„გურიაში ჩიგოგიძის და თალაკვაძის ერთმმართველობაა“ | მამუკა გოგუაძე
მამუკა გოგუაძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე: პოლიტიკაში ეროვნული მოძრაობის შემდეგ სულ ვარ. ახლა საარჩევნო პროცესშიც ჩავერთე.
- რა ხდება გურიაში, როგორია წინასაარჩევნო განწყობა?
- ბუნებრივი კატასტროფებთ არის ოზურგეთში შეშინებული ხალხი. მეწყრულმა პროცესებმა შიში დააჩქარეს. დაზიანებული სახლების შეკეთებაზე მხოლოდ ოცნების მხარდამჭერებს ეხმარებიან. ვინც იტყვის, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს, ჭერს არ გადაუხურავენ… ადრე თავად ვმუშაობდი სოფლის მერიის წარმომადგენლობაში, მაშინ სახლის სახურავები იმ შემთხვევაში კეთდებოდა, თუ ოჯახს გვერდში დგომა ესაჭიროებოდა, შეჭირვებული იყო, ან შემწეობა ჰქონდა. ახლა კეთდება მათთვის, ვინც სახელისუფლო პოზიციაზეა - მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა შემწეობა, სახლის სახურავებს ყველა პრივილეგირებული იღებს.
გურიაში უკიდურესი სიღარიბეა, ხალხი გაქცეულია. ჩემს ქუჩაზე ბავშვები ვერ ეტეოდნენ, იმდენი იყვნენ, ახლა აღარ არიან, წავიდნენ, დაიკეტა სახლები. ჩემს ახლო მონაკვეთში 10 ოჯახი ამერიკაში, გერმანიაში, წავიდა… გავიმარჯვებთ და დაბრუნდებიან, აქ ხომ პირობები არ არის, არც გარემო, ნიჭიერი ხალხი გარბის.
- ადგილობრივი თვითმმართველობა რამდენად არის განვითარებული, როგორ მუშაობს?
- ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩვენი რაიონი იყო თითმმართველ ქალაქებს შორის, რომელიც 2014 წელს „ოცნებამ“ დააანონსა, რასაც მივესალმებოდი. მხარს ვუჭერდი მაშინ, ჩემდა სამწუხაროდ. ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სოფლები გამოეყო ქალაქს და თქვენ წარმოიდგინეთ, სამი წლის შემდეგ, მეორე არჩევნებამდე საკრებულოს წევრებმა, ვინც ქალაქსა და თემში იყო, ერთხმად, ერთბაშად, თითქოს ღამე დაესიზმრათო, მოიწვიეს საკრებულოს სხდომა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თვითმმართველი ქალაქი ვერ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს და ამიტომ ის საჭირო აღარაა, რომ ასე უფრო გაკონტროლდება ყველაფერი და ათასი სისულელე. რა თქმა უნდა, ასეთი დირექტივა იყო ზემოდან, თვითმმართველობა გურიაში გააუქმეს. ახლა არის თალაკვაძის, ან ჩიგოგიძის ერთმმართველობა, მძვინვარებს კორუფცია.
თვითმმართველობა რომ იყოს, ვერ შეძლებდნენ ვერც ფულის გათეთრებას, ვერც გამოთეთრებას... ამიტომაც აღიზიანებთ.
- დასაქმებულია ხალხი?
- 29-30 პროცენტი, ძირითადად, სახელმწიფო სსიპ- ბსა და აიპ-ებშია დასაქმებული. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ - ებისა და აიპ-ების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ყველა რომ სამსახურში გამოცხადდეს, დასაჯდომი ადგილიც არ არის, სკამიც არ იქნება მაგდენი, არათუ ოთახი.
სკოლებში დასაქმებულებზე ინფორმაციას არც მოგცემენ, მაგრამ ასეა - არის 5 ელექტრიკოსი, მიმნათებელი (პირობითად), 4 მეგარდერობე, არაერთი ღამის დარაჯი.... გამოგონილი თანამდებობები აქვთ, ბაღებშიც ასეა... სასაფლაოზე ათი მესაფლავეა გაფორმებული და ნებისმიერ სასაფლაოზე რომ გახვიდე, ხალხი თვითონ აწესრიგებს ყველაფერს.
- არჩევნები ახლოსაა. რა განწყობებია ხალხში?
- ვინც აქ, ადგილზეა დარჩენილი, ყველა უნდა მოვიდეს. ვინც უცხოეთშია, უნდა გაიჭირვონ, დარეგისტრირდნენ და მივიდნენ ხმის მისაცემად. ემიგრანტების ხმა ძალიან მნიშვნელოვანია. გაყალბების პროცენტი ძალიან დაბალია. ოზურგეთში ყველას უნდა, მთავრობა შეიცვალოს და 26 ოქტომბერს, თითქმის ყველა ამომრჩეველი ოცნების საწინააღმდეგოდ გააფერადებს.