გურულებო, გსმენიათ გურიის რესპუბლიკის შესახებ? | ნინა გურიელი
საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე გურულები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქვეყნის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებით ეს გამოიხატა XX საუკუნის დასაწყისში, როცა რუსეთის იმპერიას რევოლუციურმა ძვრებმა და ქარტეხილებმა გადაუარა, ჩვენთანაც გაჩნდა რევოლუციური კერები. რუსეთში ამ პერიოდში კრასნოიარსკის, ლიუბოტინის, ნოვოროსიისკის, ჩიტას, სოჭის, ხოლო საქართველოში – ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდის და სხვა ე.წ. „რესპუბლიკები” შეიქმნა, რომელთაც სულ მცირე ხნით იარსებეს. მაგრამ მათ შორის არც ერთ რესპუბლიკას არ ღირსებია ისეთი საყოველთაო ყურადღება, როგორც გურიის რესპუბლიკას.
პირველი გამოსვლა რუსული მთავრობის წინააღმდეგ შეიარაღებულ წინააღმდეგობაში გადაიზარდა, ის გურიის სოფელ ნიგოითში, მემამულე მაჭუტაძეებისა და ადგილობრივ გლეხთა დიდი შეტაკების შემდეგ, 1902 წლის მაისში დაიწყო. საძოვრებზე დავის გამო გლეხები სტიქიურად გამოვიდნენ საპროტესტოდ. მათი გამოსვლის ამბავი გავრცელდა მთელ გურიაში და მათ სხვა სოფლების გლეხობაც შეუერთდა.
გურიაში გლეხთა რევოლუციური მოძრაობა საბოლოოდ ე. წ. „გურიის რესპუბლიკად” ჩამოყალიბდა. ოცნება, რომელიც რუსული ინტელიგენციის თაობებმა ვერ აისრულეს, გურიაში ახდა. ფაქტობრივად, გურია გათავისუფლდა მეფის მთავრობის ზეგავლენისგან.
გურული სასამართლო ,,მართლმსაჯულებას ბევრად უფრო პატიოსნად და ეფექტიანად ახორციელებს, ვიდრე სახელმწიფო სასამართლოები” - ამას აღნიშნავდა მეფისნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვი ცნობილ იტალიელ პოლიტიკოსსა და მოგზაურთან ლუიჯი ვილარისთან საუბარში.
გურულებმა შექმნეს საკუთარ ადმინისტრაციები, სასამართლოები, იარაღის სახელოსნოები, სტამბები… განაგებდნენ სასკოლო განათლებას, აწესებდნენ გადასახადებს, ფასებს და ა.შ. აუქმებდნენ მეფის რუსეთის ადმინისტრაციულ ერთეულებს და ძალაუფლებას იღებდნენ ხელში.
მაგრამ საბოლოოდ გურიამ მაინც ვერ შეძლო უზარმაზარ სახელმწიფოსთან გამკლავება და დამარცხდა.
თავისი ხასიათით უნიკალური და საინტერესო მოვლენის სულისჩამდგმელი ბენია ჩხიკვიშვილი იყო.
ამ უნიკალურობის დადასტურებად ესეც კმარა: „უნდოდათ, რომ ნორმალურად ესწავლათ. როცა შეეკითხა მეფის ნაცვლის წარმომადგენელი, თქვენ რუსული არ გინდათო? უპასუხეს: როგორ არ გვინდა, ჩვენ რუსულიც გვინდა ვიცოდეთ და სხვა ენაცო. მერე უნდოდათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო უკლებლივ ყველას, და გურულები პირველები არიან, ვინც "ციცები", ანუ ქალები, დაუშვეს არჩევნებში. 1917 და 1920 წლებში აშშ-ში და რუსეთში დაუშვეს მხოლოდ არჩევნებში ქალების მონაწილეობა, ხოლო შვეიცარიაში - 1973 წელს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გურულები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ასეთი რამ გააკეთა” - ირაკლი მახარაძე.
დიახ, ევროპაში პირველად, გურიის რესპუბლიკის მთავრობის დეკრეტით (1906 წ.) ქალს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიენიჭა, გურული ქალები პირველი ქალი ამომრჩევლები იყვნენ ევროპაში.
ბენია ჩხიკვიშვილის თაოსნობით, 1905 წელს დაშალეს ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოიწვიეს ,,გურიის დროებითი პარლამენტი”. თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970-დან 958 ხმა მიიღო. მას ხშირად ეძახდნენ ,,დროებითი პარლამენტის პრეზიდენტსაც”.
ორიოდე სიტყვით ბენია ჩხიკვიშვილის შესახებ გიამბობთ.
