photo

დევნილების და დეოკუპაციის პრობლემის გადაჭრა ჩვენი კოალიციის უპირველესი პრიორიტეტია | სოფო გოლეთიანი

- ძნელია დევნილობა?

- ხშირად ბევრს მითი ჰგონია, როდესაც აფხაზეთიდან დევნილები ვამბობთ, რომ იქ ძალიან კარგად ვცხოვრობდით; არადა, ეს გულწრფელად ასე იყო. მართალია, ყველა კერძო სახლში ვერ ცხოვრობდა - კორპუსებიც იყო, მაგრამ აფხაზეთი მაინც პატარა კერძო სახლებით გამოოირჩევა. აქ იყო ულამაზესი ეზოები და მართლა მადლიანი მიწა, სადაც, როგორც იტყვიან, უკუღმა გადაგდებული მარცვალიც გაიხარებდა. ვერ წარმოიდგენთ, რა სუნი იდგა ამ ეგზოტიკური ყვავილების და მცენარეების. ხომ იცით, სუნი მახსოვრობასთან როგორცაა დაკავშირებული, ყველაზე ძლიერად. ერთხელ ასეთივე სუნი ვაშინგტონის ბოტანიკურ ბაღში დავიჭირე (ჩემი ძმა ვაშინგტონში დასახლდა და იქ ცხოვრობს). ამიტომ, ძალიან კარგად მესმის იმ დევნილების გულის ტკივილი, რომლებიც ამას ვერ ივიწყებენ და დღემდე, 31 წლის შემდეგაც, აქვთ პროტესტის გრძნობა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ მოვიარეთ თითქმის მთელი საქართველო. მანამდეც ვიცოდი, რომ დევნილების ძალიან დიდ ნაწილს უჭირდა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა - ვნახეთ როგორ ცხოვრობენ ადამიანები ცემენტის იატაკიან, სოკომოდებულ კედლებიან ოთახებში, სძინავთ ნესტიან ლოგინებში, რომელიც არასდროს შრება. ამას რომ ვხედავდით, მათ ჩვენთვის არც არაფრის თქმა აღარ სჭირდებოდათ. ტკივილი მხოლოდ ის ხომ არ არის, სახლ-კარს რომ დაკარგავ. მე ცოცხალი მაგალითი ვარ იმისა, რომ ჩემი ასაკის მიუხედავად (უკვე 47 წლის ვარ), ჩემთვის სოხუმი არ ყოფილა მხოლოდ ბინა. მართალია, სოხუმის საუკეთესო ადგილას, მუსიკალური სკოლის გვერდით ახალაშენებულ სახლში ოთხოთახიანი ბინა, სახლი და ეშერაში აგარაკი დავტოვეთ, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია; ტრაგედიაა ის, რომ იქ ჩვენ საფლავები დავტოვეთ. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც სოხუმში 35 წლის დედის საფლავი დატოვა და ბებია, რომელიც ეზოში დაკრძალეს, კუბოს გარეშე. წარმოიდგინეთ, ჩემნაირი რამდენია. თითოეული ჩვენგანის შინაარსი შედგება იქ არსებული რაღაცებისგან, რასაც დატოვებული საფლავები და მამა-პაპისეული სახლები ატარებენ. რაც უნდა წარმატებულები ვიყოთ აქ, ჩვენ არაფერი ვართ, თუ იქ არ დავბრუნდებით და ასეთი მთლიანობა არ შედგება. ახლა ისევ დღევანდელ პრობლემას დავუბრუნდები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დევნილის შემწეობა - 50 ლარი, რომელიც არასდროს, არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ გაზრდილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ბევრია სოციალურად დაუცველი ადამიანი და ბევრი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს ყველაზე მეტად აკლიათ, ყურადღებაა. არც ერთი ხელისუფლების დროს მათთან არავის დაუკაკუნებია და არ უკითხავთ, - როგორ ხართ? არადა, თუ მათ ესტუმრები, ისინი არასდროს წუწუნებენ ბევრს, თუ როგორ უჭირთ, მათ გამოაქვთ გადარჩენილი ალბომები და გიყვებიან თავიანთ ამბავს, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ საარსებო მინიმუმზე, სოციალურ პირობებზე ლაპარაკს. ეს იმხელა ტკივილია, ცრემელების გარეშე მოსმენა შეუძლებელია. არ შეიძლება ამან არ შეგძრას და თანაგრძნობით არ განგაწყოს. ზემო ეწერში ვნახე გალიდან ჩამოსული მარტოხელა მამა, რომელიც ორ პატარა ქალ-ვაჟს ზრდის, და მხოლოდ იმის გამო ჩამოვიდა, რომ მისმა შვილებმა ქართული ისწავლონ და ქართულად გაიზარდონ. მე, ყველაზე მცირე, რაც შემიძლია, ის არის, რომ ვეხუტები ხოლმე მათ მთელი გულით და ვეუბნები, რომ მისი გული ჩემ გულშიც ცემს. და მოკრძალებულად ვთხოვ, რომ თუ ისინი ნდობას გამომიცხადებენ, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ 4 ნომერს, მე მათ პირობას ვაძლევ, რომ ერთმანეთს უკანასკნელად არ ვხვდებით; ყველას ვაძლევ ჩემს სავიზიტო ბარათს. ტელეფონის ნომერი არასდროს შემიცვლია და მინდა, რომ თავისუფლად დამირეკონ, თავისუფლად მოვიდნენ ჩემთან, სადაც არ უნდა ვიყო. ხელისუფლებაში რომ ვიქნებით, მათ ყოველთვის უნდა მოესვლებოდეთ და არ უნდა არსებობდეს არანაირი ბარიერი, რომ ხმა მოგვაწვდინონ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო და ამ ადამიანებს თვალებში თამამად ჩავხედო. ჩვენ არ ვიძლევით ამაო დაპირებებს. ყველაზე ცოტა, რაც პირველივე წელს შეგვიძლია გავაკეთოთ, ის არის, რომ 50-ლარიანი დახმარება 100 ლარი გახდეს. და მეორე და ასევე აუცილებელი - ყველა დევნილის უზრუნველყოფა ადამიანური საცხოვრებელი პირობებით. ვინ იცის, რამდენი გრანტია გამოყოფილი ამისთვის ევროკავშირიდან. ევროკავშირი მკაფიოდ ამბობს, რომ ქვეყანას, რომელსაც ევროინტეგრაცია უნდა, არ უნდა ჰყავდეს ასეთ პირობებში დევნილები. ნების არსებობის შემთხვევაში ამის გაკეთება ძალიან. და არა ისე, ახლანდელი ხელისუფლება როგორც აკეთებს - კორუფციული სქემით, ერთსა და იმავე ადამიანებს აძლევენ ბინას, რომლებიც შემდეგ ყიდიან ამ ბინებს, ხეირობენ და, შესაბამისად, ხელისუფლებასთან გარიგებულები არიან. 12 ათასი დევნილის დასახლება არ არის მიუღწეველი მიზანი. თუ ხელისუფლებას უნდა, ყველაფერი შესაძლებელია და ამის ნება ჩვენ კოალიციაში არსებობს, რადგან ბევრმა დევნილმა მოვიყარეთ თავი.

