ლისაბონიდან ლაგოდეხამდე | ნინო ტაბატაძე
ეს ევროკავშირის ახალი საზღვრებია. ჯერ არ არის, მაგრამ აუცილებლად იქნება, უფრო სწორად, უნდა იყოს. თბილისიც, ლაგოდეხიც და თელავიც ისეთივე ევროპაა, როგორიც პორტუ და ლისაბონი. ჰოდა დროა, დავიკავოთ ჩვენი ადგილი იქ, სადაც უნდა ვიყოთ და იქ, სადაც გაშლილი ხელებით გველიან.
თუმცა, რას ნიშნავს, ევროპა ვართ?! თეორიულად ყველამ ვიცით, რომ კარგია, რომ იქ ომი არაა, კეთილდღეობა, თავისუფლება და ბედნიერებაა, მაღალი ხელფასები და პენსიებია, საუკეთესო ჯანდაცვა და განათლებაა. ვიცით, გაგვიგია და ამ გაზეთში ხშირად წაიკითხავთ. მაგრამ იქნებ ხმამაღლა არ გითქვამთ, თუმცა, გულში ჩუმად გაგიფიქრებიათ, რას ნიშნავს ეს ევროპა კონკრეტულად თქვენთვის, ჩემთვის ან ჩვენი თანასოფლელი გოგიასთვის, რას ნიშნავს ჩვენი მშობლიური კახეთისთვის?!
ევროკავშირი, პირველ რიგში, შეუზღუდავი შესაძლებლობების სივრცეა. გაერთიანება, სადაც მიზნისკენ თანმიმდევრული სწრაფვა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ევროპა არის შესაძლებლობა, პიროვნული, რეგიონული თუ სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის. რეგიონი ვახსენე და რადგანაც კახეთზე ვსაუბრობთ, წარმოვიდგინე, როგორ დაამშვენებდა ჩვენი საუკეთესო ღვინოები ევროკავშირის მაღაზიების ფერად და ბრჭყვიალა ვიტრინებს. „ვის რად უნდა ჩვენი ღვინო, იქ ფრანგული ღვინოებია და კონკურენციას ვერ გავუწევთ,“- გაგიგონიათ ალბათ, ან იქნებ თქვენც გიფიქრიათ. სამაგიეროდ, რუსეთში გვიცნობენ, ჩვენი ღვინო უყვართ, ტრანსპორტირებაც არ გვიჭირს, ახლოსაა, ამხელა ბაზარია, ჰოდა იქნებ.... რაის ევროპა....ეს ის მითია, რომელსაც ხშირად გვიმეორებენ, რათა დავიჯეროთ, რომ ჩვენ სერიოზული კონკურენციის არც თავი გვაქვს და არც რესურსი, და რუსეთია მხოლოდ ჩვენი ბედიც და განაჩენიც.
ევროკავშირი არ გპირდებათ, რომ თითო სოფელს 5 მილიონ ევროს ჩამოურიგებს. ის განვითარების, გამდიდრების და თანასწორი პარტნიორობის შესაძლებლობას გვაძლევს, ოღონდ საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. და დიახაც, თქვენ წარმოიდგინეთ და ჩვენი ღვინო ნამდვილად უნდათ და ნამდვილად ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს სხვა ევროპულ ღვინოებთან ერთად.
და აი რატომ:
● ევროპელი მომხმარებელი მაღალი ხარისხის ღვინოს არჩევს. უყვარს სხვადასხვა ტიპისა და ჯიშის ღვინოების დაგემოვნება და ითხოვს მრავალფეროვნებას ბაზარზე;
● ევროპელი მომხმარებელი არ ყიდულობს ღვინოს დასათრობად და გონების დასაკარგად;
● ევროპელი მომხმარებელი გემოვნებიანი და მატერიალურად შეძლებულია. შესაბამისად, მეტს იხდის ხარისხიან ღვინოში.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვინ შეგვიშვებს ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე; მითები მკაცრი სტანდარტებისა და რეგულაციების, დაუსრულებელი ლიცენზიებისა და მოთხოვნილი დოკუმენტების გრძელი ნუსხის შესახებ, ალბათ თქვენც გსმენიათ.
არადა გაგიკვირდებათ და ევროკავშირი თვითონ ეხმარება კანდიდატ და ახლად გაწევრიანებულ ქვეყნებს მის ბაზარზე ადაპტირებაში.
