„ხალხი ყველას შიშთან შეზავებული სიფრთხილით უყურებს“ | მინდია გოდერძიშვილი
- ქვეყანა ამ არჩევნებს ისეთი საშინაო თუ საგარეო პრობლემებით ხვდება, რომლებიც აუცილებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებზე. თქვენ რომელს გამოყოფდით კონკრეტულად გორის მუნიციპალიტეტისთვის?
- გორში, როგორც მთელ საქართველოში, არის საერთო პრობლემები, მაგრამ არსებობს კონკრეტულად ჩვენი რაიონისთვის განსაკუთრებული საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, უნდა გამოვყო უმუშევრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ხელისუფლება 10 და 15 ადამიანს ასაქმებს სსიპ-ებში და აიპ-ებში ისეთ ადგილებზე, სადაც ერთი კაციც თავისუფლად ყოფნის და ამ ვითომ დასაქმებით ცდილობს საერთო სურათის შექმნას. არ არსებობს წარმოება; არ არსებობს ხელშემწყობი პირობები, რომ მოქალაქეებმა თავად შეძლონ წარმოების გამართვა - ხელოვნურად შექმნილი ბიუროკრატიული წინაღობები არ აძლევს მათ ამის საშუალებას. ამასთან, საბანკო სისტემა სადამსჯელო იარაღი უფროა ხელისუფლების ხელში, ვიდრე - მეწარმის დამხმარე.
მწვავედ დგას ჩვენთან დემოგრაფიული პრობლემაც.
- ისევე, როგორც მთელ საქართველოში, გორშიც, ალბათ, ძალიან მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი.
- მიგრაციას კატასტროფული სახე აქვს მიღებული. აბსოლუტურად დაცლილია სოფლები და უბნები ხალხისგან - წასულები არიან, ზოგი დროებით, ზოგი სამუდამოდ. უამრავი ბავშვია მშობლებთან ერთად წასული უცხო ქვეყნებში. კონკრეტული მონაცემების მოყვანა გამიჭირდება, რადგან სხვადასხვა კვლევა განსხვავებულ რიცხვებს დებს, მაგრამ ნებისმიერი გორელისთვის თვალშისაცემია, რომ რაიონი იცლება. ადამიანები, ვისაც ქუჩაში ვხვდებოდით, რომ მოგვაკლდებიან თვალში და გავიკითხავთ, სად დაიკარგაო, პასუხად ვიღებთ, ემიგრაციაში წავიდაო. ამას აღარ სჭირდება რაიმე სტატისტიკური მონაცემები - ფაქტია, რომ ხალხი გარბის და ვინც დარჩა, მათი უდიდესი ნაწილი ეძებს გზებს, რომ როგორმე გააღწიოს აქედან.
- თქვენი აზრით, ყველაფერი ზემოთქმული ახდენს თუ არა გავლენას მოქალაქეთა წინასაარჩევნო განწყობაზე?
- მმართველ პარტია ხალხის გაჭირვებით სარგებლობას ცდილობს, აშანტაჟებს სოციალური დახმარების შეწყვეტის, არადა ნორმალურ ქვეყანაში პირიქით იმას უნდა ფიქრობდეს ხელი როგორ შეუწყოს და სიდუხჭირიდან ამოიყვანოს, თუმცა ადამიანის უბედურების ხარჯზე არავის გაუხარია ამ ქვეყანაზე და ვფიქრობ რომ ქართული ოცნებაც ვერ გაიხარებს. ყველა ხვდება რომ არჩევნები ფარულია და საარჩევნოდ ვინ რომელ პარტიას შემოხაზავს ხელისუფლება ამას ვერასოდეს გაიგებს.
- როგორ ფიქრობთ, ასეთ ადამიანებს სჯერათ არჩევნების ფარულობის და შეძლებენ ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის მიცემას?
- ჩემი აზრით, ხელისუფლების „მიღწევად“ უნდა ჩაითვალოს ადამიანებში ნიჰილიზმისა და ინდიფერენტულობის ჩანერგვა, მაგრამ ეს აღარ „მუშაობს“. ძალიან კარგად ხვდება ყველა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. ყველა ხვდება, რომ ქვეყანას მართავს რაღაც ბიზნესჯგუფი, რომელმაც საქართველო საკუთარ კომპანიად გადააქცია და საკუთარი ჯიბის გარდა სხვა არანაირი ინტერესი არ აქვს. ხალხს იმიტომაც უჭირს გადაწყვეტილების მიღება, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა იმედები გაუცრუა და, აქედან გამომდინარე, შიშთან შეზავებული სიფრთხილით უყურებს ყველას. ესეც განაპირობებს ინერტულობას, თუმცა ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ რეჟიმი შესაცვლელია.
- გამოდის, ამ ადამიანებს არა აქვთ რწმენა იმისა, რომ თავად ძალუძთ სასიკეთოდ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ქვეყანა. როგორ უნდა დაუბრუნდეს მათ ეს რწმენა?
- ჩემი აზრით, არჩევნებში წარმატების შემდეგ, უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის გადასვლა რეალურ თვითმმართველობაზე. ჩვენს რეგიონს გააჩნია საკმაოდ მოცულობითი რესურსები და პოტენციალი, რომლის გამართვა და გადაწყობა დასავლურ ყაიდაზე ძალიან დიდი როლს ითამაშებს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაში. ამისათვის საჭიროა პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ექნება რწმენა, ხედვა და სიყვარული საკუთარი ქვეყნისა და ხალხისა. თვითმმართველობის გასაჯანსაღებლად ბევრი მიმართულებით არის კომპლექსურად სამუშაო.
- და ბოლოს, ორიოდე სიტყვით, თქვენი პოლიტიკური გამოცდილების შესახებ.
- 2003 წლიდან ჩართული ვარ პოლიტიკაში. რაღაც პერიოდი საკრებულოს წევრიც ვიყავი - 2017 წლამდე. შემდეგ ცოტა ხნით პაუზა ავიღე. ახლა მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის გულხელდაკრეფილი ყოფნა არ შეიძლება. მართლა ქვეყნისთვის გვიწევს ბრძოლა. ქართველები, ფაქტობრივად, ვქრებით. მე იმასაც გავუსვამდი ხაზს, რომ იდეალური არც ერთი პოლიტიკური პლატფორმა არ არის, რაღაც შეცდომები ყველგან ხდება, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და მაქსიმალურად ჩართული ვარ მის საქმიანობაში.