photo

„მთავრობა უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა თავის ინტერესებს“ | მირდატ ქამადაძე

- მოგვიყევით თქვენს შესახებ რა გზა გაიარეთ სანამ პოლიტიკაში მოხვიდოდით?

- პოლიტიკური საქმიანობა დავიწყე 2014 წლიდან, პროფესიით ვარ იურისტი, დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და გავაგრძელე საქმიანობა ამ მიმართულებით. ჩემი სტუდენტობის ბოლო პერიოდი დაემთხვა ვარდების რევოლუციას და ასევე, აჭარის რევოლუციას. აქტიურად ვიყავი ჩართული ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. რევოლუციის შემდეგ ცოტა ხანი ვიმუშავე საჯარო სამსახურში, გარემოს დაცვაში ვიყავი იურიდიული სამსახურის უფროსი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ეს არ იყო საქმე, რომელიც მაინტერესებდა (ვგულისხმობ ბიუროკრატიულ საქმიანობას), როგორც იურისტს მჭირდებოდა განვითარება, ამიტომ დავბრუნდი თბილისში და ვეწეოდი კერძო საადვოკატო საქმიანობას. საკმაოდ წარმატებული პერიოდი იყო ჩემს კარიერაში. იურიდიულ მომსახურებას ვუწევდი ბევრ ცნობილ ადამიანს თუ დიდ კომპანიას, მაგრამ ამ მრავალწლიანმა პროფესიულმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თუ იმ პროფესიაში ხარ, რასაც ადამიანების უფლებათა დაცვა ჰქვია, მთავარია რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი მართლმსაჯულება, იმიტომ რომ სხვანაირად რაც არ უნდა შემდგარი იურისტი იყო და ფლობდე ყველა საჭირო უნარ-ჩვევას, თუ გქონდეს მყარი მტკიცებულებები, ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ყოველთვის მნიშვნელოვანი საქმეები, სადაც სახელმწიფო ინტერესი რაიმე ფორმით იკვეთებოდა სასამართლო გადაწყვეტილებები უმეტესად მიიღებოდა კულისებს მიღმა, დარბაზში კი ეს პროცესი იყო ფორმალური. ამან განაპირობა პოლიტიკური სფეროთი ჩემი დაინტერესება დაახლოებით 15 წლიანი იურიდიული კარიერის შემდეგ. ამ ქვეყანაში სამართლიანი წესების გასაღები არის პოლიტიკაში. ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არ უნდა იყოს მოქცეული, ამან მიბიძგა ამერჩია გზა. რომელიც უნივერსიტეტიდან პოლიტიკაში მოსასვლელად გავიარე.

- პოლიტიკაში მოსვლისას საკმაოდ წარმატებული იყავით თქვენს კარიერაში, რა გახდა იმის მიზეზი, რომ გამოხვედით კომფორტის ზონიდან და შეუერთდით ოპოზიციურ პოლიტიკურ მოძრაობებს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ბევრი დისკომფორტი, უსაფუძვლო ბრალდება და ზეწოლა ახლავს?

- ცხადი იყო, რომ ქვექანაში არ არსებობს სამართლიანი წესრიგი. მის გარეშე კი შეუძლებელია წარმატებული იყოს რომელიმე სფერო. ამას ცვლის პოლიტიკა. ეს არის ის ადგილი და ის პროფესია, სადაც შენ უნდა განსაზღვრო ყველასთვის თანაბარი სამართლიანი წესი. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ცხადი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ამ სისტემასთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებას არ აპირებდა, უბრალოდ მან გადმოიბარა ის სისტემა და კიდევ უფრო განავითარა. შესაბამისად, ამ იდეებზე საუბარს „ქართულ ოცნებასთან“ აზრი არ ჰქონდა. ამან მომიყვანა პოლიტიკაში. თანამდებობა არ იყო ჩემი მიზანი, თორემ „ქართულ ოცნებაშიც“ სიამოვნებით მიმიღებდნენ რომ მივსულიყავი :)

- საქართველოში ძალიან ჭრელი და მრავალფეროვანი პოლიტიკური ველია, რა კრიტერიუმით აარჩიეთ კოალიცია ცვლილებისთვის გუნდი და რა გამოარჩევს მას სხვა პოლიტიკური გაერთიანებებისგან?

- ქართულ პოლიტიკაში არის თანმიმდევრულობის პრობლემა, დაპირებული სიტყვის გატეხვა თუ ტყუილი ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ამ საქმეში თანმიმდევრულები და სიტყვის ერთგულები ვართ. ამ გუნდის თითოეულმა წევრმა, თუ შემდგომ ერთიანობამ, როგორც პარტიამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიყავით თანმიმდევრულებიც და პრინციპულებიც ყველაზე კრიზისულ პერიოდში, როგორიც იყო 2021 წლის არჩევნებში და გუნდმა დიდი ზეწოლის მიუხედავად ღირსეულად გაიარა ეს პერიოდი. სამწუხაროდ, ამ ბრძოლაში დავკარგეთ გუნდის ღირსეული წევრი ნუგზარ ფუტკარაძე... საბოლოო ჯამში გვაქვს ამბიცია, რომ კვალიფიკაციურობასთან ერთად ჩვენ გამოგვარჩევს პრინციპულობა და თანმიმდევრულობა. ვართ გაცემული სიტყვის ერთგულები და ვცდილობთ საქმე ვაკეთოთ ისე ღიად და საჯაროდ, როგორც უნდა ხდებოდეს პოლიტიკაში.

