photo

დევნილებში გაჩნდა ფრთხილი რწმენა | თეიმურაზ პაპასქირი

- „კოალიციაში ცვლილებისთვის“ ბევრი აფხაზეთიდან დევნილი ხართ და თქვენზე უკეთ არავინ იცის დევნილების პრობლემები.

- სანამ დეოკუპაცია მოხდება, პირველი რიგის ამოცანაა, რომ დევნილებს ჰქონდეთ ნორმალური საცხოვრებელი პირობები, რასაც 30-წლიანი დევნილობის განმავლობაში ვერ მიაღწიეს. სამწუხაროდ, დღეს 50 ათი ათასამდე ოჯახი, ცოტა მეტიც კი, არ არის ნორმალურ პირობებში. ზოგს ბინა საერთოდ არ აქვს გადაცემული, ზოგი კი ცხოვრებისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარ ფართებს აფარებს თავს. ამ თვის განმავლობაში ჩვენი კოალიციის წევრები ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ვიყავით დევნილებთან. ზოგან ისეთი სავალალო მდგომარეობა დაგვხვდა, ჩემთვის ამოუხსნელია, ადამიანი იქ როგორ შეიძლება ცხოვრობდეს - მაგალითად, აბსოლუტურად მოშლილი კანალიზაცია, ვნახეთ ოთახები, სადაც კედლებზე მთლიანად სოკოა მოდებული, რაც ჯანმრთელობისთვის სრულიად დაუშვებელია, და არის კიდეც ერთ-ერთი ასეთი ოჯახის წევრი ბავშვი, ამის გამო, ფილტვებით დაავადებული. ზუგდიდის რეგიონში დასახლებული დევნილები განსაკუთრებით მძიმე პირობებში არიან. აი ამ ადამიანებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნაა ჩვენი ამოცანა, რასაც გამარჯვების შემდეგ მთელ ჩვენ ენერგიას მოვახმართ. ეს, რასაკვირველია, მოხდება ევროკავშირის დაფინანსებით, რომელიც ყოველთვის მზად იყო და აფინანსებდა კიდეც ამ პროექტს, თუმცა სად წავიდა ის თანხები, რაც დევნილებზე უნდა დახარჯულიყო, საკითხავი ეს არის.

- ომის დროს სოხუმში ცხოვრობდით?

- სკოლა დამთავრების შემდეგ პირველი წელი სოხუმის უნივერსიტეტში ვისწავლე. როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო, არ წამოვსულვართ, სანამ გაუსაძლისი პირობები არ შეგვექმნა. შემდეგ მშობლებმა წამოგვიყვანეს. მამაჩემი თავად შტაბში ჩაეწერა - ლეიტენანტი იყო, შემდეგ კაპიტნის წოდება მიიღო და ომის განმავლობაში ჩემი მშობლები იქ იყვნენ; მამა ტყვედაც ჩავარდა და წითელი ჯვრის დიდი ძალისხმევით გამოიხსნეს. ასი დღე გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში - აფხაზებს ის დაკავებული ჰყავდათ ერთა შორის შუღლის გაღვივების ბრალდებით. მანამდე ბედნიერი ცხოვრება გვქონდა. 1989 წლამდე ჩვენი ყოფა ჩვეულებრივად მიედინებოდა. ივლისის ამბების შემდეგ დაიძაბა ვითარება. მანამდე მეზობლებთან, სკოლელებთან ნორმალური, ადამიანური დამოკიდებულება გვქონდა. ჩვენი სკოლა ქართული და რუსული სექტორებისგან შედგებოდა; აფხაზები ძირითადად რუსულ სექტორში სწავლობდნენ, ბევრი ქართველიც სწავლობდა და მართლა არ მახსენდება, რაიმე განსაკუთრებულად კონფლიქტური მომხდარიყო. ფეხბურთს ვთამაშობდით ჩვეულებრივად - გუნდებში ვნაწილდებოდით უნარების მიხედვით, არასდროს გავყოფილვართ ქართველებად და აფხაზებად და ერთმანეთს ამ ნიშნით არ შევჯიბრებივართ. ყოველთვის შერეული შემადგენლობა იყო, როგორც თავად სოხუმი - ინტერნაციონალური. 1989 წლის გაზაფხულიდან დაიწყო დაძაბულობა - ჯერ უნივერსიტეტის გაყოფა, გუნდის გაყოფა, თეატრის გაყოფა. ფეხბურთის გუნდი, მაგალითად, 1990 წელს გაიყო, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილიყო ცალკე ჩემპიონატი, სწორედ ამის შედეგ გაიყო სოხუმის „ცხუმი“, რომელიც ამ ქალაქის სიმბოლო იყო და ნამდვილი გამაერთიანებელი მოვლენა იყო ჩვენთვის. ეს იყო ეროვნულობის სიმბოლო, რომლის ხელმძღვანელი გურამ გაბისკირია შემდეგ ქალაქის მერი გახდა. „ცხუმის“ თამაშებს ყოველთვის აფხაზებიც ესწრებოდნენ, რადგან წარმატებული გუნდი იყო და გულშემატკივრობდნენ. საქართველოს თასის პირველ გათამაშებაში „ცხუმი“ ფინალშიც თამაშობდა, ომამდე ბოლო ჩემპიონატში მეორე ადგილი და ევროთასებზე თამაშის უფლებაც მოიპოვა, თუმცა იმ წელს საერთოდ გაგვიუქმეს ევროთასებზე თამაშის უფლება. ვინ იცის, „ცხუმი“ რომ არ დაშლილიყო, იქნებ ომიც კი არ დაწყებულიყო. აი ის თასის მფლობელთა თასის თამაში რომ შემდგარიყო, არავინ იცის, რა მოხდებოდა - ხომ ვნახეთ, როგორი გამაერთიანებელი ძალა აქვს ფეხბურთს, გამარჯვების სიხარულს.