“გურიის ეპარქიის სოფელ ციხის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მეტრიკული წიგნი, 1880 წელი ბენიამენ ჩხიკვიშვილი დაბადება - იანვრის 15, ნათლისღება - იანვრის 22 წოდება, სახელი, მამის სახელი და გვარი მშობელთა და რომლისა სარწმუნოებისა არიან - ამავე სოფლისა მცხოვრები აზნაური გიგო ბეჟანის-ძე ჩხიკვიშვილი და სჯულიერი ცოლი მისი ნატალია კაციას ასული, ორნივ მართლმადიდებლისანი არიან ბენია მონათლეს იმავე სოფლის ბლაღოჩინმა (დეკანოზმა) მღვდელმა, იესე პორფირეს-ძე ცინცაძემ და კეკელიძემ ნათლობის საიდუმლო აღასრულეს მღვდელმა სოფრომ კეკელიძემ და დიაკონმა მაქსიმე ცინცაძემ.
გადმოცემით, ბენია დროებით მუშაობდა ქუთაისში გადასახლებულ პრინც კონსტანტინე ოლდენბურგელთან და ძალიანაც დაუახლოვდა მას. როცა პრინცმა გერმანიაში დაბრუნება დააპირა, ჩხიკვიშვილს თან წაყოლაც სთხოვა, თუმცა ასე არ მოხდა. მეგობრობის ნიშნად, ოლდენბურგელმა პრინცმა მას მანქანა (ფორდის მარკის) და კაბინეტი აჩუქა. მანქანის ბედი უცნობია, ხოლო კაბინეტი ბოლშევიკებმა ჩამოართვეს. კაბინეტი ზედმიწევნით აქვს აღწერილი ბენიას მეუღლეს განცხადებებში, რომლებსაც თავისი ქონების დაბრუნების იმედით სწერდა საბჭოთა ხელისუფლებას (IDFI 2020, მემორიალური ალბომი “ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი”).
ის რევოლუციური და ქართული ეროვნული მოძრაობის ავანგარდში იდგა, იყო ეს „გურიის რესპუბლიკა“ თუ საქართველოს პირველი დემოკრატიული სახელმწიფო. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა და მას ყოველთვის იქ გზავნიდნენ, სადაც სამშობლოს მეტად სჭირდებოდა.
1918 წლის ნოემბრიდან - 1919 წლის აპრილამდე ის სოხუმში მიავლინეს და მის პერიოდში იქ არსებული დაძაბულობა განიმუხტა, კრიმინალს, რუსულ გავლენებს და სეპარატიზმს ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიეს, ჩაატარეს არჩევნები. ის ასრულებდა თბილისის მოურავის (მერის) ფუნქცია-მოვალეობებსაც და ამ პერიოდში თბილისი გამოირჩეოდა წესრიგითა და სიახლეებით.
1920 წელს, ის ბათუმში ისეთ პერიოდში იმყოფებოდა, როცა აჭარას ინგლისის ჯარები ტოვებდნენ და მმართველობას საქართველოს მთავრობას აბარებდნენ.
საქართველოში საბჭოთა რუსეთის შემოსვლის შემდეგ, ბენია ჩხიკვიშვილი ოჯახის გარეშე ემიგრაციაში, თავდაპირველად კონსტანტინოპოლში წავიდა, ცოტა ხანში კი საფრანგეთში დაფუძნდა.
1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის მიღების სურვილით ის ფარულად დაბრუნდა. და იმავე წელს, 25 ივნისს დააპატიმრეს და სხვა ქართველებთან ერთად სუზდალის ციხეში ჩასვეს.
1924 წლის 30 აგვისტოს, ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის მოთხოვნით, სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარემ ფელიქს ძერჟინსკიმ გადასახლებაში მყოფი ბენია ჩხიკვიშვილის, ნოე ხომერიკის, გოგიტა ფაღავას, გიორგი წინამძღვრიშვილის და ვასო ნოდიას დახვრეტის ბრძანება გასცა. ისინი სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, რუსეთის ტერიტორიაზე დახვრიტეს.
საბოლოოდ, თავისუფლებისათვის მებრძოლმა გურიამაც ვერ შეძლო უზარმაზარ სახელმწიფოსთან გამკლავება და დამარცხდა, მაგრამ დარჩა უიმედო, თუმცა მართალი ბრძოლის სიმბოლოდ ჩვენს ისტორიაში.
ხშირად გურიის რესპუბლიკას პარიზის 1871 წლის კომუნას ადარებდნენ, რომელმაც სულ რაღაც ათიოდე კვირა იარსება, გურიის რესპუბლიკამ კი – ბევრად მეტი.
რასაკვირველია, პარიზი იყო ევროპა, ევროპის შუაგულში მდებარეობდა და მისი ამბავიც შედარებით ფართოდაა გავრცელებული, გურიის რესპუბლიკის ამბები კი – დღემდე, ძირითადად, მხოლოდ სპეციალისტების საკმაოდ ვიწრო წრისთვის არის ცნობილი.
გურულებმა დაამტკიცეს, რომ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, როგორია შენი მოწინააღმდეგე, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ ჩვენც შეგვიძლია დიდი ცვლილებების განხორციელება.