმანეთის კონტროლს და ერთმანეთის შეცდომების სააშკარაოზე გამოტანას. კოალიციური მმართველობისა და ერთპარტიული მმართველობის შედარება დაახლოებით ასე შეგვიძლია: ერთპარტიული მმართველობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთი პურის საცხობია, რომელიც თავისი ხუშტურით ადგენს პურის ფასსაც და ხარისხსაც, ხოლო კოალიციური მმართველობა ნიშნავს კონკურენციას პურის ცხობაში. როგორ შეიძლება ბევრი საცხობის არსებობა უკეთესი არ იყოს, ვიდრე ერთი საცხობის?

- რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ჯენზიმ?

- მე ჯერ ამ კითხვას პირიქით დავსვამდი, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი სხვას ვინმემ და არა ჩემს პარტიას? ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს სხვა რომელიმე პარტია, რომელსაც უფრო კარგად ესმის ჯენზის, ვიდრე ჩემს პარტიას (გირჩი - მ.თ.)? ჩვენ ვართ პარტია (მგონი ერთადერთი), რომელიც წლებია ვითხოვთ როგორც პასიური, ასევე აქტიური საარჩევნო ასაკის დაწევას. ჩვენ ვართ პარტია, რომელიც სხვა კლასიკური პარტიებისგან განსხვავებით, ხალხს ვპირდებით არა იმას, რაც მას მოსწონს, არამედ იმას - რაც სწორია. აქციებმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ ამ თაობას შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, სიმართლისთვის ბრძოლა და პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მომავალზე.

- როგორ ხედავთ აჭარის სამომავლო ტურისტულ პერსპექტივას?

- ტურიზმის სფერო მხოლოდ ბათუმსა და ზღვაზე არ უნდა იყოს მიბმული. ჩვენ უნდა განვავითაროთ როგორც ბათუმი, ასევე მაღალმთიანი აჭარა და ტურისტს უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის არჩევანი. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. ბათუმიდან ახალციხისა და ბახმაროს მიმართულებით გზა უნდა იყოს კომფორტული. ბათუმი, ბეშუმის გავლით, ახალციხე ახალქალაქს უნდა დაუკავშირდეს ჩქაროსნული გზით. ასევე, ბათუმი, მაღალმთიანი აჭარის გავლით, ბახმაროს უნდა დაუკავშირდეს ჩქაროსნული მაგისტრალით. ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ტურიზმის განვითარების რეალური პერსპექტივა. ახლა უბრალოდ ყველაფერი მორგებული გვაქვს ზღვაზე და მხოლოდ ზღვაზე ჩამოსულ ადამიანებს ვთავაზობთ ტურისტულ სერვისს. საგულისხმოა, რომ ქალაქი გეტოდ გვაქვს გადაქცეული და ბათუმში შემოსვლა-გასვლა ცალკე წამებაა. ასეთ სიტუაციაში შიდა ტურიზმის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია. ტურიზმი არის ადამიანის კომფორტზე მორგებული სფერო და თუკი ადამიანს ქალაქში შემოსვლისას უკვე აწამებ, გამორიცხულია ტურიზმზე ისაუბრო. თუკი, დამარცხების მიუხედავად, რუსი ბორინკა შეეცდება, შემაჯამებელ ოქმში თავისთვის სასურველი შედეგი საკუთარი ხელით დაწეროს, ოპოზიცია მტკიცედ დაიცავს შედეგებს და თითოეულ ხმას, რასაც ზურგს გაუმაგრებს მთელი ცივილური სამყარო.

„ჩვენს კოალიციას შესწევს ძალა, კასპი წარმატებულ მუნიციპალიტეტად აქციოს“ | გიორგი შარიფაშვილი

„გურიაში ჩიგოგიძის და თალაკვაძის ერთმმართველობაა“ | მამუკა გოგუაძე

რა სურს ახალგაზრდობას? რუსული კანონის პროტესტიდან - არჩევნებამდე | გიორგი ფაჩუაშვილი