- ნაწილობრივ მიამბეთ სოხუმზე. კიდევ რას გაიხსენებდით?

- ბავშვობა ადამიანს ყოველთვის ტკბილად ახსენდება. აი, გეტყვით, რა იყო ამ ქალაქის ნამდვილი დნმ - 9 საათისთვის დედა როდესაც სკოლისთვის მამზადებდა, პარალელურად, ეზოში დილის საერთო საუზმის მზადება მიმდინარეობდა. ჩვენს სამეზობლოში ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა - სომხები, ბერძნები, რუსები, უკრაინელები, აფხაზები, ქართველები და ამ სამეზობლოს ქალებს ჰქონდათ ერთობლივი დილის ყავის რიტუალი - როდესაც შვილებს სკოლებში გაუშვებდნენ, მორიგეობით, რომელიმე ერთ ეზოში იკრიბებოდნენ, ამისთვის წინა საღამოდან ემზადებოდნენ, აცხობდნენ ნამცხვარს, კრეფდნენ ხილს, ადუღებდნენ ყავას და იკრიბებოდნენ და თავიანთ ქალურ ამბებს უზიარებდნენ ერთმანეთს, ჩვეულებრივად მეგობრობდნენ. ეს იყო წმინდათა-წმინდა რიტუალი. ისევ ყნოსვას და მახსოვრობას რომ დავუბრუნდე, აღდგომა დგება თუ არა, მაშინვე მახსენედება სოხუმში, ცნობილი ბერძენი ქალის, ნოპი ბებოს ღუმელში გამომცხვარი პასკა. ითვლებოდა, რომ ეს იყო ყველაზე კარგი ღუმელი და ქალები რიგში დგებოდნენ. სოხუმელი ქალები ცომს სახლში ზელდნენ, ამზადებდნენ და შემდეგ ამ ნოპის ბებოს ღუმელში მიჰქონდათ გამოსაცხობად; ერთმანეთსაც ეჯიბრებოდნენ - ვისი უკეთესი იყო. კიდევ რუსთაველი, როდესაც გადაკეტილი არ არის ხოლმე აქციების გამო, და ფეხით მიმოსვლა შესაძლებელია, მაშინვე სოხუმის მთავარი ქუჩისკენ წამიღებს ხოლმე ფიქრები - აი, „ბერეგს“ რომ ვეძახდით. დიდი ტროტუარებით, გადაძახილ-გადმოძახილით, ცნობილი ქვიშაზე მოდუღებული ყავით, ნაყინი, გლასე, ტკბილი წყლები... და ბოლოს უკვე ჩემი ქალიშვილობის, სიკეკლუცის ასაკის ერთ-ერთი ტკბილი მოგონებაა ცნობილი კაფე „პინგვინი“, სადაც ბიჭები გოგონებს პაემანზე ეპატიჟებოდნენ, იქ იყო საოცარი ნაყინი, და მთელი სოხუმის ახალგაზრდობა იკრიბებოდა - სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები... კატერით „გონკაობა“ შატალოზე, რაც არ შეიძლებოდა და ამ აკრძალვის გამო კიდევ უფრო მეტი ჟინი ახლდა. ახლა ყველას ბევრი სხვა საზრუნავი გვაქვს - შვილები უნდა გაზარდო, ფეხზე დააყენო, ბევრი სხვა რამ და თავს უფლებას ხშირად არ აძლევ, რომ მოგონებებმა წაგიღოს. მაგრამ მაინც ყოველ საღამოს, ძილის წინ მუდმივად თვალწინ მიდგება ჩემი სახლის ხის ჭიშკარი და მის წინ მდგარი ლამპიონი, რომელიც სულ თვალს მიპაჭუნებს.

- დღეს რა ხდება თქვენს მშობლიურ ქალაქში?

