photo

გურია და მის სიმბოლოდ ქცეული “გადარეული” ძეგლები | ნინო კვიტაიშვილის ბლოგი

გურიაში ორი ძეგლია, რომელიც ყველას განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს და რომლებზეც გურულები ფიქრობენ, რომ მათ ხასიათსა და ტემპერამენტს ასახავს. ერთი შუაგულ ლანჩხუთშია, მეორე კი ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე. ერთს ლანჩხუთელები ეძახიან “გადარეულ გურულს” და მეორეს კი ჩოხატაურელები და ჩვენც, დანარჩენი გურულები თუ არაგურულები ორთავეს ასე მოვიხსენიებთ. და განა ვინაა ეს ხალხი ისეთი, რომ მათი გადარეულობა კარგი რამაა და გურიის ცენტრალურ ადგილებში დგომასა და სიმბოლოდ ქცევასაც იმსახურებენ?

ერთხელ საგაზეთო სტატიაში ასეთ სათაურს წავაწყდი - "გადარეული გურული მკვდრეთით აღდგება"?- და იქვე, გურულებისთვის დამახასიათებელი იუმორით სავსე, მეორე ფრაზაც ვიპოვე: “ნეკროლოგები დაიწერა, თუმცა, "ორმოცი" არავის გადაუხდია”. ეს სტატია მაშინ გამოიცა, როცა, ერთ დღესაც, ლანჩხუთის სიმბოლოდ ქცეული ძეგლი თავისი პიედესტალიდან გაქრა.

სხვა სტატიაში ერთი მოხუცი ქალბატონის ფრაზამ მიიქცია ჩემი ყურადღება - “მაგარი კაძახი იყო მაგი, ახლა გადარეულს დუუძახებენ, მარა კაძახი ვარო, მაგას უნდა ეთქვა. მაგი რომ არ ყოფილიყო მაგფერი გადარეული, შენ და მე და კიდო ბევრი სულ თუ ვიქნებოდით ამ ქვეყანაზე”?(ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე).

ლანჩხუთში მდგომი “გადარეული გურული” მოქანდაკე გოგი ოჩიაურს ეკუთვნის, ქანდაკებას თავიდან სახელად "აჯანყებული გურული" ერქვა და ნიჭიერ მოქანდაკეს ის ბოლშევიკთა აჯანყების სიმბოლოდ შეუკვეთეს. “მაგრამ გურულებმა იმდენად სწრაფად აქციეს თავიანთი ხასიათის სიმბოლოდ და სახელიც ისე სასწრაფოდ გადაუკეთეს, რომ შეკვეთის არსი აღარავის ახსოვდა. ამიტომაც იყო, რომ ქანდაკების დემონტაჟს არც ერთი ლანჩხუთელი არ გაჰკარებია და მუშების ბათუმიდან ჩამოყვანა გახდა საჭირო,”.- წერდა ძეგლის დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი გამოცემა.

თავად გოგი ოჩიაური თავის ინტერვიუში გვიამბობდა: “ამ ძეგლს "გადარეული გურული" რატომ დაარქვეს, არ ვიცი, თუმცა, ესეც ქანდაკებისადმი ქართული დამოკიდებულებაა. ისე, მას "აჯანყებული" ჰქვია და გურულობასთან საერთო არაფერი აქვს, არც გურულისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობა აქვს და არაფერი, ფეხშიშველაა. ეს ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ჯერ კიდევ 1953 წელს შევქმენი. რა აჯანყება, რის აჯანყებაო, გაუკვირდათ იმ ხანის იდეოლოგებს და არ მომცეს დიპლომის დაცვის საშუალება..

ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშინ წესი იყო, საუკეთესო სადიპლომო ნამუშევრები მოსკოვში, რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიაში იგზავნებოდა…და განხილვიდან ერთ თვეში გამოფენაზე გაჰქონდათ. გავიდა ერთი-ორი თვე, ჩემი ქანდაკება გამოფენაზე არ ჩანდა. ორი თვის შემდეგ ჩემი რექტორი და ხელმძღვანელი დაიბარეს. მათ თან წამიყვანეს. ჩემი ნამუშევრის კერძო დახურული განხილვა რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიაში გაიმართა. თქვეს, ეს "აჯანყებული" ანგრევს ჩვენს იდეოლოგიასო და გამკიცხეს. სიტყვით გამოვიდა სომეხი დიდი მოქანდაკე, ნიკო გოსიანი და დამიცვა, ძლივს ჩაიყვანეს ტრიბუნიდან და დარბაზიდანაც გააძევეს. გავიდა ხანი და ჩემი სადიპლომო ნამუშევარი (თაბაშირისგან იყო გაკეთებული) ნაწილებად დამტვრეული გამომიგზავნეს. კარგა ხანს ეყარა ჩვენს აკადემიაში. შემდეგ ერთმა ღვთისნიერმა კაცმა მისი აღდგენა მთხოვა. დაკვეთაც მომცეს, უფრო დიდი ზომის "აჯანყებული" გავაკეთე და ის ლანჩხუთის ცენტრში დადგეს.”

მეორე ძეგლი, რომელსაც გურული ბავშვები თოფიან კაცად მოიხსენიებენ, ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე ამაყად რომ შემოგხვდება, გაბრიელ, მეტსახელად ბუღარა მამალაძეა და მისი ისტორია რამდენადაც შევძელი მოკლედ დამეწერა, მინდა, გიამბოთ.

მისი დაბადება-გარდაცვალების თარიღი უცნობია. წერილობითი წყაროებისა და გადმოცემების მიხედვით ის მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. ბუღარა გურიის 1841 წლის ჯანყის დროს, მოხუცებულობის მიუხედავად, ჯანყშიც მონაწილეობდაო ამბობენ.

ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებდა: ,,ბებიაჩემი ღონიერზე იტყოდა: ბუღარა ხომ არ არისო? მას საოცარი მჭექარე ხმა ჰქონია”.

გადმოცემის თანახმად, ბუღარას ყიჟინა ახლო-მახლო სოფლებს სწვდებოდა. ბუღარა გურულების დიდი დამცველი და ოსმალების დაუძინებელი მტერი ყოფილა, განსაკუთრებით კი ტყვეებით ვაჭრობას ეწინააღმდეგებოდა. ის რომ, დასავლეთ საქართველოში ყმების გაყიდვა და მათი გადაცვლა, სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვეულებრივი და სარფიანი მოვლენა იყო, ისტორიის მცოდნეთათვის ცნობილი ფაქტია. მაგალითად, მეფე ალექსანდრეზე (1683-1695) ვკითხულობთ, რომ იყო “უღვთო ტყვის მსყიდველი” და მღვდელმთავარი გაბრიელ ჭყონდიდელიც კი მოხსენიებულია წყაროებში, როგორც “ტყვის მსყიდველი და სავსე ბოროტითა”. იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი ჰყვება ფაქტს, თუ როგორი მზაკვრული შეტყუებით დაადო ბორკილები ოდიშის დიდებულმა ჭილაძემ თორმეტ ქართველ მღვდელს, თმა და წვერი გაპარსა და თურქებს მიჰყიდა.

მალაქია კათალიკოსიც კი უძლური ყოფილა, შეეჩერებინა ტყვეებით ვაჭრობა გურიაში: ,,ეკლესია და მალაქია კათალიკოსი ებრძოდნენ ამ ბოროტმოქმედებას, მაგრამ საერთო სტიქიურ მოვლენას მარტო ზნეობრივი ხასიათის ზომები, რასაკვირველია ვერ შეაჩერებდა,” - წერს სარგის კაკაბაძე.

“ბუღარა არ ემორჩილებოდა ბატონებს. იგი რომ გურიელს დამორჩილებოდა, ჩვენ სულ თხის ფასად გევიყიდებოდით და აი სოფლები, სადაც ახლა ჩვენ ვართ ნასოფლარები იქნებოდა,” - გვიამბობს ნესტორ მამალაძე.

