photo

ემიგრანტები - ჩვენი დროის მამლუქები | თაკო აბესაძე

მამლუქთა ისტორია საქართველოში ყველამ იცის.

ეს ისტორია სავსეა სევდით.

მამლუქები, მამელუქები (არაბული – თეთრი მონა) – არამუსლიმური წარმოშობის ევროპელი მეომარი მონები იყვნენ ახლო აღმოსავლეთის ზოგ მუსლიმურ ქვეყანაში.

ეგვიპტეში მამლუქთა ისტორია სულთან სალაჰ ალ-დინ იბნ აიუბის (1169-1193) სახელთანაა დაკავშირებული. პირველად მან მიჰყო ხელი მონების, უმთავრესად თურქებისა და კავკასიელების დიდი რაოდენობით შეძენას, შეიარაღებულ რაზმებში ჩარიცხვას და დაწინაურებას. მონობიდან თავდახსნილი თანამდებობასთან ერთად მსხვილ მიწის ნაკვეთსაც იღებდა. ასე გაჩნდა მამლუქთა სამხრეთ-ფეოდალური კასტა. ეგვიპტეში მამლუქების პირველი შეიარაღებული ფორმირება XII საუკუნეში გაჩნდა. 1250 წელს მათ ხელთ იგდეს ძალაუფლება და 1517 წლამდე მართავდნენ ეგვიპტესა და მის მეზობელ ქვეყნებს. XIII საუკუნეში მოიგერიეს მონღოლთა თავდასხმა და ჯვაროსნები სირია-პალესტინიდან განდევნეს.

მამლუქების სამხედრო ორგანიზაცია სისტემატურად ივსებოდა უპირატესად კავკასიიდან ჩამოყვანილი მონებით (ქართველები, ჩერქეზები, აფხაზები და სხვა).

ეგვიპტის მამლუქთა ელიტაში ჯერ ყივჩაღები, შემდეგ კი ჩერქეზები დომინირებდნენ. იქ ქართველების გავლენა სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე განსაკუთრებით ძლიერი იყო 1749 წლიდან. ასევე, ქართველმა მამლუქებმა მართეს 82 წლის განმავლობაში მართეს ერაყი და იქ მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც გაატარეს. სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნის წინაშე დიდი ღვაწლი მიუძღვით წარმოშობით ქართველ მამლუქ ფაშებს:
■ სულეიმან აბუ ლაილს (1749–62),
■ სულეიმან ბუიუქს (1780–1802),
■ ჰაფიზ ალის (1802–07),
■ სულეიმან ქუჩუქს (1807–10);
■ დაუდ-ფაშა გურჯს (1816–31).

საინტერესოა ისიც, რომ ეგვიპტის მმართველებს, იბრაჰიმ და მურად ბეიებს (ეგვიპტიდან წამოღებულ მურად ბეის ხმალს დიდ ხანს ინახავდა ნაპოლეონი, რომელმაც კუნძულ ელბაზე გამგზავრებამდე ის მარშალ მაკდონალდს გადასცა), რომელთა სამსახურში 16-დან 12 ბეი ქართველი იყო, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოსთან, მეფე ერეკლე II-სთან. მარტყოფში, შინჯიკაშვილების უბანში, დღემდე დგას იბრაჰიმის მიერ გამოგზავნილი ფულით აშენებული კოშკი. მანვე გაგზავნა მარტყოფში ფული ეკლესიის ასაშენებლად.

მამლუქთა შესახებ ცნობები მე-19 საუკენი წყდება, რაც ოსმალეთის იმპერიის დასუსტებას და შედეგად რეგიონში მონათა ვაჭრობის სწრაფ აღმოფხვრას უკავშირდება. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, სამშობლოდან გადახვეწილი და სხვა ქვეყანაში წარმატებული ადამიანების საკითხი ორი საუკუნის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა.

ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მზარდი იყო.

დაახლოებით 6 წლის განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში, ყოველდღიურად უამრავი ქართველი ითხოვდა ინდივიდუალურად თუ ოჯახებთან ერთად ლტოლვილის სტატუსს, უკეთესი ცხოვრების იმედით.

ქართველ თავშესაფრის მაძიებლებს უწევდათ ჯერ პოლიციაში ვიზიტის დაჯავშნა ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად, შემდეგ კი ჰუმანიტარული დახმარებისათვის ორგანიზაციების პოვნა, საცხოვრებლის, საკვების, სამედიცინო დაზღვევის და ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება რომ ჰქონოდათ. ეს კი, ის ელემენტარული საჭიროება და სიკეთეა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის უზრუნველყოფილია, საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით.

არჩილი 41 წლის, ესპანეთში მცხოვრები ქართველია. მან და მისმა ოჯახმა ესპანეთს თავშესაფრის მოთხოვნით 2019 წელს მიმართა.

მას და მის მეუღლესაც მოუწია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურის გავლა თავიანთი 11 და 13 წლის შვილებთან ერთად.

მისი ოჯახისთვის ყველაზე რთული ემიგრაციის პირველი წელი და საერთო საცხოვრებელში ცხოვრება აღმოჩნდა. მათთვის განსხვავებულ სოციუმში, საკუთარი ქვეყნიდან შორს, თითოეული დღე, ყოველდღიური ბრძოლა იყო, რომელსაც თან სდევდა შიში. ბავშვებთან ერთად ქუჩაში დარჩენის შიში, გაურკვევლობა, ბუნდოვანი მომავალი, ნოსტალგია, გაუცხოება...

თუმცა, გავიდა დრო, მათთვის დროსთან ერთად გამარტივდა ადაპტაციის პროცესი ახალ გარემოსთან. ევროპული, ქმედითი სოციალური მუშაკების ჩართულობით იქირავეს სახლი, ისწავლეს ესპანური ენა, დაიწყეს მუშაობა, შვილების განათლება და აქტიური, სპორტული ცხოვრების წესი მისი და მისი მეუღლის მთავარ გამოწვევად იქცა.

უფროსი ვაჟი რაგბით დაინტერესდა, გოგონა ფარიკაობით, აღმოჩნდა რომ ორივემ კარგად აითვისეს სპორტის ეს სახეობები, რეგიონის ნაკრებ გუნდებში ასპარეზობენ და აქვთ შემოთავაზება, ესპანეთის სახელით გავიდნენ საერთაშორისო ტურნირებზე.

ორი წლის წინ, როდესაც არჩილი თავის მძიმე ისტორიას მიყვებოდა, ძალიან მეამაყებოდა არჩილის შვილები და თან ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩემთვის ამ ბავშვების სახით, საქართველოსთვის დაკარგულ ადამიანური რესურსი და წარმატებული, ნიჭიერი თაობის ქვეყნიდან გადინება, საკუთარ ქვეყანაში, ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობების არ ქონის გამო.

მე, როგორც ჟურნალისტმა, დავიწყე მუშაობა, რომ მქონოდა სტატისტიკა, საქართელოდან ემიგრირებულ და სხვა ქვეყანებში, სპორტში წარმატებულ ბავშვებზე. აღმოჩნდა, რომ მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს და ეს ბავშვები თავიანთი სამშობლოსთვის უჩინარები არიან.

ძალიან მალე, თავად დავიწყე მცირე კვლევის წარმოება. დავიწყე მოძიება ესპანეთის მასშტაბით, სპორტში წარმატებული ქართველი ემიგრანტი ბავშვების სტატისტიკა შემაშფოთებელი აღმოჩნდა.

სოციალური ქსელის საშუალებით გამოკითხულთა შედეგად აღმოჩნდა, რომ დახლოებით 70-მდე მოზარდია მხოლოდ ესპანეთში, რომლებიც პროფესიონალურად არიან ჩართული სპორტში, აქვთ დიდი სპორტული მიღწევები, ირიცხებიან ესპანეთში სხვადასხვა რეგიონის ასაკობრივ ნაკრებებში, როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში. (რიცხვი დაუზუსტებელია და არ ასახავს ოფიციალურ მონაცემს).

ზოგიერთ მათგანს აქვს ესპანეთის ჩემპიონის და პრიზიორის ტიტული და ასევე საერთაშორისო ტურნირებში მიღებული საპრიზო ადგილები!

ამ ბავშვებს თუ ჰკითხავთ, რა არის მათი ოცნება, აუცილებლად, დაუფიქრებლად, მხოლოდ ერთ პასუხს მიიღებთ, რომ გამარჯვებულები, როდესაც კვარცხლბეკზე დგებიან, სურთ მოისმინონ საქართველოს ჰიმნი და არა ესპანეთის, უნდათ მათი გამარჯვება ეკუთვნოდეს სამშობლოს და არა შემფარებელ ქვეყანას, რომელსაც ასევე სახლად თვლიან და რომელსაც უაღრესად ემადლიერებიან, რადგან მან ისინი მიიღო და შეიყვარა, მათი ქართული კულტურით, რელიგიით, ტრადიციებითა და ხასიათით.

ჯერ კიდევ არის შანსი, საქართველომ დაიბრუნოს, გადარჩენისთვის, ქვეყნიდან იძულებით, წასული, უზომოდ პატრიოტი და ძლიერი მომავალი თაობა, რომელიც ქვეყნიდან 4000 კილომეტრის მოშორებით დიდი სიყვარულით აკეთებს ჭეშმარიტად ქართულ და ღირსეულ საქმეს, „იბერიელებს“ აჩვენებენ, რომ ევროპის და აზიის გზაგასაყარზე, ევროპულ საქართველოს ყავს ღირსეული და ძლიერი მებრძოლი ხალხი.

ეს ბავშვები ინარჩუნებენ ენას, იდენტობას და ელოდებიან, რომ ერთ დღესაც მიეცემათ შანსი, დაიბრუნოს თავიანთმა ქვეყანამ და იბრძოლონ სამშობლოსთვის და სამშობლოს გამარჯვებისთვის!



მამლუქთა შესახებ ცნობები მე-19 საუკენი წყდება. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, სამშობლოდან გადახვეწილი და სხვა ქვეყანაში წარმატებული ადამიანების საკითხი ორი საუკუნის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა.

რა სურს ახალგაზრდობას? რუსული კანონის პროტესტიდან - არჩევნებამდე | გიორგი ფაჩუაშვილი

ქართველი ფერმერები სწრაფად გამდიდრდებიან | ჯამბულ ხოზრევანიძე

„ხალხი ყველას შიშთან შეზავებული სიფრთხილით უყურებს“ | მინდია გოდერძიშვილი