- თქვენი აზრით რა გამოგარჩევთ სხვა პოლიტიკოსებისგან? რას ჰპირდებით ამომრჩეველს? რა იქნება თქვენი პრიორიტეტი უმაღლეს საბჭოში მუშაობისას?

- ზოგადად რითი ვარ გამორჩეული სხვა პოლიტიკოსებისგან, თავად ვერ ვიტყვი, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და შეაფასოს. რაც მთავარია პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს ღიად და საჯაროდ, პოლიტიკაში გაცემულ სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი. მაგალითად, ჩემს პროფესიაში ხელშეკრულებას დებენ ან/და დოკუმენტს ნოტარიულად ამოწმებენ, ითხოვენ უზრუნველყოფის გარანტიას... პოლიტიკაში ყველაზე დიდი ნოტარიუსიც და ხელშეკრულებაც არის საჯაროდ ნათქვამი სიტყვა და თუ ამას პოლიტიკოსი არ ასრულებს ხალხი მას ფასს უნდა ახდევინებდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ხმას არ უნდა აძლევდეს. ქართველმა ამომრჩეველმა ამაზე დაიწყო ფიქრი და ეს არჩევნები იქნება ამის მაგალითი.

რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივას, ამომრჩეველს ვპირდებით, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები გახდება ხალხი ანუ უნდა მოხდება რეალური დეცენტრალიზაცია. ერთი ადამიანი ცენტრიდან არ უნდა კარნახობდეს სხვადასხვა ქალაქებში თუ მუნიციპალიტეტში როგორ იცხოვრონ ადამიანებმა, როგორი განათლების სისტემა უნდათ, როგორი განაშენიანება უნდა ჰქონდეს ქალაქს და ა.შ. ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადავწყვიტოთ რა არის ჩვენთვის უკეთესი. ეს არის რეალურად ხალხის ჩართვა მმართველობაში. ჩვენ ძირითადი საკანონმდებლო ინიციატივები გვექნება საქართველოს პარლამენტი იმისთვის, რომ დავიწყოთ დეცენტრალიზაციის დიდ რეფორმა, და შევქმნათ რეალურად ძლიერი თვითმმართველობა.

- როგორ გეგმავთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უმუშევრობის შემცირებას?

- ცხადია, რომ ახალი სამუშაოს შექმნა და უმუშევრობის შემცირება დამოკიდებულია ეკონომიკურ ზრდაზე. ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი. ქვეყანაში უნდა იყოს მეტი ინვესტიცია. სამუშაო ადგილებს უნდა ქმნიდეს კერძო სექტორი და არა საბიუჯეტო სახსრები, რაც არ ამართლებს. იმისთვის, რომ კერძო სექტორმა შექმნას სამუშაო ადგილები, მას უნდა ჰქონდეს ამის თავისუფლება. მაგალითად, ინვენსორმა რომ ბიზნესში ჩადოს რამდენიმე მილიონი, არ იცის ბიძინა ივანიშვილთან უნდა დაალაგოს საკითხი, კრიმინალურ სამყაროსთან თუ ომოქმედოს კანონით. ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ფონი ინვესტორს იძულებულს ხდის, უარი თქვას ინვესტიციის ჩადებაზე. ამაზე ისევ და ისევ გავლენა აქვს მართლმსაჯულების რეფორმას. არასტსაბილური პოლიტიკური გარემო მაღალი გადასახადები, წნეხში ამყოფებთ ბიზნესმენებს და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს და შებოჭილია კერძო სექტორი, ხოლო როცა თავისუფალი მართლმსაჯულებაა ნეპოტიზმის გარეშე და ამასთან ერთად მცირდება გადასახადებ, უკვე იზრდება ეკონომიკა და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

- რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას საიმისოდ რომ არჩევნებზე მოპოვებული გამარჯვება გაიფორმოს?

- შეუძლებელია ამ არჩევნების მიმართ არ აღინიშნოს ის მუხტი, ენერგია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობა, რაც ხალხის მხრიდან იგრძნობა. ოპოზიციასთან ერთად ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული იმაზე ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა. ამ ტემპით ამომრჩევლის ზრდა შეუძლებელს ხდის არჩევნების გაყალბებას. ხალხის მხრიდან იგრძნობა კოალიციური ევროპული მმართველობისთვის მზაობა.

- რას გააკეთებთ იმისთვის რომ სამუშაოს მაძებარი ახალგზარდები რეგიონს და ქვეყანას არ ტოვებდნენ?

