photo

„სამეგრელო ყველაზე უფრო მეტად მზადაა ცვლილებისთვის“ | ნიკა მელია

- ბატონო ნიკა, თქვენ არაერთ წინასაარჩევნო კამპანიაში მიგიღიათ მონაწილეობა, რითი განსხვავდება წლევანდელი კამპანია?

- მართალია, მართლაც ბევრი წინასაარჩევნო კამპანია მახსოვს, მაგრამ არასდროს არ მიგრძვნია ასეთი ერთიანი სულისკვეთება ხალხში. ჩვენ გავხსენით სამოცზე მეტი რეგიონული საარჩევნო შტაბი საქართველოში და ოცდაათზე მეტი საარჩევნო შტაბი თბილისში. შემოვიარეთ მთელი საქართველო, ყველა მუნიციპალიტეტი, ყველა უბანი, ქალაქი, თუ სოფელი და ყველგან ვნახეთ ერთი და იგივე განწყობა: ხალხს სურს ცვლილება, მეტიც, ხალხი უკვე ემზადება ცვლილებისთვის, განწყობა არის საოცრად დადებითი, მტკიცე და ურყევი: მოქალაქეებს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად დააფიქსირებენ 26 ოქტომბერს. ამომრჩევლის ორი მესამედი უკვე ღიად აფიქსირებს, რომ ხმას აძლევს ოპოზიციას, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებზე მინიმუმ ორჯერ მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც სურს ცვლილება. მეტიც, სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრი ადამიანი, ვისაც საჯაროდ ჯერ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, ასევე დაუჭერს მხარს ცვლილებებს, მათ შორის სახელმწიფო მოხელეები, საჯარო სექტორში დასაქმებულები და „ქართული ოცნების“ წევრებიც კი. 26 ოქტომბერი იქნება დიდი სიურპრიზი, რომელსაც ქართველი ხალხი უმზადებს ბიძინა ივანიშვილს: რამდენიც არ უნდა იცრუოს, იფარისევლოს და ეცადოს, ივანიშვილი ძალაუფლებას ვეღარ გაიხანგრძლივებს: საქართველო დაუბრუნდება განვითარების ევროპულ გზას.

- როგორც აღნიშნეთ, ცვლილების გარდაუვალობაში ეჭვი არ გეპარებათ. რა როლი ექნება ამ პროცესში „კოალიციას ცვლილებისთვის“?

- ჩვენი კოალიცია იყო პირველი, რომელიც ზუსტად გამოეხმაურა საზოგადოების დაკვეთას მძლავრი პოლიტიკური ცენტრების შექმნის შესახებ. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და ის გულწრფელობა, რომლითაც ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია. ჩვენ არ ვაპირებთ თუნდაც ერთ რომელიმე საკითხზე მოსახლეობა შევიყვანოთ შეცდომაში. ჩვენ სწორედ მოქალაქეების მოსმენაში გავატარეთ ეს თვეები და სწორედ ამიტომ, ყველაზე უკეთ ვიცით, თუ რა სჭირდებათ ადამიანებს ადგილებზე: მათ სჭირდებათ არა ერთი მთავრობის მეორეთი ჩანაცვლება, არამედ ფუნდამენტური და არსობრივი ცვლილება, რომელიც შეცვლის მთლიან მდგომარეობას საქართველოში. ცვლილება, რომელიც მოგვიტანს მშვიდ გარემოს, შესაძლებლობების ეკონომიკას, სამართლიან სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემას, ევროპულ განათლების სისტემასა და ნამდვილ დეცენტრალიზაციას. ცვლილება, რომელიც შეძლებს, საქართველო შეიყვანოს ევროკავშირში და ცვლილება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გააქრობს ამ ქვეყანაში ერთი კაცის მმართველობას. სწორედ ეს არის ის საკითხები, რომლებიც ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საზოგადოებისა და ჩვენი პრიორიტეტები ამ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დამთხვევა აისახება არჩევნების შედეგზეც: ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ყველაზე წარმატებული ოპოზიციური პარტია ამ არჩევნებზე და ვიქნებით ახალი კოალიციური ხელისუფლების ფლაგმანი.

