photo

ბოდიში, რუსულ ხომალდზე გაგვიანდებათ… | ნუგზარ წიკლაური

„ეს თამამი განცხადებაა“ - ასე შეაფასა კრემლის ერთმა მარიონეტმა კოკოითმა მეორე მარიონეტის - ივანიშვილის ინიციატივა ოსებისათვის ბოდიშის მოხდის შესახებ...

არის რაღაც ღიმილისმგვრელი, როცა მონები ერთმანეთს სითამამეს უქებენ. მაგრამ, როგორც კი გახსენდება, რომ ამ კრემლისგან წაქეზებული „მარიონეტული სითამამის“ მიღმა შენი ქვეყნის მოუშუშებელი ტკივილები, წართმეული მიწები, დანგრეული სოფლები, დახოცილი გმირები, შეურაცხყოფილი და მშობლიური კერებიდან აყრილი ადამიანები არიან, ღიმილის ნაცვლად სიბრაზე და სიმწარე გიპყრობს; იქვე სხვა ბოდიშის სურვილი და აუცილებლობა ჩნდება - ნამდვილი ბოდიშის მოხდის მოვალეობა ჩვენი გმირების წინაშე, - ამდენ ხანს რომ დავუშვით იმ ძალის ხელისუფლებაში ყოფნა, რომელსაც თვით კოკოითიც კი აგდებითა და მუქარით ელაპარაკება, სტრატეგიული პარტნიორები ხელს აღარ ართმევენ, ხოლო კრემლის პროპაგანდისგან ხოტბის მორევში იძირებიან...

ივანიშვილის ამ მოღალატურ მესიჯს თავისებურად გამოეხმაურა ყველა მხარე- უცხოელი მეგობრები კიდევ ერთხელ გაოგნდნენ, სეპარატისტებს სხვის ჭამაში მადა მოუვიდათ და - „ბოდიშის მოხდა საკმარისი არ იქნებაო, საქართველომ უნდა ცნოს სამხრეთ ოსეთი, ქართველები საერთაშორისო დამნაშავეები არიან და უნდა გასამართლდნენ, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს მშვიდობისა და საბრძოლო მოქმედებების შესახებ საჭირო შეთანხმებას, დაგვიბრუნოს თრუსოსა და გუდოს ხეობები და ზარალიც აგვინაზღაუროსო“ ... კრემლის რიტორიკას პაპუაშვილმა გაასწრო - მსხვერპლი ვართ ორივე - ოსებიც და ქართველებიცო, მაგრამ ტოლობის ნიშანი თავისებურად ჩაასწორა- ომის დამნაშავეები, რომლებიც ქართველებს აწამებდნენ, არ წარმოადგენენ ოს ხალხს, ისევე, როგორც ქართული მთავრობა არ წარმოადგენდა ქართველ ხალხსო... როგორც ნიკო ლორთქიფანიძე იტყოდა, „ყველაზე განათლებულმა, მაგრამ ყველაზე ტუტუცმა“ ქოცმა კი - წინა ხელისუფლებას ომი რომ არ დაეწყო, გმირები სერთოდ არ გაჩნდებოდნენო ... ქაქუცა ჩოლოყაშვილს რომ თავისუფლება არ სდომებოდა, ბრძოლაც არ იქნებოდაო, მარო მაყაშვილს რომ ქვეყანაზე არ ედარდა, ხომ იცოცხლებდაო და ასე უსასრულოდ მოუყვება უტიფრობა ამ თორმეტ წელიწადს. ამ ნარატივის დამკვიდრება უპატიებელია და ივანიშვილი „რაღაც მანქანებით“ ვეღარ უნდა დარჩეს ხელისუფლების სათავეში!

ივანიშვილის ბოდიშის ინიციატივამ სრულიად საქართველო აღაშფოთა. სოციალური ქსელები ლამის წალეკა საპროტესტო შინაარსის გამოხმაურებებმა... „ანუ რა გამოვიდა, ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ და აგრესორების ომში იბრძოდა?- დაწერა თეო წილოსანმა, საქართველოს გმირის, ემზარ წილოსანის მეუღლემ. „სოფიო არასოდეს მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ მას მამა, რომელიც სამშობლოს იცავდა, 2 წლის ასაკში მოუკლეს- ეს მიხეილ ცერცვაძის ცოლის, ნინო ფსუტურის სიტყვებია.., „ბოდიში, შმაგი, ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის -„ ასე მიმართა გმირულად დაღუპულ მეუღლეს თეა ტაბატაძემ… გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ გმირის წამების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და „ბოდიში, გიორგიო“ - დაწერა.