- სამწუხაროდ, კონტაქტი არავისთან მაქვს. ერთადერთია ჩემი ბიძაშვილის მეუღლე, რომელიც რუსი ეროვნებისაა და აფხაზეთში ცხოვრობს. თავად, დიდი ხანია, არ მინახავს, თუმცა, პერიოდულად, ქალიშვილის და შვილიშვილის გამოგზავნას ახერხებს. როცა მათ ვუყურებ, ვხედავ, რომ ადაპტირდნენ, თითქოს ცხოვრებაც გაგრძელდა, მაგრამ აფხაზეთი ვერ განვითარდა, სადღაც საბჭოთა კავშირშია დარჩენილი. ამ ჩემი 30 წლის ნათესავი ქალის თქმით, აფხაზი ახალგაზრდობა, რომელიც საქართველოს ახალგაზრდების განვითარებას და უცხოეთში მიმოსვლას უყურებს, ფრთხილად ამბობს, რომ ხომ არ დადგა დრო, ისინიც რაღაცნაირად გახდნენ ამის ნაწილი. თუმცა, რასაკვირველია, ასე მკვეთრად და მკაფიოდ გაერთიანების აზრი არ დგას, მაგრამ ახალგაზრდებში ცოტა ბჟუტავს. ამას დრო სჭირდება აშკარად. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ბევრი ჩემნაირი ადამიანი გადადის აფხაზეთში - ეს შესაძლებელია, თუ ვინმე გყავს, თუ ვინმე თავმდებად დაგიდგება. მე მარტო ჩასვლის მეშინია - ვაი, რომ დედას საფლავს ვერ მივაგნო, სახლი რომ აღარ დამხვდეს, მთელი მეხსიერება წამეშლება და ძალიან მეშინია; ბებია(დედის დედა), როდესაც თბილისში ჩამოვიდა, ხელში დედაჩემის ის კაბა ეკავა, რომელიც მას ავარიის დღეს ეცვა. ბებია მალევე გარდაიცვალა გულით, მე კი ამ კაბას დღემდე ვინახავ - თითქოს ის არის ჩემი დამაკავშირებელი ყველაფერ იქაურთან და კარგთან; თუ ყველაფერი წამეშალა, ეს კაბა და ჩემი მეხსიერება ხომ დამრჩება, მაგრამ ჯერ მაინც ძალიან მეშინია; ოღონდ აუცილებლად ჩავალ ყველა ერთად როდესაც ჩავალთ, სხვა ძალას ვიგრძნობ, ჩემს პირად ტკივილზე ბევრად უფრო აღმატებულს - სამშობლოს დაბრუნების ძალას.

- მწარე რეალობაში უნდა დაგაბრუნოთ - ივანიშვილის ბოდიში...

- ამ ბოლო პერიოდში სამი ათასზე მეტ ადამიანს შევხვდი და განსაკუთრებით ბიძინას ბოდიშის შემდეგ ისეთი გაბრაზებულები არიან დევნილები, რომ კარის გაღებისთანავე გეუბნებიან, - ჩვენ არავისთვის გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ეს როგორ გვაკადრა. იმ ადამიანებისთვის, ვინც ორჭოფობდა, ნათელი გახდა, რომ ასეთი ხელისუფლება დაუშვებელია, გვყავდეს. და ბევრი გურამ გაბისკირიას ცნობილი სიტყვებით მეუბნებოდა - „სანამ ცოცხალი ვარ, არასდროს!“ რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამ საკითხთან დაკავშირებულ რაკურსს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოლიტიკური ძალა დევნილების, და ზოგადად დეოკუპაციის პრობლემას ყველაზე დიდ პრიორიტეტად დაისახავს, თუნდაც იმიტომ, რომ ამ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია თავად სოხუმიდან დევნილია. 9 პოლიტიკოსია ჩვენთან დევნილი. მე პირადად მანამდე ბიზნესში ვიყავი და ნიკამ თვითონ დამიძახა. მითხრა, - მოდი და გააკეთე, ვიცი, შენ ეს გინდა და შეგიძლია, მე ყველაფერში დაგეხმარებიო. და ჩემ თავს ვუთხარი, რომ ამაზე დიდს ჩემს ცხოვრებაში ალბათ ვერაფერს გავაკეთებ და ამიტომ დანარჩენების სულისკვეთების იმედიც მაქვს. რასაკვირველია, ევროკავშირისკენ სვლა და გაწევრიანება არის მთავარი გარანტი, და გვჯერა, რომ დეოკუპაციაც მოხდება და მანამდე დევნილები აქაც ამოისუნთქავენ. ამისთვის მართლა ყველაფერს გავაკეთებთ.

ელენე ხოშტარია: ხალხის მთავარი მოთხოვნაა: შეცვალეთ!

ცვლილება, რომელიც აუცილებელია | გიორგი ბუტიკაშვილი

რა სურს ახალგაზრდობას? რუსული კანონის პროტესტიდან - არჩევნებამდე | გიორგი ფაჩუაშვილი