„ღალატს პასუხი 26 ოქტომბერს უნდა გავცეთ!“ | ვაჟა ცეცაძე
ონის მუნიციპალიტეტის „კოალიცია ცვლილებისთვის“ რეგიონული საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვაჟა ცეცაძე ომის ვეტერანია. საქართველოს შეიარაღებული ძალების ეგიდით არაერთ სამხედრო მისიაში მონაწილეობდა. ბოლოს რუს ოკუპანტებს უკრაინაში ებრძოდა. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან წამოსვლის შემდეგ, ბატონმა ვაჟამ პოლიტიკაში გადაინაცვლა და ამჟამად ოპოზიციურ ფლანგიდან ცდილობს, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს საბოლოო გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანოს.
- რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?
- ჩვენ, მეომრებს, გამძაფრებული გვაქვს პატრიოტიზმი. 2017 წელს, როდესაც მივხვდი, რომ ჩვენი სახელმწიფო უკან უკან მიდიოდა, გადავწყვიტე, გამოვსულიყავი შეიარაღებული ძალებიდან და პოლიტიკური ბრძოლა დამეწყო, რათა მოვიდეს ისეთი მთავრობა, რომელიც ქვეყანაზე იზრუნებს.
კოალიციაზე არჩევანი იმიტომ შევაჩერე, რომ ნიკა მელიასთან ერთად ვიდექი, ვიბრძოდი ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად. მე მომწონს ნიკას პოლიტიკური ხედვები და მიმაჩნია, რომ სწორი გზით მივდივართ.
- ამ სწორ გზაზე ყოველთვის არსებობს წინაღობათა მთელი ჯაჭვი, რომლის გადალახვა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
- ბუნებრივია, პრობლემები ყოველთვის არსებობს. არაფერი სპეციფიკური, უბრალოდ არიან ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ ვერ შეუგნიათ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მთელი სიმძიმე ჩვენი ქვეყნისთვის. მთელი მსოფლიო ალაპარაკდა მტრის სასარგებლოდ ბიძინა ივანიშვილის ჯაშუშობაზე, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი შეშინებულია.
ამიტომ ჩვენი შტაბის სამოქმედო გეგმა ასეთია: შემოვივლით სოფლებს კარდაკარ და ხალხს ავუხსნით, რომ არანაირი საშიშროება არ არის, რომ ქართული ოცნება გატეხილია და ჩვენი მოვალეობაა, კალმისტრით გადაარჩინონ ჩვენი ქვეყნის მომავალი.
- ჩანს, რომ წინასაარჩევნოდ საბრძოლო განწყობაზე ხართ.
- ჩვენი წინასაარჩევნო განწყობა ამაღლებული და საბრძოლოა. თუ სამშობლოს ჩემი ძალისხმეა დასჭირდება, მზად ვარ, გავიღო, წამითაც არ დავფიქრდები. ასე არიან ჩვენი გუნდის წევრებიც. ვიბრძოლებთ ბოლომდე. საარჩევნო ბრძოლა კი არჩევნებზე მისვლაა. არავინ უნდა დარჩეს სახლში.
- არავინ უნდა დარჩეს, ევინც მიგრაციას გადაურჩა, რაც ასე აქტუალურია მთელ საქართველოში.
- ემიგრაცია ძალიან დიდი პრობლემაა და ჩვენ თუ არჩევნებში ვერ გავიმარჯვებთ, მეც მომიწევს მიგრაციაში წასვლა, რადგან მე ვიბრძოდი უკრაინაში, რის გამოც მდევნიან. ჯერ უნდოდათ საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა, მერე დაკითხვები… ზოგადად, მუნიციპალიტეტის მაგალითზე გეტყვით. მუნიციპალიტეტი ძირითადად დაცლილია უიმედობის და უმუშევრობის გამო. ადამიანები ყოველგვარ სახსარს მოკლებულნი არიან. დასაქმებულია მხოლოდ ის ხალხი, ვინც საბიუჯეტო ორგანოებთან ახლოსაა. ხოლო, ვინც მათკენ არაა, მათთვის არ რჩება აქ ადგილი დასაქმებისთვის. ამიტომ გარბის ხალში ემიგრაციაში.
- და კორუფციული სქემების?
- რა თქმა უნდა. კონკრეტული სქემები არსებობს. კორუფციაა, როცა ერთი და იგივე ადამიანი ან კომპანია მუდმივად იგებს ტენდერებს.
- თქვენს პროგრამაშია რეგიონებისთვის რეალური, ევროპული დონის თვითმმართველობის მინიჭება.
- თუ ეს რეფორმები განხორციელდება და ხალხი დაიბრუნებს ყველა რესურსს, მათ შორის ტყეს, საძოვრებს, რომლებიც იმთავითვე მას ეკუთვნოდა. უკეთესი მომავლის რწმენა დაუბრუნდება და პირდაპირ გეტყვით, რომ რაჭველ კაცზე ბედნიერი არავინ იქნება. ისინი მიხვდებიან, შრომა უფრო მეტად დაფასდება, გაჩნდება რეალური შემოსავალი. ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრ რამეს გააკეთებენ. თითქმის მთელი მსოფლიო არის ბიო პროდუქტებზე გადასული. ჩვენი რეგიონი მაღალმთიანი რეგიონია და აქ უხვად მოვა ბიო პროდუქტები. უბრალოდ, გლეხს ხელშეწყობა სჭირდება იმისთვის, რომ საქმე წამოიწყოს.
დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ფერმა გაიხსნება, აშენდება ძალიან ბევრი კოტეჯი, სასტუმროები, ტურისტული ინფრასტრუქტურა. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ადგილობრივ ხელისუფლებას ექნება საშუალება, თვითონ განკარგოს თავისი მუნიციპალიტეტის სახსრები, გადაწყვიტოს პრობლემები თავისი რეგიონის ხალხთან ერთად და ამ საქმეში არ ჩაერიოს ვინმე უცხო - „კოსმოსიდან“.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩემი მუნიციპალიტეტის ხალხი ძალიან გააღიზიანა ბიძინა ივანიშვილის გორში ნათქვამმა სიტყვამ ოსებისა და აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ გვაქვს ულამაზესი სოფლები, რომლებიც საოკუპაციო ზოლთან ახლოსაა.
ჩვენ მიწა არავისთვის წაგვირთმევია, პირიქით, აქეთ გვართმევენ და ასეთ სიტუაციაში ბოდიშის მოხდა ყოვლად გაუგებარი საქციელია. ამას ძველი საქართველო არ მოითმენდა. მშვიდობა და შერიგება, რასაკვირველია, უნდა მოხდეს და მოხდება, მაგრამ ეს იმის ფასად არ უნდა განხორციელდეს, რომ მართალმა ხალხმა თავი დაიმციროს და აგრესორის წინაშე ბოდიში მოიხადოს.
შესაბამისად, ივანიშვილის ეს განცხადება უაღრესად უპასუხისმგებლო, მოღალატე0ბრივი და საშიშია. პირდაპირი მცდელობაა იმისა, რომ ხალხი შეაგუოს აზრს, რომ ჩვენ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება რუსეთის რომელიღაცა გუბერნიად გადავიქცეთ. ამას პასუხი 26 ოქტომბერს უნდა გავცეთ.