- აფხაზებსაც მძიმე დღეები დაუდგათ...

- რაც შორიდან ჩანს, სინამდვილეშიც დაახლოებით ის არის. აფხაზეთში ამ 30 წლის განმავლობაში არავითარი განვითარება და პროგრესი არ მომხდარა. სწავლება რუსულ ენაზე აქვთ, არავითარი აფხაზური ენის განვითარება, გაფრთხილება არ არსებობს. ვითომ ხომ ამისთვის იბრძოდნენ, არადა აფხაზური ენის სახელმძღვანელოები რეალურად თბილისში იწერება და არა - სოხუმში. ისედაც გარუსების გზაზე დამდგარი ეს ხალხი კიდევ უფრო მეტად დგას დღეს გარუსების გზაზე. ახალგაზრდებს აქვთ ნარკოტიკებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. სამუშაო ადგილები პრაქტიკულად არ არსებობს - რუსეთიდან მიღებული მწირი დახმარების და ტურისტების ხარჯზე ცხოვრობენ; ოღონდ რუსი ტურისტები მუდმივად ძალიან უკმაყოფილოები არიან აფხაზეთში მოგზაურობით, რაც უსაფრთხო სულაც არ არის - ხშირია ქურდობა, ყაჩაღობა, და ეს ვერ კონტროლდება, როგორც გაჭირვებას ახასიათებს. აფხაზეთში რეალურად ექსტრემალური ტურიზმია - იქ, სადაც რუსეთის კონსული და მისი ცოლი მოკლეს, სხვას რისი იმედი უნდა ჰქონდეს. ანუ ტურისტი იქ ექსტრემალური მოგზაურობისთვის არის განწირული - შეიძლება გაუმართლოს და არაფერი დაემართოს, ან შეიძლება არ გაუმართლოს. აი, ეს ხდება.

- ამდენი ხნის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება საბოდიშოდ ემზადება.

