გამოსავალი სასკოლო სპორტის განვითარებაა | თემურ პაპასკირი
სპორტი თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. დღევანდელ მსოფლიოში სპორტული წარმატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაში ძალზე დიდ როლს თამაშობს. თავის დროზე, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, გურამ ფანჯიკიძე იხსენებდა ისტორიას, როდესაც არგენტინაში ყოფნისას ადგილობრივმა ჟურნალისტმა საქართველოს ხსენებაზე განაცხადა, რომ მან იცოდა რამდენიმე ქართველი, თუმცა, მისი ჩამონათვალი სულ სამი კაცისგან შედგებოდა: „სტალინი, მესხი, მეტრეველი“. ბუნებრივია, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხალხი შეძლებდა სხვა ქართველების (მაგალითად, მეცნიერების) დასახელებას, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის სპორტი გაცილებით უფრო ახლოს არის და სწორედ ამან განაპირობა ამ სიაში ორი ფეხბურთელის მოხვედრა.
ცნობადობის ამაღლების გარდა, სპორტს აქვს უდიდესი გამაერთიანებელი პოტენციალი. ამის ყველაზე კარგი მაგალითი სულ მცირე ხნის წინ, 2024 წლის 26 მარტსა და 2024 წლის 26 ივნისს გვქონდა, როდესაც ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, შემდეგ კი – პორტუგალიის დამარცხებით – ჯგუფური ეტაპიც დაძლია და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა. ეს წარმატებები გასცდა მხოლოდ სპორტულ ღირებულებებს და მთელი ერის კონსოლიდაცია გამოიწვია. ალბათ, არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი საქართველო ისეთი ბედნიერი, როგორც 2024 წლის 26 მარტს და 26 ივნისს.
საქართველო, სპორტული თვალსაზრისით, საკმაოდ წარმატებული ქვეყანაა, მაგრამ ეს, ძირითადად, ხდება ცალკეული სახეობების ხარჯზე. პოტენციალი კი ბევრად უფრო დიდია, თუმცა, მას გამოყენება სჭირდება. სხვადასხვა სახეობებში ვარჯიში მთლიანად მშობლების გადასახდელია და საკმაოდ ძვირი ჯდება. ბავშვების უმრავლესობა მოკლებულია იმის შესაძლებლობას, რომ მათი ნიჭი სპორტში სრულად იქნას წარმოჩენილი. ამისი უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ამ დროისათვის პრაქტიკულად მოშლილია სასკოლო სპორტი. ფიზკულტურის გაკვეთილები მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებს. სკოლებში, ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს სპორტული წრეები. შედეგად, მასობრიობის არქონა განაპირობებს იმ გარემოებას, რომ საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული გუნდური სპორტის სახეობები. აქ გამამართლებელ საბუთად არ გამოდგება არც მოსახლეობის და არც ტერიტორიის სიმცირე. შედარებისთვის, საქართველოზე ოდნავ უფრო მცირე ტერიტორიისა და მოსახლეობით დაახლოებით იგივე მაჩვენებლის მქონე ხორვატიამ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უდიდეს წარმატებებს მიაღწია გუნდურ სპორტში. ფეხბურთში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობისა (2018) და ორჯერ მესამე ადგილზე (1998, 2022) გასვლის გარდა, ხორვატებს უზარმაზარი წარმატებები აქვთ წყალბურთში (ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები 2012 წელს, მსოფლიოს ჩემპიონები 2007, 2017 და 2024 წლებში, ევროპის ჩემპიონები 2010 და 2022 წლებში), ხელბურთში (ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები 1996 და 2004 წლებში, მსოფლიოს ჩემპიონები 2003 წელს) და კალათბურთში (ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები 1992 წელს, დამარცხდნენ მხოლოდ სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტებულ აშშ-ს „ოცნების გუნდთან“). თავად ხორვატები ამ წარმატებებს ხსნიან სამი ფაქტორით: გენეტიკა, კარგი ბავშვთა მწვრთნელები და პატრიოტიზმი. ვფიქრობ, პირველი და მესამე ფაქტორი ქართველებს არანაკლებ გაგვაჩნია, მაგრამ პრობლემა არის სპორტის მასობრიობასა და ბავშვთა მწვრთნელების ხარისხში.