- რას გააკეთებს ახალი, კოალიციური ხელისუფლება არჩევნების შემდგომ?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დემოკრატიის გაძლიერებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ შესრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. დარწმუნებული ვარ, 2025 წლის დადგომამდე, უკვე რამდენიმე თვეში, ჩვენ შევძლებთ გავხსნათ მოლაპარაკებების ეტაპი წევრობის შესახებ და სულ რამდენიმე წელიწადში, 2030 წლისთვის გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ეს მოგვიტანს სიმშვიდეს და სრულიად ახალ ეკონომიკურ პერსპექტივას. ასევე გვექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვიცხოვროთ მდიდარ, წელში გამართულ და წარმატებულ ქვეყანაში.

- სამეგრელოში ხშირად გხედავთ, როგორი განწყობაა?

- როგორც ყოველთვის, სამეგრელო ძალიან სწორ მხარეს დგება: განწყობა ერთიანი და ამაღლებულია. მოქალაქეებმა იციან, რა არის ჩვენი მთავარი პრობლემა და რით უნდა მოვაგვაროთ ის: მთავარი პრობლემა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობაა, რომელიც გვაცილებს ევროპულ გზას და არ აძლევს არც ერთ ადამიანს შანსს, დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას. ამ პრობლემის მოგვარების გზაც ცნობილია - არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გასტუმრება ხელისუფლებიდან და ახალი კოალიციური მთავრობის არჩევა.

ამ მთავარი პრობლემიდან, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, არსებობს პრობლემების მთელი ქსელი, რომელთა გამოსწორებასაც ამ ხელისუფლების პირობებში მოგვარება ნამდვილად არ უწერია. სერიოზული პრობლემაა ის, რომ რეგიონების რესურსებს დაეპატრონნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აღარ აძლევენ საშუალებას სხვებს, რომ ნახონ ეკონომიკური სარგებელი. ასე ხდება თუნდაც მარტვილში, სადაც კანიონებია შემოღობილი კონკრეტული ადამიანებისთვის და იქ სხვებს არ უშვებენ. ასე ხდება ჩხოროწყუში, სადაც ერთ ცნობილ ადგილობრივ ადამიანს თავი ფეოდალი ჰგონია. ფოთი საერთოდ გადაიქცა კლანურ ქალაქად. საყოფაცხოვრებო პრობლემებით არის აღსავსე ხობი, სენაკი, აბაშა. შიდა გზები უბრალოდ თავიდან არის დასაგები, ეკონომიკური აქტივობები შეჩერებულია, მოსახლეობაზე არავინ ზრუნავს, მხოლოდ ტენდერებისა და კორუფციული სქემების დარდი აქვთ. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვჭირდება ცვლილება და ახალი, დემოკრატიული, ევროპული მომავალი.

- ზუგდიდზე რას გვეტყვით?

- როგორც ყოველთვის, ზუგდიდი პოლიტიკურად ძალიან აქტიურია. მოქალაქეების სრული უმრავლესობა უარს ეუბნება „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, ზუგდიდში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დიდ მარცხს იწვნევენ და აქაც, ოპოზიციის მთავარი ფლაგმანი იქნება ოთხი ნომერი და „კოალიცია ცვლილებისთვის“. ამ ქალაქს აქვს უდიდესი პოტენციალი, აქ ცხოვრობს უნიჭიერესი, შრომისმოყვარე და ძალიან პატრიოტი ხალხი, რომელმაც იცის, როგორ უნდა მიხედოს სამშობლოს, ოჯახსა და გარემოს. როდესაც ჩვენ გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან, გვექნება ახალი დიდი პორტი სამეგრელოში, რომელსაც სჭირდება დიდი მხარდაჭერა და რომელსაც შეუძლია დიდი შემოსავლის მოტანა რეგიონში. ზუსტად ვიცი, დღეიდან 5-6 წელიწადში სამეგრელოს რეგიონი იქნება ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი, განხორციელებული ტურისტული პოტენციალით და სავსე სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიური მიდგომებით, როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე ლოჯისტიკური თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან ბევრი ადგილი შემოვიარეთ და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, სამეგრელო ყველაზე უფრო მეტად მზადაა ცვლილებისთვის და ეს ცვლილება აუცილებლად განხორციელდება 26 ოქტომბერს. საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი მდიდარი, ერთიანი და წარმატებული ქვეყანა.

„ხაშურის მოსახლეობა ცვლილებების მოლოდინშია“ | თამაზ ქართველიშვილი

ცვლილება, რომელიც აუცილებელია | გიორგი ბუტიკაშვილი

ხათუნა სამნიძე: თუ ეს ხელისუფლება დარჩა, ამ ქვეყანაში არც მშვიდობა იქნება და არც თავისუფლება