- ეს ბოდიში უკიდურესად მიუღებელია აფხაზეთის და სამაჩაბლოს დევნილებისთვის. ბოდიში ბოლოდროინდელი ამბავია, მაგრამ დევნილებს შორის მანამდეც ძალიან განსხვავებული განწყობა იყო ხელისუფლების მიმართ. დევნილები ყოველთვის გაცილებით ოპოზიციურად განწყობილი ფენა იყო, დღეს კი განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა - ოპოზიციურად განწყობილი დევნილების შეფარდება დაახლოებით 5/1-თან არის მთავრობის მომხრეებთან შედარებით. მე არ შემხვედრია ბოლო დღეებში არც ერთი დევნილი ადამიანი, რომელიც ამ ბოდიშის მოხდას ამართლებს, მათ შორის არც მთავრობის მომხრეებში. როგორც ერთი, ყველა აღშფოთებულია ამ ბოდიშით. რამდენიმე ისეთიც ვნახე, რომელიც სწორედ ამ ბოდიშმა გააწბილა საბოლოოდ „ქართული ოცნებისადმი“ და მათი მხარდაჭერა გადააფიქრებინა. რაც შეეხება მომავლის იმედს - თავად დევნილი ვარ და არ მიჭირს ამ ადამიანების ადგილას თავის წარმოდგენა - 31 წელიწადს რომ ელოდები დაბრუნებას, არანაირი დაპირება რომ არ შეგისრულდა, რასაკვირველია, მათ შორის გულგატეხილობაც მაღალია და ნიჰილიზმიც. არ სჯერათ, რომ დაბრუნება ეღირსებათ, ფიქრობენ, რომ ამას თავად უკვე ვეღარ მოესწრებიან და ა. შ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის ომმა და რუსეთის უძლეველობის მითის შერყევამ ამ ადამიანებშიც გააღვიძა ფრთხილი რწმენა, რომ მათი ოცნება არც ისე წარმოუდგენელია. ახლა ამას კიდევ ევროკავშირის პერსპექტივაც ემატება, რომელიც ეკონომიკურად გაგვაძლიერებს და ეს ორივე ფაქტორი ერთად უკვე პირდაპირ უკავშირდება დევნილების ყოველდღიურობის და შორეული ნატვრების მოგვარებას. და ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამაც ზუსტად ამ მიდგომას ითვალისწინებს. მართლაც, რეალური შანსი გაჩნდა, რომ რუსეთმა კავკასია დატოვოს. მისი უკრაინაში მარცხი უდავოდ გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას რუსეთის შიგნით, რომელსაც ადრე თუ გვიან მოჰყვება აფეთქება ჩრდილოეთ კავკასიაში, რის შედეგადაც რუსეთი იძულებული გახდება, კავკასიიდან გავიდეს. შესაბამისად, ჩვენ ამას კარგ ფორმაში უნდა დავხვდეთ - ნორმალური ხელისუფლებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც უზარმაზარ პრივილეგიას გვაძლევს. როგორც კი ეს ორივე ფაქტორი ერთად იქნება - ის, რომ ევროკავშირის ძლიერი ეკონომიკის ნაწილი გავხდებით და კავკასიაში რუსეთი აღარ იქნება, დიდი ალბათობით, ეს პრობლემა სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვარდება. მცირე დაბრკოლებები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ომად ვერ გადაიქცევა. პატარა ერებისთვის დამახასიათებელი განუმეორებლობის და ყველაზე უკეთესად თავის აღქმის სინდრომი აფხაზებს განსაკუთრებულად აქვთ განვითარებული, სწორედ ამიტომ გამოიწვია მათი მიწის რუსების მიერ მისაკუთრებამ ასეთი პროტესტის განცდა. ეს მესაკუთრული დამოკიდებულება ადვილად გადასალახი არც ჩვენთვის იქნება, თუმცა ეკონომიკური პერსპექტივა და ევროკავშირის პასპორტი მაინც უმრავლესობას დააფიქრებს. ახლაც ვიცი ბევრი ადამიანი, რომელმაც ქართული პასპორტი აიღო ევროპაში მოგზაურობისთვის და იმ კარჩაკეტილობისგან თავის დასახსნელად, რაც დღეს იქ სუფევს. ახალი თაობის იმედი მეტად გვაქვს ხოლმე, მაგრამ მაინც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რას ასწავლიან მათ ამ წლების განმავლობაში. ალბათ ისეთი რამ უნდა მოხდეს, რომ მათ ერთბაშად გადააფასონ ყველაფერი და დარწმუნდნენ იმაში, რომ რაც აქამდე ეგონათ, ეს ყველაფერი ტყუილია. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ არც შეუძლებელია.

საქართველოს ევროპელი პარტნიორების უახლესი შეფასებები | მარიამ მიქიაშვილი

ფულს შოულობენ ყველგან და ყველაფერში | დავით მჟავანაძე და ბესიკ დონაძე

რუსეთის ბრძოლა საქართველოს ეკლესიასთან | ივანე წერეთელი, ნინო კვიტაიშვილი