ივანიშვილის ბოდიში, როგორც მოსალოდნელი იყო, დაუყოვნებლივ შეაქო მოსკოვმა - „საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა - დაწერა მარგარიტა სიმონიანმა... ამ ცინიკურ ფრაზაში ყველაზე მეტად ერთი სიტყვა ჭრის ყურს - განსაცვიფრებლად... დიახ, კრემლის პროპაგანდისტებსაც კი უკვირთ საქართველოსგან ასეთი „ადეკვატურობა“. ამ ხნის განმავლობაში მსგავსი ინიციატივის შეთავაზება მგონი პუტინსაც არ გაუბედავს ქართველებისთვის, (მხოლოდ მედვედევს შეეძლო წამოეყრანტალებინა, ისიც, სიმთვრალეში). ივანიშვილმა კი გაბედა. მართალია, აკვარიუმიდან, მაგრამ მაინც... და უხარია ქალბატონ მარგარიტას, უყვარს რუსს „ადეკვატური“ ქართველი, რომელიც საკუთარი ქვეყნის ოკუპაციასაც, საკუთარი ხალხის ხოცვასაც საკუთარ თავზე იღებს და საკუთარი მოქალაქეების გასამართლებას აპირებს, რომელიც „როზგქვეშაა გატარებული“... ჰო, დიდი ხანია, არ უნახავს რუსეთს ასეთი საქართველო. 90-იანი წლებიდან მოყოლებული სულ ყელში ეჩხირება და ფეხებში ედება ეს პატარა ქვეყანა მის უკეთურ განზრახვებს… ამიტომ იყო, რომ სხვა მარიონეტიც მოუვლენია 90-იან წლებში ამ ქვეყანაში, მაგრამ შევარდნაძემაც კი იცოდა, რომელ იარაზე არ უნდა დაეყარა ქართველისათვის მარილი... ეს კი ადგა და პირდაპირ გამოგვიცხადა - ჯერ ქვეყნის დამცველ ქართველებს გავასამართლებთ და მერე- ბოდიშიო...

ეს ბოდიში ყველაზე საბედისწერო შეცდომაა, რომელიც მარიონეტმა დიქტატორმა თავისი მმართველობის პერიოდში დაუშვა... უმეცრებს მოსდით ამგვარი შეცდომები. საერთოდ არ უნდა იცნობდე საკუთარი ხალხის ბუნებას, ეს რომ უთხრა აკვარიუმიდან მომზირალმა და თან ხმა მომეციო- დააყოლო.„ომისაცა უმეცარ“ ვაჭრუკანებს არაფერი გაეგებათ გმირობის, ქვეყნისთვის დაღვრილი სისხლის, არ იციან იმ ადამიანების ტკივილებისა, რომლებსაც დაკარგულ მიწაზე დაბრუნების ოცნება აძლებინებთ და ავად რომ ხდებიან, ვაითუ, აფხაზეთში, ჩემს სახლის ნახვას ვერ მოვესწროო,-მხოლოდ ამისი ეშინიათ. ქოცისთვის იოლია ბოდიშის მოხდა, რადგან თვით ბოდიშიც არაფერს ნიშნავს მისთვის. ერთი რაღაც სიტყვაა - როცა დაგჭირდება მოიხდი, როცა დაგჭირდება - გადაიხდი....

ყველას გემახსოვრებათ ერთი ეპიზოდი: ეგ რას ნიშნავსო- გაკვირვებულმა იკითხა ერთხელ ივანიშვილმა პიჯაკზე დამაგრებულ წითელ ყაყაჩოზე ... კი აუხსნეს, რასაც ნიშნავდა, მაგრამ იქვე იგრძნობოდა, ვერაფერი გაიგო... სახეზე ეწერა - ეს, რა ყაყაჩო, რა წითელი ყვავილი... რაღაცა „გლობალური ომის პარტიის“ ხალხის ხრიკი იქნებაო... და საერთოდ, პიჯაკზე რა უნდა ყვავილსო - ფიქრობდა, ალბათ, შეხვედრის მერეც....(ტიციანისა და მიხაკის ამბავს, აბა, ვინ მოუყვებოდა)... ეს ამბავი მგონი, 2012-ში მოხდა: მაშინ, ივანიშვილი რომ რუსული პროექტი იყო, ბევრს ისეთივე სისულელე ეგონა, როგორც ივანიშვილს - გულზე გმირების ხსოვნის ნიშნად მიმაგრებული წითელი ყაყაჩო. ხშირად ასეთ , ერთი შეხედვით უმნიშვნელო ეპიზოდებში ჩანს ადამიანის დამოკიდებულება ფასეულობებისადმი, ქვეყნისადმი, მოვლენებისადმი... ივანიშვილის დამოკიდებულებაც ჩანდა მაშინვე. ჩანდა კი არა, იმ წითელი ყაყაჩოსავით ბრდღვიალებდა... მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. თორმეტი წლის წინ ვითომ სიმბოლიკაში ვერ ერკვეოდა, ახლა კი - 2024 წლის 14 სექტემბერს გორში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა: „26 აგვისტოს არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით ჩვენს თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად „მოღალატე საქართველოს მთავრობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“....

