ამ ქვეყანას ვერ გაარუსებენ! | ნათია ლეთოდიანი
- როგორ მოხვდით პოლიტიკაში?
- პოლიტიკა სტუდენტობის დროიდან მაინტერესებდა და მაშინვე ჩავერთე. მერე ცოტა ნიჰილიზმმა შემომიტია - თითქოს ბრძოლამ აზრი დაკარგა. თუმცა, 2019 წლის 20 ივნისიდან ბრძოლის ახალი სუნთქვა გამეხსნა. ეს იყო ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების გარდამტეხი თარიღი - ისე მოხდა, რომ იმ დროს შვებულებაში ვიყავი და ქალაქში არ ვიმყოფებოდი. აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ მთავრობის რუსული გეზი იმ დროს ჩემთვის უკვე სიახლეს აღარ წარმოადგენდა, თუმცა გავრილოვის ჩამოყვანას ის მოჰყვა, რომ ბევრი ადამიანი მიხვდა ამ ხელისუფლების მავნებლურ პოლიტიკას და ბრძოლაში ჩაერთო.
ჩემი ოჯახი წარმოშობით სოხუმიდანაა - დევნილები ვართ. მამაჩემი აფხაზეთის ომში იბრძოდა და ზუსტად იცოდა, თუ როგორ ამარაგებდა რუსი გავრილოვი ტყვია-წამლით აფხაზ სეპარატისტებს. მამა ამ ომში იბრძოდა და ცალი თვალი დაკარგა. გავრილოვის სახელის გაგონებისთანავე, რასაკვირველია, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აქციაზე გავიდა, სადაც იმ ცნობილი დარბევის დროს მეორე, საღი თვალში რეზინის ტყვია მოხვდა და 53 წლის ასაკში მხედველობა სრულად დაკარგა. ჩემთვის ქვეყნის რეალური გარუსების საფრთხეს ეს პირადი ტრაგედიაც დაემატა და დავრწმუნდი, რომ - არა, ეს ქვეყანა ვერ უნდა გაარუსონ, აქ გავრილოვებმა ვერ უნდა იბოგინონ, რომ ეს მავნებელი მთავრობაა, რომელიც გეუბნება, რომ თქვენ წინაშე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობთ, უბრალოდ „ქართუს“ კეთილი ნებით დაგიფინანსებთ მკურნალობასო. სწორედ იმ დღეებში უკვე გაორმაგებული ბრაზით ვიგრძენი, რომ თავად უნდა გავხდე საჯარო, რადგან საჯაროობა გიცავს (ამას ბევრი ადამიანი ჯერ ისევ ვერ ხვდება, სამწუხაროდ), და პირადად უნდა მივიღო მონაწილეობა ამ ქვეყანაში რუსეთის დასრულების და ამ მავნებელი მთავრობის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საქმეში.
სწორედ ამ დროს, ჩემი აზრით, ელენე ხოშტარია, და „დროა“ იყო ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ანტისაოკუპაციო მოძრაობა. 20 ივნისის მოვლენებში ელენე ყველაზე გამორჩეული იყო და ამან გადამაწყვეტინა უკვე პოლიტიკაში მათთან ერთად მოსვლა და ბრძოლა. ელენეს ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ზოგადად სამართლიანობისთვის ჩემთვის გადამწყვეტი გახდა. მერე უკვე ერთად დავაფუძნეთ პარტია „დროა“.
- როგორ შეაფასებთ რეგიონში წინასაარჩევნოდ არსებულ მდგომარეობას?
- რამდენიმე საკითხს გამოვყოფ:
ემიგრაცია
ქვემო ქართლში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ემიგრაციის მაჩვენებელი მაღალია - თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომლიდანაც ერთი წევრი მაინც არ იმყოფება ემიგრაციაში. ეს ყველაფერი საერთო პრობლემიდან გამომდინარეობს - უსახსრობა, გაჭირვება, დაუსაქმებლობა - ანუ ყველაფერი, რაც მთლიანად მთელი ქვეყნის პრობლემაა. ადამიანები ქვეყნიდან იმიტომ გარბიან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავენ. თუმცა, ჩემი ოჯახის წევრის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ემიგრანტებს შორის არასდროს ყოფილა ისეთი იმედიანი განწყობა, როგორც დღესაა - დედაჩემი კანადაში წელს პირველად დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. პირველად ხდება, რომ ტორონტოში ემიგრანტები ქირაობენ ავტობუსებს და მინივენებს და აპირებენ მივიდნენ საკონსულოში, რომლამდეც შვიდი საათის გზაა, იმისთვის, რომ ხმა მისცენ. აქამდე ყოველთვის ისე იყო, რომ არჩევნებს და საკუთარი ხმის მნიშვნელობას განსაკუთრებული სერიოზულობით არ უყურებდნენ. წელს კი ნამდვილად გაუჩნდათ იმედი, რომ ქვეყანაში დაბრუნდებიან. ბევრი ემიგრანტი ვიცი ისეთიც, ვინც საგანგებოდ არჩევნებისთვის აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და აქ ხმის მიცემას. ყველას გვჯერა, რომ ეს ხელისუფლება შეიცვლება. ასეთი ერთიანობა და ერთსულოვანება საქართველოშიც და ქართველ ემიგრანტებს შორისაც, მრავალი წელია, აღარ ყოფილა.
