photo

„ჩვენსას მივაწვეთ“ | მირდატ ქამადაძე

- პოლიტიკაში 2014 წლიდან ვარ. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა არჩევნებში, მაშინ მივედი პარტიაში. მაშინვე ჩემთვის ნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ რეალურად არავითარ სისტემურ ცვლილებებს არ აპირებდა. ივანიშვილის სწორხაზოვანი განცხადებები დასაწყისშივე მიანიშნებდა, რომ რუსეთთან სხვაგვარი თამაშის მოლოდინები არსებობდა. გახსოვთ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც მან თქვა, საქართველო რუსეთსა და დასავლეთს შორის პრობლემად არ უნდა იქცესო. საბოლოო ჯამში, ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, ოპოზიციაში რომ მივსულიყავი. მანამდე ჩემმა პროფესიულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა სისტემაა. როდესაც ყველა ინსტიტუტი, დაწყებული მართლმსაჯულების, საკანანომდებლო, აღმასრულებლით, შეიძლება ერთი ადამიანის ხელში მოექცეს. ეს იყო ქვეყნის დამუხრუჭება, ეს იყო ჩემთვის მთავარი საფუძველი, რომ პოლიტიკაში მოვსულიყავი. ამიტომაც ვარ „ახლებში“.

- ერთი ადამიანი ახსენეთ, ერთი ადამიანის ხელში რომ არ ვიყოთ, რა კეთდება ამისთვის?

- ასეთი გამოთქმა გვაქვს, ასე ვამბობთ ხოლმე - ,,ჩვენსას მივაწვეთ’’ - ადამიანებს ძალა-უფლება უნდა მივცეთ, მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ ადგილზე გადაწყვეტილების მიღებაში. ცენტრიდან არავინ უნდა კარნახობდეს, თუ როგორ იცხოვრონ ადამიანებმა ამა თუ იმ ქალაქში თუ მუნიციპალიტეტში. პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანებმა თავად უნდა განსაზღვრონ, როგორი განათლების სისტემა ჰქონდეთ, ან ინფრასტრუქტურა როგორ იყოს მოწყობილი და ა.შ. დღეს ეს ყველაფერი არის ცენტრალიზებული - ჯანდაცვა იქნება ეს, განათლება, გარემოს დაცვა თუ ეკოლოგია... ადამიანები, რეალურად, გადაწყვეტილების მიღებაში ვერ მონაწილეობენ. შესაბამისად, ადამიანი ამ ქვეყანაში საჭიროა მხოლოდ პოლიტიკურად, არჩევნების დღეს, იმ კონკრეტულ დღეს, როდესაც მათ ხმა უნდა მისცენ. მთელი 364 დღის განმავლობაში, ყველა ხელისუფლება ცდილობს, იმ ერთ დღეს ადამიანებზე რაიმე სახით, ფორმით ზეგავლენა მოახდინოს. ასე ინარჩუნებენ ძალაუფლებას, რაც მგონია ყველაზე დიდი პრობლემაა.

- რა არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა?

- საზოგადოების მოთხოვნა არის და ყოველთვის იყო სისტემის შეცვლა, უბრალოდ, რაღაც ფორმით აქამდე ეს ვერ შევძელით. ხელისუფლებას ვცვლიდით დემოკრატიული გზებითაც, რევოლუციური გზითაც, სისხლიანი რევოლუციითაც, სამწუხაროდ, მაგრამ ვერასოდეს ვერ შევძელით, სისტემა შეგვეცვალა. დღეს არის ამის შანსი,

კოალიციური მთავრობა, პირველ რიგში, ამის მიმანიშნებელია. შანსია, ხალხმა დაინახოს და თავად აიღოს პასუხისმგებლობა, როგორ გარემოში იცხოვრებს. როგორი იქნება მის ირგვლივ უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, განათლების სისტემა, სპორტული თუ დასასვენებელი სკვერი და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაცხადებული პრორუსული პოლიტიკით ბევრი ამომრჩეველი დაკარგა. ქართულ საზოგადოებას სიძულვილის მეტს ვერაფერს სთავაზობს. არა მგონია, ასე გრძელვადიანად ქართულმა საზოგადოებამ სიძულვილში და ზიზღში იცხოვროს, მაშინ როდესაც მეორე მხარეს, რეალურად, დგას ევროპა, კოალიციური მმართველობა. საბოლოო ჯამში, ევროპა ხომ არ არის მხოლოდ გეოგრაფიული მდგომარეობა, ეს ხომ ცხოვრების წესია, მმართველობის წესია, როდესაც ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ იცხოვრონ. ეს ტექნიკურად როგორ უნდა აღსრულდეს, ამაზე ვრცლად შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა ქალაქის მაგალითზე.

- კონკრეტულად, ბათუმში რა შეიცვლება?