ტყვეებით ვაჭრობის მოწინააღმდეგე ბუღარა მამალაძე გურიის მთავარ გურიელს, რომელიც ამ საქმით ხელს ითბობდა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა, თავის კარზე დაუბარებია. ბუღარა არ მისულა და შეუთვლია: ,,თხის ჯოგივით რომ ჰყიდი ყმებს, ერთიც ვნახოთ და ომი გამოგიცხადონ, მერე ვიღას იმედი გაქვს დაცარიელებულ ქვეყანაშიო?”

„ამ ხევში იყო ბუღარე მამალაძე. მაგარი გულადი იყო. გამოდიოდა თათრების საწინააღმდეგოდ და არ მარცხდებოდა. მაგას ქონდა იარაღი – მოკლე ლეკური და თან კაჟიანი თოფი. თათრები თუ გადმეიარდა, მაგი თუკი შინ იყო, ნაკლებათ წეიყვანდა კაცს”.

ბევრი შეტაკება ჰქონია ბუღარასა და მის რაზმს და ბევრი გურულიც გადაურჩენიათ. ერთხელ ოსმალები გამუსლიმებული დადიან-ოღლის მეთაურობით ბუღარას მშობლიურ სოფელს დაესხნენ თავს. ბავშვები, ქალები, და მოხუცები ერთმანეთს გადააბეს და ოსმალეთისკენ გასაყიდად წაასხესო. ბუღარა გზად მიმავლებს მოულოდნელად მიპარვია და ისე დარევია ოსმალებს, ,,როგორც მგელი ცხვრის ფარას”. ხელჩართულ ბრძოლაში მოუკლავს დადიან-ოღლი. მას შემდეგ იმ ადგილს ,,დადიან-ოღლის ნაკლავი” შეარქვეს.

“ბუღარე ყოფილა შემთხვევით ზოტში. წამოსულა თათრები ბუღარეს მოსაკლავათ. ბუღარას არ იცნობდა. ბუღარეზა უკითხავს თათარს: ბუღარე მანახვე, საქმე მაქ მასანო. ბუღარას უპასუხია: – ამ წუთში განახვეფო. დაბრუნდა უკან ბუღარე, გეიკეთა ტანზე ლეკური და მივიდა. თათარმა შიეკითხა: რა ქენიო, ნახეო? ბუღარამ შოუძახა, – მე ვარ ბუღარეო, – და ლეკურიც შამოქრა და მოჭრა თავი. იმ თათარს დაპირებული ქონდა, – ბუღარეს თავს მევიტანო, – და თავის თავი დატია”.

პოემაც კი მიუძღვნიათ ბუღარასთვის, რომელიც ასე სრულდება:
“ბუღარას შემდეგ სხვებს უბუღია,
ნასაკირალზე ქროდა დათიკო,
ვისაც ხალხისთვის კარგი უქნია,
მასზე ამბობენ ,,ვაჟკაცი იყო”.
(დათიკოში იგულისხმება ცნობილი ფირალი დათიკო შევარდნაძე)
“ბუღარამ ყოლგან გეიმარჯვა” - გვიამბობს მიხეილ მამალაძე და ამით ყველაფერი ნათქვამია.

ჩვენც, მისმა მეკვიდრეობამ ყველგან უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენი მოსაგები ჩვენ უნდა მოვიგოთ, რომ შემდეგ თაობებთან არ შევრცხვეთ, როგორც არ შერცხვა “გადარეული გურული” ბუღარა მამალაძე.

----------------------------------------------------------------------------------

გამოყენებული მასალები: მამია დუმბაძე ,,გურიის სახალხო გმირი ბუღარა მამალაძე”, იური სიხარულიძე ,,გლეხთა აჯანყება გურიაში 1941 წელს”; “გურიის მოამბე”; გრიგოლ იმნაიშვილის ჩანაწერები (მიხეილ მამალაძე, სოფელი ხევი 1963 წელი); “კვირის პალიტრა” ავტ, ეკა ასათიანი.

„არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს“ | ალექსანდრე დავითულიაი

რუსული ჰიბრიდული ომის თავსატეხი | გიორგი ბუტიკაშვილი

ამერიკა - შესაძლებლობები, გაძლიერება და განვითარება | სანდრო წერეთელი