ეკონომიკა
ქვემო ქართლი სპეციფიკური რეგიონია იმ მხრივ, რომ აქ, მაგალითად მარნეულში, გარდაბანში, რუსთავშიც ბევრი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მათი ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობაა - მარნეულიდან რუსთავში ჩააქვთ პროდუქტი, ასევე ადგილებზე მესაქონლეობაც განვითარებულია. თუ დასაქმების ამ სფეროს არ ჩავთვლით, დანარჩენი, ისე როგორც მთელ ქვეყანაში - აქაც საყოველთაო გაჭირვება და უმუშევრობაა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მაგალითად მარნეულში აზერბაიჯანელებს, თეთრიწყაროში ქართველებს აქვთ ფერმები, თუნდაც კოდაში - ცნობილი კვერცხის მეურნეობა - ესენიც და კიდევ ძალიან ბევრი მცირე მეწარმე დაფინანსებულები არიან ევროკავშირის პროექტებით; ანუ მათ თავიანთი ბიზნესი და მცირე საწარმოები ევროკავშირიდან მიღებული გრანტების წყალობით განავითარეს. ეს ყველაფერი რუსული კანონის მიღების შემდეგ, რასაკვირველია, საფრთხის ქვეშ დადგა. მე ვიცი კონკრეტული საწარმოები, რომლებსაც პრობლემები უკვე შეექმნა, ზოგიც წლის ბოლომდე ცდილობს თავის მიტანას და ამ გრანტის რაღაცნაირად გადანაწილებას, რათა მისმა საწარმომ ფუნქციონირება არ შეწყვიტოს. ცხადია, რომ ამ ხელისუფლების რუსულმა პოლიტიკამ ადგილზე ყველა ფენას, ყველა სეგმენტს პრობლემები შეუქმნა - მათ შორის იმ ადამიანებს, რომელთა მთავარი შემოსავალი იყო ვაჭრობა, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარება. იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ, ქვეყნიდან არ გამგზავრებულიყვნენ, საკუთარ რეგიონში დარჩენილიყვნენ და განევითარებინათ მათი მხარისთვის უკვე გამოცდილი სოფლის მეურნეობის დარგები, თუნდაც მემწვანილეობა და სათბურები მარნეულში (რომელიც ისევ ევროკავშირის გრანტების წყალობით გაშენდა). ხსენებული მიზეზების გამო, მათ საქმიანობას ამჟამად სერიოზული საფრთხე უდგას. თუმცა, ამის დადებითი მხარე ის არის, რომ აქაურებმა კარგად იციან ევროკავშირთან ურთიერთობის ფასი და ევროკავშირის სიკეთეების გასაგებად ჩვენი ახსნა-განმარტებები არ სჭირდებათ. ეს ყველაფერი საკუთარი გამოცდილებით იციან, და ისიც იციან, რომ მეტ ინტეგრაციას მეტი სიკეთე მოჰყვება.
კორუფცია
კორუფციაზე ზერელე ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს, რუსთავზე ვილაპარაკებ, რადგან აქაური ვარ და ეს ქალაქი კარგად ვიცი. ბევრჯერ მითქვამს, რომ ქალაქ რუსთავს ასეთი კორუმპირებული მერი, მრავალი წელია, არ ჰყოლია. შევარდნაძის დროს ბავშვი ვიყავი და არ მახსოვს, მაგრამ დღეს რომ რუსთავში კორუფცია ყვავის, ასეთი მანამდე არასდროს მომხდარა.
სამწუხაროდ, ჩვენ დღეს გვყავს მერი, რომელიც აუდიტის სამსახურს არ უშვებს მერიაში. ამის თაობაზე საქმე სასამართლოშიცაა შეტანილი და, რასაკვირველია, თაროზეა შემოდებული. ამ დროს ანტიკორუფციული სამსახური პატარა არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარტიებს დასდევს კარდაკარ, ამის შესახებ კი ისე დუმს, ვითომც არაფერი ხდება. ეს ხომ უკვე ინდიკატორია, თუ რა კორუფციაშია ჩაფლული რუსთავის მერია.
