ოქტაი ქაზუმოვი: ხელისუფლებას სურს, დაავიწყებინოს მოქალაქეებს მთავარი - საქართველო
ოქტაი ქაზუმოვი - დაიბადა 1984 წლის 29 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირში. დაამთავრა თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატი (ქართული ენა და ლიტერატურა), 2009 წელს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა (ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის განხრით). ამჟამად თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დოქტორანტია. 2014-2018 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. არის ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა „მე-17 სართულის“ ერთ-ერთი თანაწამყვანი. აზერბაიჯანულიდან ქართულად თარგმნილი აქვს შემდეგი ნაწარმოებები: აზერბაიჯანული პოეზია ქართულად, ქართული პოეზია აზერბაიჯანულად, თარგმანი (კავკასიური სახლი) 2007; მირზა ფათალი ახუნდზადეს პიესა - ბოტანიკოს მუსიე ჟორდანისა და ჯადოქარ მასთალი შაჰის ამბავი (ინტელექტი) 2013; გიუნელ მოვლუდის ავტობიოგრაფიული რომანი - „ბანაკი“ (სულაკაურის გამომცემლობა) 2024 ქართულიდან აზერბაიჯანულად თარგმნილი აქვს: ვაჟა ფშაველას პოემა გოგოთურ და აფშინა (დიოგენე), 2012; ქართველი პოეტების: ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონის, ტერენტი გრანელის, ანა კალანდაძის და სხვათა ლექსები. არის ლიტერატურული წერილების კრებულის 129 გვერდი ლიტერატურაზე ავტორი (ინტელექტი) 2012.
- რა გამოცდილებით უერთდებით კოალიციას, რას შემატებთ მას?
- 2013 წლიდან სამოქალაქო აქტივიზმით ვარ დაკავებული, რომელიც სხვა მეგობრებთან ერთად, ძირითადად, არა დომინანტური საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონე თანამოქალაქეების (სამწუხაროდ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში საზოგადოება მკვეთრად იერარქიულია), კერძოდ კი, რელიგიურისა და ეთნიკურის, უფლებების დაცვას, სოლიდარობის ჩამოყალიბებასა და მათ მიმართ საზოგადოებაში მგრძნობელობის გაზრდას ითვალისწინებს.
ადამიანსაც, საზოგადოებასაც, ზოგჯერ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს საკითხები, რომლებიც თავისი არსით მნიშვნელოვანი კია, თუმცა გადაწყვეტის მოლოდინშია მუდამ და ამდენად, ყურადღება არ ექცევა. ხშირად ასეთ პრობლემებს ხელისუფლება თავად ყინავს, არაპოპულარულად მიაჩნია და გადაავადებს ხოლმე (ჩვენ ამას ხშირად „პოლიტიკური ნების უქონლობად“ ვრაცხთ). არადა, პოლიტიკაც ხომ სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ ეს საკითხები ჯერ გამომზეურდეს, გასიგრძეგანდეს და შემდეგ თანმიმდევრულად, სიღრმისეულად გადაიჭრას?
კოალიცია იმიტომაა კარგი და მნიშვნელოვანი, რომ მას, ჯერ ერთი, უფრო მეტი საკითხის მოცვა/წამოწევა შეუძლია და შემდეგ, მათი გადაწყვეტის გაცილებით უფრო მეტ ვარიანტებს გვთავაზობს, რასაც სწორედ თავისივე „კოალიციურობას“ ე.ი. ფართო ინკლუზიურობას უნდა უმადლოდეს. კოალიციას „ცვლილებისთვის“, რომელსაც გუნდთან, „აქტივისტები მომავლისთვის (საინიციატივო ჯგუფი)” ერთად ვუერთდები, ზემოხსენებულ „გამოსამზეურებელ“ საკითხებს და მათი გადაჭრის კონსტრუქციულ გზებს შევთავაზებთ, რაც რეგიონებში და შესაბამისად, მთელ ქვეყანაში კოალიციის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.
- თქვენ ხვდებით ადამიანებს რეგიონში. რა განწყობაა. რას ითხოვს ამომრჩეველი ლიდერებისგან, პოლიტიკოსებისგან?
- პირველ ყოვლისა, საგნობრივ მსჯელობას და დაპირებების ასრულებას. ადამიანებს წლებია მოუგვარებელი პრობლემები აწუხებთ და უფლებამოსილი პირებისაგან თანმიმდევრულ, პროგნოზირებად მიდგომებს ვერ ხედავენ. დღევანდელი ხელისუფლება საქმის გამოსწორების მაგიერ კიდევ უფრო აფუჭებს მას. გარდა ამისა, ძირითადი წუხილი ისაა, რომ აქამდე ლიდერები და ზოგადად პოლიტიკოსები ხალხისგან წამოსულ პრობლემებს კი არ აგვარებენ, არამედ თავად წამოაყენებენ ხოლმე ერთ რომელიმე შეთითხნილ საკითხს და შემდეგ მთელ ძალისხმევას ამისკენ მიმართავენ. ხალხს მოთმინებისა და ნდობის დიდი რესურსი გააჩნია, მაგრამ არა უსაზღვრო. შესაბამისად, თუკი ცხადლივ ვერ დაინახავს, თუკი რეალურად ვერ იგრძნობს, რომ მის საწუხარს მოევლება, ყველანაირ სტიმულს, ცხოვრების ხალისს, პერსპექტივას დაკარგავს და შედეგად ქვეყანას ამა თუ იმ ფორმით გამოაკლდება, რისი მოწმენიც დღეს ვართ.
