photo

რუსული ჰიბრიდული ომის თავსატეხი | გიორგი ბუტიკაშვილი

იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს რუსული ჰიბრიდული ომი, გადავინაცვლოთ შორეულ წარსულში და შევხედოთ დიდ სურათს. მაგალითად, ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ დედამიწა ბრტყელი იყო. ასევე ძველ ინდოეთში დედამიწას წარმოიდგენდნენ ნახევარსფეროდ, რომელიც ოთხ სპილოზე იდგა. გარე სამყარო ეგვიპტელებისთვის წარმოადგენდა ბრტყელ ხმელეთს, რომლის თავზეც ზეცის ღმერთი იყო. ხოლო, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ – მზის ღმერთის ხომალდები იყო მოთავსებული. მოკლედ რომ ვთქვათ, უძველეს დროში საზოგადოება შეთანხმებული იყო და აღიარებდა კონკრეტულ რწმენა-წარმოდგენას, რომელიც მათი დაკვირვებით, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენდა და ყოველი საპირისპირო აზრი ან მტკიცებულება საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავდა.

ასე შეეწირა 1600 წელს ჯორდანო ბრუნო იმის მტკიცებას, რომ სამყარო უსასრულოა და დედამიწა არა სტატიკური, არამედ მუდმივად ცვალებადი ორგანიზმია. კათოლიკურმა ეკლესიამ ჯორდანო ბრუნოს დააბრალა ერეტიკოსობა და კოცონზე დაწვა. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე სასულიერო ელიტას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. რელიგიური ტრადიცია მათ საშუალებას აძლევდა გაეცათ ინდულგენციები, იგივე ეკლესიის მიერ სასყიდლით გაცემული ცოდვების მიმტევებელი სიგელები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებაზე გაბატონებული კლასი ცდილობა ხალხი დაერწმუნებინა იმ სიმართლეში, რომელიც მათ ძალაუფლებას კიდევ უფრო განუმტკიცებდა. თუმცა სამყაროს განვითარებასთან ერთად, იცვლებოდა კომუნიკაციის წყაროებიც და ინფორმაციამ არა მხოლოდ წიგნებით და პროკლამაციებით დაიწყო გავრცელება, არამედ გაჩნდა გაზეთები, ჟურნალები, უკვე მოგვიანებით კი რადიო, ტელევიზია და ინტერნეტი. აღნიშნულმა ცვლილებმა კიდევ უფრო დააჩქარა ინფორმაციის მიმოცვლა და ადამიანის გონება კიდევ უფრო დაუცველი გახდა, რაც ჯერ საბჭოთა კავშირმა, შემდეგ კი მისმა მემკვიდრე რუსულმა რეჟიმმა ეტაპობრივად ფართომასშტაბიან იარაღად გადააქცია.

მაგალითად, ერთ-ერთი რუსი სამხედრო თეორეტიკოსის, ევგენი მესნერის თქმით, სეკულარიზმმა და ლიბერალიზმმა, ადამიანის უფლებების წინა პლანზე წამოწევამ და მექანიზაციამ, ურბანიზაციამ და დეკოლონიზაციამ, ხალხის აქტიურმა მონაწილეობამ პოლიტიკურ პროცესებში და საერთაშორისო ინსტიტუტების გამოჩენამ, კაცობრიობის პროგრესს შეუწყო ხელი. თუმცა, მათ ასევე შექმნეს შესაძლებლობები მოწინააღმდეგის პოლიტიკური ნების შესუსტებისთვის, რაც გამოიხატება მოსახლეობის გონებაზე ზემოქმედებით. თუ წინა ომებში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ტერიტორიის დაპყრობა ითვლებოდა, დღეიდან, მოწინააღმდეგის სულის დამორჩილებაა ცენტრალური მიზანი.

მესნერის აზრით, პროპაგანდა წარმოადგენს ერთ-ერთ ძლევამოსილ ინსტრუმენტს, რომელმაც შესაძლოა სხვადასხვა ფორმა შეიძინოს; „პროპაგანდა სიტყვით“, რომელიც მოიცავს რადიოს, ოფიციალურ სიტყვით გამოსვლებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფილმებს და პუბლიკაციებს და „პროპაგანდა ქმედებით“, რომლის ძირითადი ღირებულება ზემოაღნიშნული წყაროების ქმედებისთვის გამოყენებაა, ისეთი ქმედებისთვის, რომელსაც ექნება ფსიქოლოგიური ზეგავლენა საზოგადოებაზე.

