photo

„არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს“ | ალექსანდრე დავითულიაი

ალექსანდრე დავითულიანი “კოალიცია ცვლილებისთვის“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის რაიონული ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელია. ის ბაღდათელია. ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი. იყო მშობლიური ქალაქის გამგებელი. პარტიული არასდროს ყოფილა და როგორც თვითონ ამბობს, დიდი ხნის მანძილზე აპოლიტიკურიც იყო.

- 2009-2010 წლებში ვიყავი ბაღდათის გამგებელი. შემდეგ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე. გარკვეული პაუზა მქონდა, ბოლოს ვმუშაობდი კერძო კომპანიაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს რუსული კანონი ხელმეორედ შემოატრიალეს, კომპანიაში დავწერე განცხადება, წამოვედი და ჩემი მეგობრების თხოვნით და თანადგომით, გავხდი ბაღდათის მუნიციპალიტეტის რაიონული ორგანიზაციის შტაბის ხელმძღვანელი. ორი თვეა, აქ ვარ და აქტიურად ვმონაწილეობ წინასაარჩევნო ბატალიებში.

- რატომ გადაწყვიტეთ ამ კოალიციაში შესვლა?

- იმიტომ გადავწყვიტე, რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტებიდან ბევრი ჩემი მეგობარია, მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ვეთანხმები, ბევრსაც დიდი ხანია ვიცნობ. ამ ურთიერთობებმა და პოლიტიკურმა მიზიდულობამ გადამაწყვეტინა, რომ ამ კოალიციის წევრი გავმხდარიყავი.

- კონკრეტულად რომელიმე პიროვნებამ იმოქმედა თქვენს გადაწყვეტილებაზე?

- კოალიცია იმიტომ არის კარგი, რომ ამ ადამიანების ხედვებიც მისაღები იყო ჩემთვის, მეგობრული ურთიერთობებიც, პოლიტიკური წარსულიც და ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ის, რომ ამ კოალიციის წარმომადგენელი ვარ ბაღდათში.

- ზოგადად კარდაკარის პროცესს თუ გავითვალისწინებთ, რა შედეგია მოსალოდნელი არჩევნებში?

- ვფიქრობ, საერთო ჯამში, არჩევნებს ოპოზიციური ფლანგი მოიგებს. არ ვგულისხმობ მხოლოდ „კოალიციას ცვლილებისთვის“. ზოგადად, ოპოზიციური ფლანგი მოიგებს.

- კარდაკარის პროცესში რა პრობლემები გამოიკვეთა?

- ზოგადად ბევრი პრობლემაა, სოციალური, ინფრასტრუქტურული. სპეციფიკური არის, ვთქვათ, დამეწყრილი ზონები, წყლით მომარაგება. ანუ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ გვაქვს. ისეთივე პრობლემებია ჩვენთანაც, როგორც დანარჩენ საქართველოში.

- ეკონომიკურ მდგომარეობაზე რას ამბობს მოსახლეობა, პირველად პრობლემად რას ასახელებს?

- პირველად პრობლემად სახელდება მაღალი ფასები და ინფლაცია, უმუშევრობა. დასაქმებულია მხოლოდ პარტაქტივი.

- უმუშევრობა ემიგრაციას იწვევს. რას იტყვით ემიგრაციის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში?

- მე ვფიქრობ, რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია, რასაც, ვთქვათ, ტექნიკური პრობლემა ჰქვია, ინფრასტრუქტურა იქნება თუ სხვა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ემიგრაციაა. ადრე ოჯახიდან ერთი ადამიანი მიდიოდა ემიგრაციაში, ახლა მთელი ოჯახებით უცხოეთში გადიან.

ცუდი ის არის, რომ ეს ადამიანები თავის სფეროში წარმატებულები არიან. ხელოსნიდან დაწყებული - ექიმით დამთავრებული. ანუ ჯანსაღი მოქალაქეები, რომლებმაც სახელმწიფო უნდა განავითარონ - განავითარონ ეკონომიკა, ჩამოაყალიბონ საზოგადოებრივი აზრი, მოკლედ, გააკეთონ ყველაფერი ის, რაც ქვეყნის აღმშენებლობისთვის აუცილებელია.

ბევრი ბავშვი ბებია-ბაბუებთან იზრდება. ამ ემიგრაციას მერე მოსდევს ოჯახების გახლეჩვა. დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს ვერ ხედავს დედა-შვილი, ცოლ-ქმარი. ეს ნამდვილი ტრაგედიაა ქვეყნისთვის.

ეს კიდევ ყველაფერი არ არის. ღმერთმა არ ქნას და ესენი (ქართული ოცნება) თუ ხელისუფლებაში დარჩნენ, ემიგრაცია მერე ნახეთ. იმიტომ, რომ არ სურთ ადამიანებს იცხოვრონ უპერსპექტივო, დიქტატურულ ქვეყანაში.

- ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი.

- ყველაფეწრს რომ თავი დავანებოთ, ამ გაჭირვებაში და უმუშევრობაში პარტიული აქტივის დასაქმება და მათთვის პრივილეგიების მინიჭება, თავისთავად შეიცავს კორუფციის ნიშნებს. კორუფცია რა არის? ეს არის ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივი ხარჯვა, ხომ ასეა? საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა კი, თავისთავად, არის სისხლის სამართლის დანაშაული. უფუნქციო, ხელოვნურად შექმნილი შტატები და ერთ ადგილზე ათი ადამიანის გაფორმება, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაა. საარჩევნოდ კი რაიონში ყველამ იცის სახელებით, ვინ ახორციელებს ამომრჩევლის მოსყიდვას, ვინ რომელი მანქანიდან არიგებს ფულს.

- ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ ამომრჩეველთან?

- ვნაწილდებით,მივდივართ სოფლებში, ვხვდებით ამომრჩეველს. ზოგი გვხვდება, ზოგი მხარდაჭერას გვითვლის, ბევრიც მალულად გვიკავშირდება, ზოგს ღამე ვხვდები და ასეთ რეჟიმში ვართ. მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველამ ყველაფერი იცის. ჩვენ, ვისზეც ხელი მიგვიწვდება, ვამხნევებთ და ვუხსნით, რომ არჩევანი ინდივიდუალური პროცესია და რომ ხმას ვის აძლევ, ამას ვერავინ გაიგებს. რწმენა წელს განსაკუთრებით ძლიერია- კოალიცია გაიმარჯვებს და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.

„აუცილებელია რეალურ თვითმმართველობაზე გადასვლა“ | მურთაზ ცისკაძე

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან, ძალიან დიდ უმცირესობაში

„26 ოქტომბერს კოალიციური ხელისუფლება მოვა” | ქეთევან ხურციძე