ევროკავშირს აქვს სპეციალური ევროპული სოფლის განვითარების ფონდი. ამ ფონდით იგი აფინანსებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს, რაც მოიცავს ვენახების განახლებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ფერმერების დახმარებას. ხოლო კომუნალური აგრარული პოლიტიკის ფარგლებში ფერმერებს ეძლევათ სუბსიდიები და მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს ხარისხის გაუმჯობესებასა და მდგრად განვითარებას.
თუკი ფიქრობთ, რომ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ გაქვთ ევროპული ბაზრის ასათვისებლად, ევროკავშირს ამ კუთხითაც შეუძლია დახმარება. იგი თავად უკეთებს ორგანიზებას იმ ტრენინგებსა და ვორქშოპებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ვენახების მმართველობისა და ღვინის წარმოების უახლესი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას და ამ კუთხით მის ბაზარზე ახალი მეღვინეების მხარდაჭერას.
ჩვენს ღვინოს ევროპაში ვინ იცნობსო, რომ ვიმეორებთ; ჰოდა რომ გაიცნონ, ევროკავშირი ამისთვისაც ფულს ხარჯავს. კერძოდ, იგი იძლევა გრანტებსა და სუბსიდიებს, რომლითაც მეღვინეებს ეხმარება ახალი ბაზრებისთვის პროდუქციის მარკეტინგში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბრენდების შექმნაში და ვებსაიტების განვითარების პროცესში, რათა ახალმა მომწოდებლებმა უფრო ადვილად მიაწვდინონ პროდუქციის შესახებ ინფორმაცია უცხოელ მომხმარებლებს.
უფრო მეტიც, თუკი ინოვაციური პროექტი გაქვთ, ან კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნის ტექნოლოგიის დახვეწა გსურთ, ევროკავშირის გრანტის მიღების შესაძლებლობა აქაც გაქვთ. ევროკავშირის პროგრამებით, როგორიცაა მაგალითად Horizon Europe ან LIFE შეიძლება დაფინანსდეს პროექტები, რომლებიც მიმართულია ახალი ღვინის წარმოების ტექნოლოგიების, წარმოების მეთოდებისა და ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
დაბოლოს, ცალკე აღსანიშნავია ღვინის ტურიზმის განვითარების საკითხი. ევროკავშირი მხარს უჭერს ღვინის ფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ტურისტების მეტი რაოდენობის მოზიდვასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს. მსგავსი ღონისძიების ორგანიზებისთვის მეღვინეობებსა და ტურისტულ კომპანიებს შეუძლიათ ევროკავშირის სუბსიდირებით ისარგებლონ. ევროკავშირი ხელს უწყობს განსაკუთრებული ტურისტული პაკეტების შექმნას, რომლებიც აერთიანებს ღვინის ტურიზმს და ადგილობრივ კულტურას, რაც ვიზიტორების დასახლებულ ტერიტორიებზე უფრო დიდხანს დარჩენის სტიმულირებას ახდენს.
ღვინის დეგუსტაციისთვის კახეთში ჩამოსული ვიზიტორი მხოლოდ ღვინის დაგემოვნებით რომ არ შემოიფარგლება, ცხადია. იგი ასევე გაეცნობა რეგიონულ და ეროვნულ კულტურას, მოინახულებს ადგილობრივ კულტურულ ძეგლებს, დააგემოვნებს თქვენს მიერ მომზადებულ კულინარიულ შედევრებს, შეიძენს ადგილობრივ ნაკეთობებს. ჰო მართლა, იქნებ თქვენ არაჩვეულებრივ წინდებს ქსოვთ, მაგრამ ძირითადად მხოლოდ თქვენივე შვილებისთვის. სასტუმრო ოთახში რომ ხალიჩაა, იქნებ ეგეც თქვენი ხელით შექმნილია, ოღონდ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის. ჰოდა ახლა შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენი შედევრები ევროპელ სტუმრებსაც გაუზიაროთ და მატერიალური შემოსავალიც მიიღოთ ამით. აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპაში ძალიან უყვართ ხელნაკეთი ნივთები და მათი ფასიც საკმაოდ მაღალია.
თუ ეს ყველაფერი მეტისმეტად ზღაპრულად გეჩვენებათ, მაგალითების მოყვანაც შემიძლია.