ვინაიდან თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში, სადაც შესაძლებელია იცხოვრო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, მაგრამ ამავდროულად ინტერნეტის მეშვეობით ლექციას დაესწრო გერმანიის უნივერსიტეტში და ჩინეთიდან გამოგზავნილი ამანათი მიიღო სახლის კართან ისე, რომ იტალიური პიცაც არ დაგეწვას ღუმელში, მარტივია დავასკვნათ, რომ ევგენი მესნერის საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მეთოდებმა და შესაძლებლობებმა უსაზღვროდ დიდი გავლენა მოიპოვა.

მაგრამ მაინც როგორ ხდება საზოგადოების გულზე და გონებაზე კონტროლის მოპოვება?

ადამიანი 21-ე საუკუნეში გლობალური ქსელის ნაწილად იქცა, თუმცა ისიც ცხადია, რომ იგი აღნიშნულ რთულად მოწყობილ სამყაროში ყველა ქსელის მონაწილე ერთდროულად ვერ იქნება. ის გლობალურ სივრცეში გადასაადგილებლად იყენებს ძირითადად იმ სოციალურ ქსელებს, იმ რწმენა-წარმოდგენებს და ცოდნის მარაგს, რამაც მასზე, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებაზე, მოახდინა გავლენა. ინდივიდის ფორმირებაზე კი შეიძლება იმოქმედოს უამრავმა ფაქტორმა, მათ შორის იმან, თუ როგორ ოჯახში აღიზარდა, სად სწავლობდა, როგორი მეგობრები ჰყავდა, როგორი სოციალური კავშირები ჩამოუყალიბდა ამ დროის მანძილზე და რამდენად ახდენენ ეს კავშირები მის მსოფლმხედველობაზე ზეგავლენას. შესაბამისად, სოციალური ქსელები იძენენ ერთგვარ ძალაუფლებრივ ბერკეტს, მათ შეუძლიათ მართონ საზოგადოებრივი ურთიერთობები და ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოების ფორმაციაზე, შექმნან ერთგვარი საზოგადოებრივი დისკურსები და აქციონ ისინი თანამედროვე ეპოქის სიმართლედ, ანდა ჭეშმარიტებად. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ერთ დღესაც საზოგადოება შეთანხმდება, რომ ვაშლი არც წითელია, არც მწვანე და არც ყვითელი, არამედ ლურჯი, მაშინ მივიღებთ ახალ „სიმართლეს“ - ვაშლი ლურჯია, მაგრამ ვიქნებით კი მართლები? თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება, თუკი ვაშლის სილურჯეს ყველა ირწმუნებს.

სწორედ ასე ცდილობს რუსეთი სხვადასხვა სოციალური კავშირითა და ქსელით სწორედ ისეთი ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოების საზოგადოებებზე, როგორიც მნიშვნელოვანია მისი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად. მაგალითად, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ დასავლეთთან ინტეგრაციით ქართველი ერი დაკარგავს ქართულ იდენტობას და რომ საქართველოს სუვერენიტეტს შეექმნება საფრთხე. რაც უფრო მეტი ადამიანი დაიჯერებს აღნიშნულ დებულებას, მით უფრო მარტივი იქნება ქართული პოლიტიკური ელიტისთვის, რომ ჩამოშორდეს დასავლეთს. უდასავლეთოდ მარტოდ დარჩენილი საქართველო კი რუსეთის პოლიტიკური გავლენისთვის ერთი ლუკმაა, ისე, რომ ტანკების აგუგუნებაც არ დასჭირდება. რუსი სამხედრო თეორეტიკოსის, სერგეი რასტორგუევი სწორედ ამას გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ მტერი ისე უნდა გაწვრთნა ინფორმაციული მანიპულაციებით, დეზინფორმაციით და ტყუილებით, რომ საკუთარი ნებით დათმოს საკუთარი ჯავშანი.

როგორ ხდება ისე, რომ გაუთვითცნობიერებლად შეგვიძლია დავთმოთ საკუთარი ჯავშანი?

