„აუცილებელია რეალურ თვითმმართველობაზე გადასვლა“ | მურთაზ ცისკაძე
- როგორი წინასაარჩევნო განწყობაა ქარელში?
- მომავალ არჩევნებს ყველა დიდი მოლოდინით შეჰყურებს. არჩევნების დღეს განსაკუთრებით მოელის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია არა რომელიმე პარტიის ჩანაცვლება, არამედ სისტემური ცვლილებების დაწყება. ეს ცვლილებები კი ეკონომიკასა და ხალხის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.
- ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამჟამად მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძალიან უჭირს და ზოგადად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა?
- ქარელის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით აგარასა და ქვენატკოცში, მდგომარეობა მართლაც მძიმეა. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დიდ გაჭირვებასა და სიდუხჭირეშია. არასაკმარისი სამუშაო ადგილებისა და მცირე ანაზღაურების შედეგად, ადგილობრივები რთულ ყოფაში არიან და უდიდეს გამოწვევებთან უწევთ გამკლავება.
- და როგორ, რა საშუალებებით უმკლავდებიან ამ გამოწვევებს?
- მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ განაპირობა მიგრაციის უზარმაზარი მასშტაბი. ახალგაზრდების უმრავლესობა, უკეთეს შემთხვევაში, ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში მიდის სამუშაოს მოსაძებნად; უარეს შემთხვევაში კი, ქვეყანას ტოვებს. თითქმის ყველა ოჯახიდან ერთი ან ორი წევრი გასულია ქვეყნიდან, რაც რეგიონის დემოგრაფიაზე მკაფიოდ აისახება.
- რას გამოარჩევდით მთავარ პრობლემად, რაც აფერხებს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას და ადამიანებისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას?
- როგორც მთელ საქართველოში, ჩვენს მუნიციპალიტეტშიც მთავარი გამოწვევა კორუფცია და ნეპოტიზმია, ძირითადად, ტენდერებისა და მიმდინარე პროექტების განხორციელებისას. აქედან მხოლოდ კონკრეტული პიროვნებები სარგებლობენ და ეს გახლავთ მთავარი პრობლემა.
- როგორ ფიქრობთ, არჩევნების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას პირველ რიგში, რათა მმართველობის ეს მანკიერი სისტემა შეცვალოს?
- ჩემი აზრით, ეს არის რეალურ თვითმმართველობაზე გადასვლა. მოსახლეობას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავად აირჩიოს საკუთარი რაიონის მმართველობა და თავად მოსთხოვოს პასუხი შესრულებული სამუშაოსთვის. მუნიციპალიტეტის განვითარებისა და უფრო ეფექტური მუშაობისთვის, ეს აუცილებლად მიმაჩნია.