პორტუგალიით დავიწყე და მანდვე გავაგრძელებ. პორტუგალიას ესპანეთის საზღვართან პატარა მეღვინეობით ცნობილი რაიონი აქვს - დურო ველი. იგი ტერიტორიის ფართობით კახეთის ნახევარია. მდიდარი ღვინის წარმოების ტრადიცია გააჩნია და ერთობ გავს ჩვენს ამ მხარეს. ორივე რეგიონს აქვს ხანგრძლივი ისტორია ვენახების კულტივირების. როგორც ამბობენ, დურო ღვინოს აწარმოებს რომის იმპერიის დროიდან, მაშინ როცა კახეთს ხშირად უწოდებენ ღვინის აკვანს, რადგან აქ ღვინის წარმოების მტკიცებულებები 8000 წლის წინ არის აღმოჩენილი. ორივე რეგიონში არსებული განსხვავებული მიკროკლიმატები და ნიადაგის ტიპები ხელს უწყობს უნიკალური ყურძნის ჯიშების გამოყვანას. ეს მრავალფეროვნება იძლევა ღვინის ფართო არჩევანს.
პორტუგალიის ევროკავშირში ინტეგრირებამდე დურო ქვეყნის ყველაზე უფრო ღარიბ რეგიონად ითვლებოდა, იმავე მიზეზების გამო, რაც კახეთშიც გამოწვევად ითვლება ახლა. კერძოდ, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, თანამედროვე ტექნოლოგებისა და რეგიონში ინვესტიციების ნაკლებობა, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის არქონა, ახალგაზრდების რეგიონიდან გადინება და მაღალი მიგრაცია.
ევროკავშირში ინტეგრაციამ მოიტანა ინვესტიციები, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, საგარეო ბაზრებზე წვდომა, რამაც დუროს გამოცოცხლება და ძლიერ რეგიონად ჩამოყალიბება გამოიწვია. დღეს დუროს ღვინოები თვალსაჩინო ადგილს იკავებენ ფრანგული ბორდოსა და იტალიური ტოსკანას გვერდით. ღვინის წარმოების ზრდამ ეკონომიკურ შემოსავალთან ერთად ტურიზმი განავითარა, რამაც თავის მხრივ რეგიონის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.
ბორდოს, ტოსკანას, დუროს ღვინოებს გვერდით ჯერ კიდევ არის ადგილი ჩვენი საფერავისა და რქაწითელისათვის, მთავარია, დროულად დავაწყოთ.
ზღაპარივით ჟღერს, შენ მოინდომე და ყველაფერში დაგეხმარებით. და აი ამ დროს, ცოტა უცნაურია, რომ ვიღაც მაინც რუსეთის ბაზარს ირჩევს, რუსეთი ეიმედება, როგორც სავაჭრო პარტნიორი. თუმცა კი პირადი გამოცდილებით ვიცით, რუსეთისთვის ბიზნესი პოლიტიკის იარაღია მხოლოდ. ასე იყო გაზის, ღვინის, ბორჯომის შემთხვევებში. არასაიმედო პარტნიორი, მაგრამ ვიღაცისთვის მაინც მისაღები და სასურველი....შეჩვეული ჭირის ამბავია ალბათ...
ჰოდა აი ამ უცნაურ ლოგიკას რომ ვერ ჩაწვდა და ვერაფერი გაგვაგებინა, იმ ბიჭმა, ამ გაზეთშიც ხშირად რომ წააწყდებით მის ფოტოს და ახლაც რომ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მომავალი ჩვენია, ძალიან გაბრაზებულმა, ერთ საღამოს ტელევიზორიდან ღვინოცა და ყურძენიც სულ თავზე დაგვახურა. დღესაც ხშირად უხსენებენ კახელები მაგ ამბავს. ჩვენ კი გვეწყინა, იმიტომ რომ ფორმისა და გარეგნობის მოყვარე ხალხი ვართ. არადა, მანაც ის გვითხრა, წადით და ჩვენი ღვინო ევროპაში გაიტანეთო, ასე ჯობიაო. თუმცა ჩვენთან ხომ ზრდილობა კაცობაზე მეტად ფასობს. ჰოდა ნათქვამის ფორმა არ მოგვეწონა და კონტექსტს აღარ ჩავუღრმავდით.
არადა, იმის მიუხედავად, როგორი ემოციურობით ვიტყვით და აღვიქვამთ, ერთი რამ უდაო ფაქტია - ევროკავშირის საზღვრის ლისაბონიდან ლაგოდეხამდე გავლება დღეს ჩვენს ხელშია და ჩვენს არჩევანს ელოდება.