ძალიან გამოუცდელი და შეუიარაღებელი თვალისთვისაც ყველაფერი ნათელი ხდება, როდესაც ორას მეტრიან ქუჩას წლინახევრის განმავლობაში აგებენ, შემდეგ თავიდან აყრიან ფილაქანს და ისევ აგებენ. ამ ამბავს რუსთავში უკვე ანეკდოტებად ჰყვებიან. რუსთავის მერი ამ ყველაფერზე არც პასუხის გაცემას აპირებს, არც არავის უსმენს. წინა ხელისუფლების და „ქართული ოცნების“ სხვა მერებს აქამდე ყოველთვის ჰქონდათ მოქალაქეებთან შეხვედრის დღე. ნინო ლაცაბიძე პირველია, რომელმაც მოქალაქეებთან შეხვედრის დღე საერთოდ გააუქმა. მის ერთადერთ საქმიანობას ფეისბუკით პოსტების წერა და საკუთარი თავის პიარი წარმოადგენს.
- როგორ იმოქმედებს ამ ყველაფერზე ძლიერი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია?
- ეს ყველა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ყველა მუნიციპალიტეტი თავად უნდა წყვეტდეს, თუ როგორ განკარგოს საკუთარი ქონება და შემოსავლები - ტყე იქნება, საძოვრები, თუ რომელიმე შენობა. კონკრეტულად, რუსთავის მაგალითზე უფრო შენობებზე ვილაპარაკებ - გამოუყენებელ შენობებზე, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ქალაქი მათ ვერ იყენებს, იმიტომ, რომ ცენტრალური, აღმასრულებელი ხელისუფლება განკარგავს. არადა, შეიძლებოდა ამ კონკრეტულ ადგილებში მოწყობილიყო ათასნაირი სივრცე ახალგაზრდებისთვის - გასართობი ადგილები, თუნდაც კინოთეატრი, იმისთვის, რომ ფილმების სანახავად ადამიანებს თბილისში ჩასვლა არ უწევდეთ; სპორტული დარბაზები, აუზები და სხვა.
მოქალაქე რომ მიდის ადგილობრივ ხელისუფლებასთან რაიმე თხოვნით, მათი თავის მართლება ყოველთვის ისაა, რომ ამას ეკონომიკის ან ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყვეტს და ეს მათ ხელთ არაა. მოკლედ, ადგილობრივ ხელისუფლებას არავინ არაფერს ეკითხება და მხოლოდ ქუჩების მოპირკეთებაზე ტენდერების გამოცხადებით არის დაკავებული. არადა, ნორმალური ხელისუფლების და დეცენტრალიზებული მმართველობის პირობებში, ადამიანებს და ადგილობრივ თვითმმართველობას თავად შეეძლებოდა, გადაეწყვიტა, თუ რა არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი, რას უნდა მიანიჭონ უპირატესობა და რას - მეტი თანხა დაახარჯონ. ეს ხომ გაცილებით ბუნებრივი და შედეგიანი იქნებოდა. და კიდევ, ჩემი პირადი აზრია, რომ მუნიციპალიტეტი არათუ საკუთარ ბიუჯეტს უნდა განკარგავდეს, არამედ, მაგალითად, ქალაქ რუსთავში გამოწერილი ჯარიმებით შემოსული თანხა ისევ ამ ქალაქს უნდა უბრუნდებოდეს და ხმარდებოდეს. ასე უნდა იყოს ყველა რეგიონში.
- როგორია წინასაარჩევნო განწყობა?
- წინასაარჩევნო განწყობა ასეთია - ბევრი ადამიანი პირდაპირ არ ამხელს, თუ ვის დაუჭერს არჩევნებში მხარს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ცვლილება უნდა ყველას. იმის გამო, რომ რუსთავი თბილისთან ახლოს არის, აქაურებისთვის გაცილებით ცხადია სიმართლე და ყველა ის განწყობა, რაც თბილისში არსებობს. რუსთავის ახალგაზრდობა თბილისში ყველანაირ აქტივობაშია ჩართული. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით მასწავლებლები შემიძლია გამოვყო - რა თქმა უნდა, საჯაროდ ამას ვერ ამბობენ, თუმცა უმეტესობა ცვლილებებისთვისაა მოწადინებული.
ადმინისტრაციულ სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს შორის წელს საჯაროდ აზრის გამოხატვის შიში ყველაზე მეტად იგრძნობა, თუმცა კერძო საუბრებიდან მაინც ვიცით საერთო განწყობა, რომ ცვლილება ყველას უნდა.