2015 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევში მოქმედი რუსული „გორჩაკოვის ფონდი“ დახურა სტუდენტებში რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო. საქართველოში ,,გორჩაკოვის ფონდის” პარტნიორი ორგანიზაცია - ,,პრიმაკოვის ფონდი“ 2013 წლიდან თავისუფლად მუშაობს. მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოება, ევრაზიული კავშირის პოპულარიზება საზოგადოებაში და ნატო-ს საწინააღმდეგო კამპანია. გარდა ამისა, აღნიშნულ ნარატივებს ავრცელებს პარტია ,,პატრიოტთა ალიანსი”, ასევე ,,ნაციონალისტური დაჯგუფებები” - ,,ქართული მარში“ და პარტია ,,ერთობა, რაობა, იმედი“. პარტიის ლიდერი, ლევან ვასაძე, აქტიურად თანამშრომლობას რუს ფილოსოფოსთან და ქსელური ომის თეორიის ავტორთან, ალექსანდრე დუგინთან, რომელიც 2008 წელს ტანკებით შემოსვლას ითხოვდა თბილისში. საქართველო დუგინის აღქმაში არც პროდასავლური უნდა იყოს და არც პრორუსული. საქართველომ პროქართული კურსით უნდა გააგრძელოს პოლიტიკურ არენაზე მოღვაწეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველო მარტო უნდა დარჩეს რუსეთთან. აღნიშნულ დისკურსში ხშირად შემოდის ანტითურქული და თურქოფობიური ნარატივებიც, რომლებიც თურქეთს წარმოაჩენს ოკუპანტად და საქართველოს გამუსლიმების საფრთხედ. აღნიშნულ ნარატივს მკვლევრები ცრუ დილემებს უწოდებენ. ცრუ დილემის მთავარი ამოცანაა მთავარი პრობლემის გაბუნდოვანება და საზოგადოების ყურადღების გადატანა გამოგონილ საფრთხეებზე. ასევე 2021 წლის ზაფხულის დასაწყისში, ნატოს სამიტის წინ, როგორც ღიად, ასევე შეფარულად გააქტიურდნენ პრორუსული, კრემლთან დაკავშირებული, ულტრანაციონალისტური და ანტიდასავლური აქტორები, რომლებიც სხვადასხვა დისკურსის მეშვეობით ცდილობდნენ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას და საქართველოს სთავაზობდნენ უსაფრთხოების ალტერნატიულ, კერძოდ, ნეიტრალიტეტის თემებით გაჯერებულ დისკურსებს. სინამდვილეში კი, ყველაფერი მარტივად არის: საქართველოს არჩევანი უდგას რუსულ ჭაობსა და ევროპულ კეთილდღეობას შორის, რუსულ სიბნელესა და ევროპულ სინათლეს შორის. რუსული რეჟიმი კი ცდილობს ისე შეგვაშინოს, რომ საერთოდ სხვა გამოგონილ პრობლემებზე ვიმსჯელოთ და დავკარგოთ ნამდვილი მეგობრები, დავრჩეთ მარტო მტერთან, რომელიც აუცილებლად გადაგვყლაპავს.

და მაინც, რა არის რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი მიზანი?

რუსული თანამედროვე ომი ორიენტირებულია ძირითადად არასამხედრო მეთოდების გამოყენებაზე და საზოგადოების აზრის მანიპულაციისთვის იყენებს სხვადასხვა ქსელს.

რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური მიზანი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები საკუთარ ორბიტაზე დააბრუნოს და საბჭოთა კავშირის ერთგვარი რეინკარნაცია მოახდინოს, გაცხადებულია ასევე მათ საგარეო პოლიტიკურ განცხადებებში და იკითხება რუსულ თანამედროვე სამხედრო თეორიებშიც.

ბრძოლის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის გონება, ემოცია და ამ ემოციებით მანიპულაცია. ამდენად, რუსული ჰიბრიდული ომი შესაძლოა განისაზღვროს, როგორც ომის წარმოების მრავალგანზომილებიანი, ყოვლისმომცველი და არატრადიციული მეთოდების ერთობლიობა, რომლის მთავარი მიზანია ომსა და მშვიდობას, მოკავშირესა და მოწინააღმდეგეს, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებს შორის გამყოფი ხაზის გაბუნდოვანება. შედეგად, არ არსებობს ომის ოფიციალური გამოცხადება და ფორმალური სამშვიდობო შეთანხმებები.

როგორ დავიცვათ თავი რუსული იმპერიალისტური საფრთხეებისგან?

- გავაძლიეროთ ჩვენი ჯავშანი: სინამდვილეში კი, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს ერთადერთი და ყველაზე საიმედო ჯავშანი.

დასავლეთი საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლაში გვერდით უნდა დაუდგეს | ნიკა გვარამია

ბოდიში, რუსულ ხომალდზე გაგვიანდებათ… | ნუგზარ წიკლაური

დასავლეთი საქართველოს დემოკრატიისთვის ბრძოლაში გვერდით უნდა დაუდგეს | ნიკა გვარამია