- ბათუმი მხოლოდ ლამაზი ქუჩები არ არის. უნდა შეიცვალოს ცხოვრების და მმართველობის წესი. საბოლოო ჯამში, ჩვენ პოლიტიკაში ეს გვაინტერესებს. ბათუმელების საქმე უნდა გადაწყვიტონ ბათუმელებმა ადგილზე, ანუ რეალური თვითმმართველობა გვჭირდება. როდესაც დეცენტრალიზაციაზე ვსაუბრობდით, ეს არის მთავარი ამოცანა. დანარჩენი სხვა ყველაფერი არის კოსმეტიკა - ნებისმიერი დაპირება, რომ გავზრდით პენსიებს და ა.შ. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პენსია გაიზარდოს, ამას ჭირდება ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური ზრდა რომ გვქონდეს, პირველ რიგში, სამართლიანი თამაშის წესებია საჭირო. თუ სამართლიანი წესრიგი არ გვაქვს ქვეყანაში, ეკონომიკური ზრდა ისეთი იქნება, როგორც ახლაა. ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცები კანონზე მაღლა თვლიან თავს და იპარავენ, სხვანაირად მიმართავენ ამ ეკონომიკურ ზრდას. ამას ვამბობთ ზუსტად: როდესაც ადამიანები ადგილზე იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ განკარგონ ბიუჯეტის ფული, არიან ჩართული საკუთარი ქალაქის, მუნიციპალიტეტის განვითარებაში, შესაძლებელია, მაქსიმალურად გავთავისუფლდეთ ბიუროკრატიისგან, გვქონდეს ნაკლები რეგულაციები, სამართლიანი თამაშის წესები. ჩვენი ხედვა გვაქვს მართლმსაჯულებაზე, ამაზე შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ. მთავარი ის არის, რომ ჩვენ, ბათუმელებს, ამ რეგიონის მოსახლეობას ვთავაზობთ ადგილზე გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. ჩვენ განვსაზღვრავთ საკუთარი ცხოვრების წესს. ჩვენი კოალიციის მხარდაჭერით, ბათუმელები მხარს დაუჭერენ დეცენტრალიზაციას.

- არჩევნების წინ ხშირია დაპირებები, შემდეგ პოლიტიკოსები ფანტომებივით ქრებიან...

- გეთანხმებით. დაპირებები რეალური უნდა იყოს. ამას აზღვევს პოლიტიკის საჯაროობა. ხშირად ასეთი წარმოდგენაა, რომ პოლიტიკოსები ერთს ესაუბრებიან ადამიანებს და კულისებში სხვა რაღაცებზე ლაგდებიან. ამას მოსახლეობა, შენი ამომრჩეველი უყურებს. რასაც ჰპირდები, ის მოლოდინი აქვს, ამ მოლოდინის გამო დაგიჭირა მხარი და შემდეგ კულისებში შეცვლა არ მოსულა. პოლიტიკაში ნებისმიერი პირობა თუ დაპირება იზღვევა მხოლოდ საჯაროობით, სხვა მექანიზმი არ არსებობს... ჩვენ ვამბობთ, პოლიტიკა უნდა იყოს ღია, საჯარო და გულწრფელი, რაც მეტწილად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს - ვიქნებით მდიდრები, ვიცხოვრებთ კარგად თუ ცუდად. შესაბამისად, ეს უნდა იმართებოდეს მართლა გულწრფელად იმიტომ, რომ ყველას გვინდა ამ ქვეყანაში კარგად ვიცხოვროთ.

- არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ან პირიქით, როგორ ფიქრობთ, დაპირისპირება იქნება?

- დარწმუნებული ვარ, შეხლა-შემოხლა არ იქნება. დაპირისპირება არის მაშინ, როცა ოპოზიცია იგებს მცირე უპირატესობით, ცოტა პროცენტით. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციის მიერ მოპოვებული ეს მცირე უპირატესობა წაიღოს. ხელისუფლებას ეს ხშირად გამოსდიოდა. მაგრამ, როცა ხელისუფლება არჩევნებს დიდი უპირატესობით აგებს, იქ შეხლა-შემოხლა გამორიცხულია. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყნის 75-80 პროცენტი ხელისუფლების წინააღმდეგ მისცემს ხმას. არ აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას - ხელისუფლების წინააღმდეგ ცვლილებებს დაუჭერს მხარს და 75:25 რომ იქნება, ამ დროს ხელისუფლება გაყალბებას ვეღარ იფიქრებს. 2012წელს, როდესაც დიდი უპირატესობით წააგო ხელისუფლებამ, იმ წუთებშივე პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა. შესაბამისად, ასე მოუწევს ახლაც ხელისუფლების გადაბარება, როცა დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ. ამდენად, ხელისუფლებას არანაირი შანსი არ ექნება. დარწმუნებული ვართ, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიციის უპირატესობა გაზრდილია.

- ძალიან ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე...

- ჩვენსას მივაწვეთ. თუ გვინდა, ვიცხოვროთ მართლა მდიდარ საზოგადოებაში, ვიყოთ თავისუფლები, გვქონდეს სამართლიანი წესრიგი, სახლში არ უნდა დავრჩეთ და გავაკეთოთ არჩევანი ევროპისკენ.

„მოუთმენლად ველოდებით 26 ოქტომბერს და დიდ გამარჯვებას“ | ამირან ლომთაძე

„ღალატს პასუხი 26 ოქტომბერს უნდა გავცეთ!“ | ვაჟა ცეცაძე

„ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა | მარიამ მიქიაშვილი