photo

„მინდა, შვილებს მომავალი ჰქონდეთ“ | ზურაბ ოტიაშვილი

ზურაბ ოტიაშვილი, კოალიციის დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ახმეტის საარჩევნო შტაბის უფროსი.

- დიდი ხანია, პოლიტიკაში ხართ?

- 2008 წლიდან ვარ ჩართული. მომიწია გამგებლად მუშაობა და შემდეგ დავრჩი, რადგან მინდა, ჩემი ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებაში მივიღო მონაწილეობა და ჩემ შვილებს კარგი მომავალი ჰქონდეთ.

- როგორც მთელ ქვეყანაში, თქვენთანაც მწვავედ დგას მიგრაციის პრობლემა.

- ძალიან ბევრი ადამიანია გასული თიანეთის, დუშეთის, ახმეტის რაიონებიდან, ყაზბეგიდან. ამბობენ, კონცერტზე ტაშის დამკვრელი აღარავინ არის და მიცვალებულს დამტირებელი აღარ დარჩაო. ეს საშინელებაა, რადგან, ჩემი აზრით, ბავშვები არაფრით შეიძლება დედების და მამების გარეშე იზრდებოდნენ; ან ის, რომ ოჯახები გაყოფილი იყოს - წლობით ცოლი ცალკე ცხოვრობდეს, ქმარი - ცალკე. ბავშვებსაც ორივე მშობელი სჭირდებათ სრულფასოვანი განვითარებისთვის, არადა რა უნდა ქნან ადამიანებმა? ის კიდევ ცალკე პრობლემაა, როდესაც შვილების მიჰყავთ. ეს ბავშვები სხვა ქვეყანაში იზრდებიან და იქაურობას ისე ეჩვევიან, უკან დაბრუნება აღარ უნდათ, იქაურები ხდებიან. ეს ყველაფერი ასევე უკავშირდება შობადობის კლებას და ჩვენს ქვეყანაში მისი მაჩვენებელი გარდაცვალების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. უცხოეთში წასული უამრავი ახალგაზრდა ქალი იქვე თხოვდება, შვილებსაც იქ აჩენს და იქვე აგრძელებს ცხოვრებას. ასევე დიდ პრობლემად მიმაჩნია, როდესაც ჩვენი მოქალაქეები არათუ სასწავლებლად ან განვითარების მიზნით მიემგზავრებიან, არამედ უსაბუთოდ, მალულად, არალეგალურად ცხოვრობენ - ღირსების შემლახავ მდგომარეობაში არიან, იმალებიან, წლობით ელოდებიან რაიმე საბუთის მიღებას უცხო ქვეყანაში და ამასობაში მათი საუკეთესო წლები გადის.

საშველი ის არის, რომ ადამიანებს ცვლილების მოლოდინი აქვთ. მიაჩნიათ, რომ ამ მთავრობამ ამ კუთხით მათთვის სასიკეთო არაფერი გააკეთა - პირიქით, ხელი შეუწყო კიდეც მათ გამგზავრებას, რადგან დარჩენილებს უფრო ადვილად მოისყიდდნენ. გახსოვთ ალბათ, როგორ მოუწოდებდა ივანიშვილი საზოგადოებას, უცხო ქვეყნებში დასაქმებულიყვნენ და თავი ასე გაეტანათ. ასეც მოხდა.

ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში რომ გაწევრიანდება, ჩვენ ამ სივრცის სრულფასოვანი მოქალაქეები გავხდებით და განუზომლად გაიზრდება ხელფასიც და ყველანაირი შემოსავალიც - აქაც და თუნდაც უცხოეთში დასაქმებული ადამიანებისთვის. საქართველოში გაცილებით მეტი ტურისტი შემოვა და მომსახურების სფეროში დასაქმებისთვის, შესაძლოა, ადგილობრივი მოსახლეობაც არ აღმოჩნდეს საკმარისი, რადგან ჩვენი ქვეყანა იმდენად ლამაზია და საინტერესო, რომ ტურიზმის სფერო ხალხს ვერც კი დაიტევს.