რა არის გამოსავალი? სასკოლო დონეზე სპორტული შეჯიბრებებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა და მათი მასობრიობის მაქსიმალურად გაზრდა, ასევე მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების დონეზე სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარების ხელშეწყობა, რისი გაკეთებაც შესაძლებელია შესაბამისი საპრიზო ფონდების დაწესებით. ნებისმიერი სკოლა დაინტერესებული იქნება დამატებითი შემოსავლის მიღებით სპორტული წარმატებისათვის. სკოლებში სხვადასხვა სახეობების სპორტული კლუბების ჩამოყალიბება, რომლებიც დაფინანსდება განათლებისთვის გამოყოფილი ვაუჩერებიდან (ანუ მშობლებისთვის ეს არ იქნება დამატებითი ხარჯი), გააჩენს კონკურენციას. სკოლების ხელმძღვანელობა ეცდება, პოპულარულ სახეობებთან ერთად, განავითაროს შედარებით ნაკლებად გავრცელებული სპორტის სახეობებიც, რადგანაც მათში წარმატების მიღწევის (და, შესაბამისად, საპრიზო ფონდის მოპოვების) შანსი მეტი იქნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ეს სოფლის სკოლებისთვის. სოფელში ბავშვებისთვის გართობის ბევრად ნაკლები საშუალება არსებობს და სპორტი იქნება ძალზე კარგი საშუალება თავისუფალი დროის ასათვისებლად. ამასთან, სპორტში წარმატება, შესაძლოა, მომავალი ფინანსური კეთილდღეობის საფუძველი გახდეს. სასკოლო სპორტის მასობრიობა და ამის შედეგად შექმნილი კონკურენცია ხელს შეუწყობს ბავშვთა მწვრთნელების დონის ამაღლებასა და ამ მიმართულებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს ყოველივე გამოიწვევს ქალთა სპორტის განვითარებასაც, რაც საქართველოში დღეისათვის პრობლემას წარმოადგენს. გუნდურ სახეობებში ქალთა ჩემპიონატები მონაწილეთა მცირე რაოდენობით გამოირჩევა, რაც ცხადყოფს, რომ მასობრიობაზე აქ საუბარი, უბრალოდ, არ გვაქვს. არადა, ეს სპორტული გეოგრაფიის განვითარების კარგი შესაძლებლობაა. საკმარისია ითქვას, რომ ქალთა ფრენბურთში წამყვანი გუნდის როლს უკვე მეორე ათწლეულია სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. დიდი ჯიხაიშის გუნდი „ჯიკო“ ასრულებს, ხოლო საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს „ვერცხლის ლიგის“ გათამაშებებში.
სასკოლო სპორტის განვითარება, უშუალოდ სპორტული მიღწევების გარდა, ხელს შეუწყობს მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ახალგაზრდების სპორტით დაკავება მკვეთრად ამცირებს მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასა და კრიმინალურ აქტივობაში ჩართვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სპეციალური პროგრამაც კი აქვს შემუშავებული, რომელმაც წარმატებით იმუშავა მთელ რიგ ქვეყნებში. საქართველოსთვის მთელი რიგი რეგიონებისთვის, სადაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება სერიოზული პრობლემაა, სასკოლო სპორტის განვითარება ამ კუთხითაც ძალზე მნიშვნელოვანია.
ამგვარად, სასკოლო სპორტის განვითარება უამრავი კუთხით არის სასარგებლო და მასში ჩადებული ფული ბევრი მიმართულებით შეამცირებს დანახარჯებს. თანაც, ამის გაკეთება არც ისე ძნელია. ამისთვის საკმარისია განათლებისთვის განკუთვნილ ვაუჩერებში სასკოლო სპორტულ კლუბებში მონაწილეობის გადასახადის გათვალისწინება და მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებების გამართული ქსელის შექმნა შესაბამისი საპრიზო ფონდებით. სწორედ ეს არის ჩვენი კოალიციის გეგმა, რომლის განხორციელებაც დაიწყება არჩევნებში გამარჯვების დღიდანვე!