photo

მითოლოგია - ტყაშმაფა და ოჩოკოჩი | გიორგი ათათია

მსოფლიო სავსეა მითებითა და მითოლოგიებით, მათი შექმნა და გადმოცემა მრავალსაუკუნოვანი პროცესია, რომლის სათავედ შეიძლება ვივარაუდოთ ის პერიოდი, როდესაც ადამიანებმა ამბის მოყოლა და წერა ისწავლეს. ცხოვრების ძირითადი მითოლოგია არის ის, თუ როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ გაჩნდნენ ადამიანები და სიკვდილის როლი ადამიანის არსებობაში. მითოლოგია და მითები არ არის რელიგია, მაგრამ ისინი რელიგიის არსებითი კომპონენტია, კაცობრიობის მიერ შექმნილი პირველივე ტექსტები იყო ღმერთების საგალობლები და მითოლოგიური ისტორიები, რომლებიც ცდილობდნენ, აეხსნათ ცხოვრების მიზანი.

მითოლოგია შეიძლება აღვიქვათ უნივერსალურ ენად, მითოლოგიის მნიშვნელობა ადამიანის გამოცდილების გაგებაში არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. ის მძლავრი ინსტრუმენტია ჩვენი ცხოვრების სულიერი და ფსიქოლოგიური განზომილებების გამოსახატავად. მითოლოგია არ არის მხოლოდ ძველი მოთხრობების კრებული; ეს არის ენა, რომელიც საუბრობს ჩვენს წარმოსახვაზე და მის უნარებზე. შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა გაიგებთ, რომ სხვადასხვა კულტურის ისტორიები ხშირად იზიარებენ საერთო თემებსა და ნიმუშებს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს ადამიანის შემოქმედების უნივერსალური წყარო, რომელსაც ჩვენ ყველანი ვეხებით, საქართველოშიც შეეხნენ ჩვენი წინაპრები ამ საერთო წყაროს, რომლის შედეგადაც მრავალფეროვანი მითები არსებობს საქართველოს კუთხეებში. ამ სტატიაში სამეგრელოში დამკვიდრებულ მითოსებზე ვისაუბროთ:

სამეგრელოში დამკვიდრებული ლეგენდების მიხედვით, ტყეებში ტყის დედოფალი დახეტიალობს. ის ლამაზი, მშვენიერი არსებაა, გრძელი ჩამოშლილი თმა აქვს, ტანით ჩვეულებრივი ქალის ოდენაა, უმტვერო თოვლის მსგავსად თეთრია, დადის შიშველი და ტყიდან გამოსულს უყვარს ინებივროს მთვარიან ღამეებში სადმე ანკარა წყაროს პირას. ზის და იბანს თავის თითქოს მარმარილოსგან გამოქანდაკებულ სხეულს, ხოლო ვერცხლის სავარცხლით გრძელ თმას ივარცხნის ის გახლავთ ტყის მეფე-ქალი (ტყაშმაფა ან ტყაში მაფა სწორედ ამას ნიშნავს), გარეულ ცხოველთა მბრძანებელი, ულამაზესი, მომხიბლავი და მაცდური. პირველი ნიშანი რომ თქვენს ახლოს ტყაშმაფა გამოჩნდა, არის ის, რომ ტყეში გზა აგებნათ. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაშმაფა ეცდება, მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირი დაამყაროს; ხოლო საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ამგვარად, ტყის მეფე და მონადირე პირობას დებენ, რომ ერთმანეთთან მათი კავშირი საიდუმლო უნდა იყოს, სამაგიეროდ ჰპირდება წარმატებას ყველა საქმეში, განსაკუთრებით ნადირობაში, რადგან ტყაშმაფას განკარგულებაშია ყველა ნადირი.

არსებობს ტყაშმაფასთან დაშორების ერთი ხერხი, თუ მოახერხებ რომ მისი თმები რძით დაბანო, ის კარგავს შესაძლებლობას, გავნოს. მონადირე თავისუფლდება დადებული პირობისგან და ამავე დროს ტყაშმაფა მას ნადირობის იღბალსაც ანიჭებს და მიდის. ზოგიერთ გადმოცემაში მონადირე მას ტყვიას ესვრის, ამ დროს ტყაშმაფა ევედრება, რომ მეორე ტყვიაც ესროლოს და როდესაც მონადირე ამ სურვილს უსრულებს, ტყაშმაფა უკეთ ხდება და შურს იძიებს. ყოველ მომდევნო ტყვიაზე ტყაშმაფა უფრო და უფრო ძლიერდება, ამიტომ, თუ ვინმეს მისი მოკვლა უნდა, მხოლოდ ერთი ტყვია უნდა გამოიყენოს.

ტყაშმაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, ის მეგრულ მითოლოგიაში ნადირთმფარველი ღვთაებაა. ზეპირსიტყვიერების პოპულარული პერსონაჟი, რომელიც ტყეში ცხოვრობს და გამუდმებული კონფლიქტი აქვს მონადირეებთან. მისი სხეულის ერთი ნაწილი ვაცის (მამალი თხა), მეორე კი ადამიანის მსგავსია. ოჩოკოჩი ადამიანურად ვერ მეტყველებს, შიშველია. შეხვედრისას ბურტყუნებს, ან წკმუტუნებს, ან იცინის. ამბობენ, რომ თუ პასუხს არ გასცემ, თვითონვე გაიქცევა. თუ ვინმე დაუძახებს, ან ლაპარაკს დაუწყებს, ეცემა და ჩხუბს დაუწყებს. ოჩოკოჩი უჩვეულოდ ჩხუბობს. იგი, როგორც ხმელი ხის ტოტი, ისე გადაუმტვრევს ხელს ან ფეხს მოწინააღმდეგეს. ფხაჭნიან გრძელი, ბასრი კლანჭებით. ოჩოკოჩი ახმახიაო, იტყოდნენ, ფეხშიშველა დადის და ეშვები აქვსო. მკერდზე საფეთელის მსგავსი რქები აქვს წამოზრდილიო. როცა დადის ყვირის და მიხარხარებს. სადაც კაცი ცხოვრობს, იმ ადგილებში არ დადის. უმეტესად მონადირეები და მეჯოგეები ხვდებიან. ოჩოკოჩი სპობს ადამიანს თავის რკინის ხელებით ან გულზე გაკეთებული ცულით, უკიდურეს შემთხვევაში, თუ მონადირე როგორმე ცოცხალი გაუსხლტება ხელიდან, ჭკუაზე მაინც შეშლის. ოჩოკოჩი დღისით არ ჩანს, ის ბნელ ტყეში ცხოვრობს, მთელი ზამთარი სძინავს, ხოლო ზაფხულში ნადირობას იწყებს. მას ტანზე აქვს რქოვანი წამონაზარდი, რომელიც ჰგავს ნაჯახს. გადმოცემის თანახმად, იგი ამ წამონაზარდით კლავს მონადირეებს.

მეცნიერულის გარდა, სუფთა პრაგმატული მნიშვნელობა აქვს მითებს და ლეგენდებს დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკაში. ამის მაგალითად მარტო სკანდინავიური მითოლოგიაც კმარა. მე-17 საუკუნიდან ევროპაში სკანდინავიური ისტორიები საკმაოდ პოპულარულია. ბოლო წლებში სკანდინავიური მითები გამოჩნდა მხატვრულ ლიტერატურაში, ჰოლივუდის ბლოკბასტერებში, როკ-ალბომებში, ოპერაში, ვიდეო თამაშებსა თუ სატელევიზიო შოუში.

სკანდინავიურმა პერსონაჟებმა თანამედროვე ჰოლივუდის მაღალბიუჯეტურ ფილმებში გადაინაცვლეს და ამით დიდი ფინანსური შესაძლებლობები გაუჩნდა არა მხოლოდ ამერიკას და კალიფორნიას, არამედ თავად მითოსის წარმოშობის ქვეყნებსაც.

ამის ფონზე, ჩვენ შეგვიძლია ჩავიხედოთ მეგრულ, სვანურ, ხევსურულ და ა.შ. მითოსში და ჩვენ დავინახავთ რომ მასობრივი კულტურის ზეგავლენის უდიდესი საგანძური ინახება იქ

ჰოდა მაშინ, როცა დასავლური ფილმების მესვეურები მონდომებით დაეძებენ ახალ ისტორიებს და გმირებს, ვფიქრობ, ჩვენ ძალიან წარმატებით შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენი მითოლოგია. თუმცა ამისთვის, პირველ რიგში, თავად ჩვენ უნდა გავეცნოთ, საქართველოს მითოლოგიას, რომელიც ჩვენს ჯადოსნურ წიგნებშია გადმოცემული.

„გამარჯვება გარდაუვალია, თუ იქნება მოსახლეობის მაღალი აქტივობა“ | თემურ გორგაძე

„ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა | მარიამ მიქიაშვილი

ელენე ხოშტარია: ხალხის მთავარი მოთხოვნაა: შეცვალეთ!