მმართველ რეჟიმს აღმოაჩნდა იშვითი უნარი, ყველაზე ლამაზი, კარგი სიტყვები გააუფასუროს და შეაძულოს ადამიანებს... გავა წლები, მაგრამ კიდევ დიდხანს უსიამოვნოდ გაგვაჟრჟოლებს ამ სიტყვების გაგონებაზე: ოცნება, იმედი, მშვიდობა, ღირსება, მადლობა ... ახლა კიდევ ბოდიში... დაბომბილ გორში უნდა თქმულიყო ალბათ ეს სიტყვები, რათა ყველას ბოლომდე დაენახა და ეგრძნო რუსული ცინიზმი და სისასტიკე.. კოლბა არ გასკდა, მაგრამ ყაყაჩო მიწაში ჩაძვრა სირცხვილით და ჩაწერილი ტაშიც ჩაიკარგა ქართველთა სიბრაზეში.

მარიონეტი ვაჭრუკანები ზუსტად იქ მოცურდებიან, ხოლმე, სადაც არ ელოდებიან... გაკოტრებულსა და გაშიშვლებულ ხელისუფლებას აღარაფერი დარჩა ხალხთან სასაუბროდ, გარდა „ცარიელ მშვიდობისა“ და რადგან ეგონა, ყველაზე წარმატებული მესიჯი მოიფიქრა წინასაარჩევნოდ, ბოლომდე მიჰყვა უკულტურობის, სიბნელის, უტაქტობის, უზნეობის გზას და რამდენიმე დღის წინ სამარცხვინო ბანერები გამოფინა - სცადა მეგობარი ქვეყნის ტრაგედია საკუთარი პრიმიტიული საარჩევნო კამპანიის ნაწილად ექცია- თბილისის ქუჩებში გამოჩნდა КГБ სტამბაში დაბადებული ბანერი, რომლიდანაც რუსი ოკუპანტების მიერ მიწასთან გასწორებული უკრაინული ეკლესია და ქართული სამების ტაძარი გადმოგვყურებს. პრიმიტიული პროპაგანდა მარტო პროპაგანდისტის პრიმიტიულობას კი არ წარმოაჩენს, არამედ უფრო იმას, თუ რა წარმოდგენა აქვს ივანიშვილს ქართულ საზოგადოებაზე, რომლის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს, რომელსაც სულ რაღაცას პირდება და რომელთა მოტყუებითაც სულიერ სიმშვიდეს აღწევს. ეს ასეა: ზვიად გამსახურდიასთვის იყო ხალხის მოტყუება დანაშაული, თორემ ივანიშვილისთვის ცხოვრების არსი ფლიდობა გახლავთ...

26 ოქტომბრის არჩევნებზე ამ შეურაცხყოფასაც უნდა გავცეთ პასუხი! მართალია, ოცნებამ ყველა ხაზი დიდი ხანია გადაკვეთა, მაგრამ ამ ბოლო ბოდიშით უკვე პირდაპირ ჩვენი გმირების საფლავებზე გადაიარა რუსული ჩექმით... 26 ოქტომბერი ამ შეურაცხყოფაზე პასუხის დღეცაა… ისეთი დღეა - გამარჯვებას რომ ეკადრება.

სამშობლო, ღირსება, მშვიდობიანი ცხოვრების გარანტია, თავისუფლება, მეგობრები, განვითარების ისტორიული გზა, დაკარგული სიტყვები - ყველაფერი ერთად უნდა დავიბრუნოთ! ძნელია, მაგრამ მოვახერხებთ, ტყუილად არ ამბობს ვაჟა-ფშაველა, საქმიან კაცს ოცნებისთვის არა სცალიან და არც ოცნებას აქვს რამე ხელი იმასთანო..!

ბოდიში, მაგრამ არც ქართველ ხალხთან აქვს საერთო „ოცნებას“ - ეს არის სათქმელი 26 ოქტომბერს.

დევნილების და დეოკუპაციის პრობლემის გადაჭრა ჩვენი კოალიციის უპირველესი პრიორიტეტია | სოფო გოლეთიანი

ოლიგარქის შემოდგომა | ნუგზარ წიკლაური

„კოალიციური მმართველობა ჯანსაღი პოლიტიკის კულტურას დაამკვიდრებს“ | ლევან გორგილაძე