- დღესდღეობით ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა.

- რბილი ნათქვამია. ყველა პრობლემა სწორედ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. გამოსავალი მთლიანად ევროკავშირის წევრობით მიღებულ სიკეთეებშია. თუნდაც ის, რომ ჩვენ დღეს არ გვაქვს ღირსეული ბაზარი; ზოგიერთს რომ ჰგონია, რუსეთის ბაზარს საქართველოსთვის რაიმე დოვლათი მოაქვს, მაშინ რატომ არის კახეთში ყურძნის ფასი სასაცილომდე დაბალი? ჩვენ გვჭირდება ევროპის განვითარებული ბაზარი, რომ ღვინის ფასმა მოიმატოს და ყურძნის ფასიც შესაბამისად ღირსეული იქნება. ასევე გვჭირდება ბევრი ევროპელი ტურისტი, არადა, თუ მთავრობა არ შეიცვალა, ბევრი კი არა, შესაძლოა, საერთოდ აკრძალონ აქ ჩამოსვლა.

- ეკონომიკასთან გადაჯაჭვულია კორუფცია.

ამ მხრივ საგანგაშო ვითარებაა - მაგალითად, სამშენებლო პროექტები რომ ხორციელდება, იქაც კი აღებ-მიცემობაა გაჩაღებული. საქმე ისეა, რომ უბრალო რწმუნებულმა რომ საბუთს ხელი მოაწეროს, მშენებლისგან ისიც კი რაღაც თანხას ითხოვს - საფეხურების მიხედვით არის - ვიღაცას 50 ლარი უნდა გადაუხადოს, სხვას რაღაც სხვა თანხა და ა. შ.

- რამე პრობლემას ხომ არ გამოყოფდით?

- ჩემს დაქვემდებარებაში ოთხი მუნიციპალიტეტია - თიანეთი, ახმეტა, დუშეთი და ყაზბეგი. თითოეულს თავის განსხვავებული პრობლემა აქვს. არის მთის სტატუსის მინიჭების პრობლემა, როგორ წყდება არ ვიცი - ზოგს მიღებული აქვს, ზოგს - არა. მაგალითად, თიანეთს მთის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ უფასოდ მხოლოდ დენი მიეცემათ, ბუნებრივი აირი კი - არა; დუშეთის რაიონს მთლიანად მთის სტატუსი აქვს მინიჭებული და უშუალოდ ქალაქი დუშეთი ამ სტატუსის გარეშეა დარჩენილი; კახეთში კი, მოგეხსენებათ, ყურძნის პრობლემაა.

- ამ ფონზე როგორია წინასაარჩევნო განწყობა?

- როგორც აღვნიშნე პოლიტიკაშ 2008 წლიდან ვარ ჩართული, ბევრი წინასაარჩევნო განწყობა მინახავს, თუმცა ჩემი აზრით ეს არჩევნები გამორჩეულია, ის ადამიანებიც ვინც ქართული ოცნების მიერაა დასაქმებულლი რაღაც პროგრამების მეშვეობით, ცვლილებებზე საუბრობენ, 12 წელი ცოტა არ არის, მითუმეტეს ისეთი ხელისუფლების შესაფასებლად, რომელსაც ხალხისთვის არაფერი გაუკეთებია, ყველა ათვითცნობიერებს რომ მათთვის გადაგდებული კაპიკები ცხოვრებას ვერ შეუცვლით, რომ ცვლილებასა და ევროკავშირს განუზომლად მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია.

„ხალხს სჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს“ | გიორგი ღვინიაშვილი

უპერსპექტივობის 12 წელი | გიორგი თარგამაძე

დევნილებში გაჩნდა ფრთხილი რწმენა | თეიმურაზ პაპასქირი