როგორც ყველაფერს, პოლიტიკასაც/პოლიტიკოსსაც გულწრფელება, სინდისიერება, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და თანმიმდევრულობა ამშვენებს.
თუ დაკვირვებიხართ, ჩვენში, ჩადენილი შეცდომის გამო გულწრფელი, საქმითი მობოდიშება ძალიან ჭირს. მიიჩნევდე თავს უშეცდომოდ ყველაზე დიდი შეცდომაა, იაზრებდე შეცდომას და არ გამოასწორო – ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა.
ამ არჩევნებს ერთი ის სიახლე გასდევს თან, რომ ამომრჩეველი პოლიტიკური პარტიებისგან გამსვლელ სიებში ნდობის ყოველგვარ რესურსამოწრეტილი პოლიტიკოსების შეყვანას, შემოთავაზებას კი არა, საზოგადოებისგან წამოსული აქტიური მოქალაქეების წარდგენას ითხოვს (!). ეს ქვემოდან წამოსული ცვლილებაა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყური უნდა უგდონ.
დღეს მთელი ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას. აქ მხოლოდ ის პარტია კი არაა ასარჩევი, რომელიც ჩვენ პოლიტიკურ შეხედულებებს, განწყობებს ესადაგება, არამედ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვეყნის რუსეთიზაციის საშიშროების წინაშე ვდგავართ. ჩვენი ქვეყნის წარსული ისტორია გვეუბნება, როცა მარტონი ვიყავით და არ ვვითარდებოდით, სახელმწიფოებრიობას ვკარგავდით. ყველა არჩევანი მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბრისა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს შევახსენებ, რომ სახელმწიფოებრიობის ქონა ფუფუნებაა და იგი ყველას არ გააჩნია.დღევანდელმა ახალგაზრდებმა რუსული კანონის გაპროტესტებისას ეს შეგვახსენეს. გადაუწყვეტლობაც გადაწყვეტილებაა, მაგრამ გაუმართლებელი. ყოველი არჩევნებისას მოქალაქეები თავიანთ ნებას კი გამოხატავენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შემდეგ ამ გამოხატულ ნებას მიყოლა სჭირდება, რაც არჩეული პოლიტიკური ძალის ზედამხედველობას, დაპირების შეუსრულებლობისას აქტიურ მხილებას გულისხმობს. პასიური მოქალაქე ცუდ ხელისუფალს შობს, რომლითაც ისევ თავად ზარალობს.
დღეს კოალიციაში „ცვლილებისთვის“ კრეატიული პოლიტიკური იდეებით გამორჩეული ხალხი იკრიბება. აქედან ზოგს პოლიტიკური გამოცდილება უმაგრებს ზურგს, ზოგი ახალი სახეა და როგორც ზემოთ მივუთითეთ, ხალხის ხმას წარმოადგენს. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტია თუ პარტიათა ერთობა, რომელიც თავის რიგებში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს ნამდვილად უთმობს ადგილს და არათუ უთმობს, არამედ ქმნის შესაბამის სივრცესაც მათი ხმის გასაგონად ,მეტად დასაფასებელია.
- რამდენად მუშაობს რეგიონში პროსახელისუფლო პროპაგანდა? რას უპირისპირებთ ამას?
- „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ დიდი ხანია ამოწურული აქვს თავისი თავი, ხელისუფლების მისატაცებლად არაფერს თაკილობს. ქვეყნის „გათავისუფლების“ იდეით მოსულისგან, იქით გვაქვს ქვეყანა გასათავისუფლებელი. ხელისუფლებას ყველა მეთოდით, ძირითადად გამოგონილი ამბებით, დაშინებით, მოსყიდვით, დაპირებით სურს კვებოს მოქალაქეები და დაავიწყებინოს მთავარი – საქართველო, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა. ეს კი ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ტერიტორიად ქცევის პერსპექტივას გვიქადის და როგორც სახელმწიფო, საუკუნეთა მანძილზე ამის მრავალი სამწუხარო ფაქტის მოწმენი ვყოფილვართ. მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნეში, ცარისტული რუსეთის უღელქვეშ საქართველო მხოლოდ პირობითი სახელი იყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიისა, სხვადასხვა ოლქებისა თუ მაზრებისა, ხოლო საბჭოეთის დროს მხოლოდ ფორმალურ ნიშნებს ატარებდა სახელმწიფოებრიობისა.
ჩვენ მხოლოდ ხელისუფლების დეზინფორმაციის მხილებით არ შემოვიფარგლებით, არამედ რეალური პერსპექტივების, კერძოდ, სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკაში, განათლებაში, ტურიზმში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ვიმსჯელებთ მათთან ერთად. სიცხადე და გულწრფელობა, რეალობაზე დაფუძნებული დაპირებები და მათი აღსრულების მექანიზმების ჩვენებაა ის, რაც ხელისუფლების პროპაგანდის ბურუსს გაფანტავს. ამისთვის მოსახლეობასთან პირისპირი შეხვედრები, მათი ინფორმირება მეტად მნიშვნელოვანია.
- რა იქნება 27 ოქტომბერს?
- 27 ოქტომბერს საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება თავის ევროპულ მომავალს, ჩვენ გვექნება მრავალფეროვანი პარლამენტი და კოალიციური მთავრობა. ეს იმ ასიათასობით ადამიანის მოთხოვნაა, რომელმაც თვეების განმავლობაში ავსებდა რუსთაველის გამზირს და არა მხოლოდ. ამას წინ ვერავინ დაუდგება.