- რატომ გარბიან ამ ქვეყნიდან ახალგაზრდები? იმიტომ, რომ უმრავლესობა ცხოვრობს თვითგადარჩენის ინსტიქტით და აქვთ უპერსპექტივობის, უსამართლობის და უიმედობის განცდა. ამჟამად ვართ უსამართლო გარემოში, სადაც არ ფასდება მათი შრომა და ნიჭი და არ არსებობს თავისუფალი კონკურენცია, ვისაც „პატრონი“ ყავს ამას ნეპოტიზმით აგვარებს, ხოლო ხალგაზრდები როცა ამ საკითხს ეჩეხებიან, ბუნებრივია მათში კვდება მოტივაცია. თუ ქვეყანაში გაჩნდება პერსპეტივის განცდა, ადამიანები აღარ გაიქცევიან, პირიქით, ბევრი თანამოქალაქე დაუბრუნდება საქართველოს.

- რა იქნება პირველი საკანონმდებლო ინიციატივა რასაც დეპუტატად არჩევის შემთხვევაში აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგენთ?

- იმ კონკრეტულ მომენტში თუ რაიმე ტექნიკური ხასიათის საკითხი არ იქნება გადასაჭრელი, პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უმაღლეს საბჭოში იქნება წარდგენილი, მიმართული იქნება ცენტრალური ხელისუფლებისადმი, საქართველოს პარლამენტში, რომ ქვეყანაში დაიწყოს ძალაუფლების რეალური დეცენტრალიზაცია.

- როგორ აპირებთ სიღარიბის შემცირებას და სოციალური თანასწორობის დამყარებას?

- იგივე პასუხია აქაც, უსამართლო გარემოში ვერ შემცირდება სიღარიბე. ქვეყანას სჭირდება სამართლიანი გარემო, დაბალი გადასახადებით. ეს ვერ მოხდება ერთ ან ორ წელში, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად წინ უნდა ვიაროთ, არ დაგვავიწყდეს, წინ გველოდება ევროკავშირთან აქტიური მოლაპარაკებები გაწევრიანების მიზნით, რაც საბოლოო ჯამში გვასძლევს იმ პროგნოზის გაკეთების საფუძველს, რომ სამი ოთხი წლის თავზე მივიღებთ დადებით შედეგს.

- რას შეცვლის კოალიციური მმართველობა?

- კოალიციური მმართველობა, პირველ რიგში, დაამთავრებს ძალაუფლების ერთპიროვნულ მფლობელობას და მმართველობას, ხოლო კოალიციური მმართველობა ნიშნავს, რომ ამ ქყეყანაში ცალკე აღებული ვერც ბიძინა, ვერც მიშა, ვერც მელია, ვერც გახარია და ვერც ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად. კოალიციური მთავრობა ნიშნავს, რომ პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს რეალისტურად, რაც ეფუძნება ღია და საჯარო შეთანხმებებს.

- რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ჯენზიმ?

- იმიტომ რომ ჩვენ არ ვიტყუებით და ჩვენსას „ვაწვებით“.

- როგორ ხედავთ მომავალი აჭარის ტურისტულ პერსპექტივას?

- აჭარას დიდი ტურისტული პერსპექტივა აქვს, იმაზე დიდი, ვიდრე დღეს არის. ამას პირველ რიგში სჭირდება ინფრასტრუქტურის განვითარება. თუ არ არსებობს გზა და არ არსებობს ინფრასტრუქტურა, ამასთან დაკავშირებით საუბარი ძნელია. გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ დაიწყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მათ შორის ტურიზმის სფეროშიც. თუ ქვეყანაში შემოდის ინვესტიცია, ჩნდება ფული, გვაქვს ინფრასტრუქტურა და იზრდება ეკონომიკა.

- როგორ წარმოიდგენთ ბათუმის ინფრასტრუქტურის განვითარებას?

- თუ ამაში ჩვენ განვიხილავთ გზებთან და საცობებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით ბათუმს აქვს რესურსი, უნდა გაიჭრას დამატებითი გზები. საბოლოოდ მაინც მივდივართ დეცენტრალიზაციამდე. უნდა გვქონდეს მმართველობის ისეთი მოდელი, სადაც ადამიანები თავად განსაზღვრავენ როგორ პირობებში იცხოვროპნ თავიანთ უბანში/სამეზობლოში. მაგალითად, ადამიანებმა თავად უნდა განსაზღვრონ თავიანთ გარშემო სურთ მნაღალი განაშენიანება თუ დაბალი, ხოლო ბიუროკრატია ვალდებულია დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნები და ემსახუროს პირველ რიგში ხალხს და არა თავის ინტერესებს.

ემიგრანტები - ჩვენი დროის მამლუქები | თაკო აბესაძე

„ეს არის ისტორიული შანსი, ქვეყნისთვის უაღრესად გადამწყვეტ მომენტში“ | ანი ქავთარაძე

ბოდიში, რუსულ ხომალდზე გაგვიანდებათ… | ნუგზარ წიკლაური