„26 ოქტომბერი უნდა იქცეს საერთო სახალხო გამარჯვების დღედ“ | ბესო ფოფხაძე
ბესო ფოფხაძე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ბორჯომის საარჩევნო შტაბის უფროსი
- სამცხე-ჯავახეთი რთულ და პრობლემურ რეგიონად ითვლება. აქ არჩევნების შედეგების ობიექტურობაზეც ხშირად ჩნდება შეკითხვები. როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი გამოწვევა ამ რეგიონისთვის?
- მთავარი პრობლემა რეგიონისთვის, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოსთვის, არის ის, რომ ქვეყანაში არ მოხდა ხელისუფლების დეცენტრალიზება. ცენტრალურ ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რეგიონები მკაცრი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა და არ გადაეცა რეალური ძალაუფლება. ამან გამოიწვია ის, რომ დღევანდელი რეგიონული პოლიტიკა აბსოლუტურად მიბმულია სუს-ზე. რეგიონში არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება სუს-ის გარეშე - დაწყებული უბრალო საკადრო გადაწყვეტილებებით და დამთავრებული რეგიონის განვითარების პროექტებით. სამცხე-ჯავახეთი ყოველთვის იყო ძალოვნების გავლენის სფერო და რეგიონის განვითარებაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ სუს-მა აკონტროლოს ყველაფერი. გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების ჩართულობა არის ნულოვანი. სწორედ ეს იქცა ჩვენი რეგიონის განვითარების მთავარ შემაფერხებელ გარემოებად.
ძლიერი რეგიონები - ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. თუ არ აპირებ დემოკრატიული საქართველოს აშენებას, შენ არ მისცემ რეგიონებს განვითარების საშუალებას, რადგან ძლიერი რეგიონები არ გჭირდება.
- სამცხე- ჯავახეთთან დაკავშირებით, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილების შეზღუდვაზე პრეტენზია გამოითქმოდა, ყველა ხელისუფალი აპელირებდა სეპარატიზმის საფრთხეზე.
- არავითარ შემთხვევაში! როცა სამცხე-ჯავახეთი, მათ შორის ახალქალაქი და ნინოწმინდა, თავისუფლების რაღაც მინიმალურ ხარისხს იღებდა, იქ სეპარატიზმისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. როცა რეგიონში ვითარდება სამოქალაქო საზოგადოება, იქ ეთნიკური მომენტი პრობლემებს ვეღარ შექმნის. ამ დროს ადამიანებს აინტერესებთ საკუთარი უფლებები, რათა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება და შექმნან საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა. ამიტომ, ეს გახლავთ ხელოვნურად შექმნილი აზრი და უფრო რუსული „ეფ ეს ბე“-ს შექმნილი დღის წესრიგია, რადგან საქართველოს სახელმწიფოს არანაირი კონფლიქტი არ ექნებოდა, რომ არა რუსეთის ჩარევა. არც სამცხე-ჯავახეთში არსებობს სეპარატიზმის პრობლემა, თუ გარედან არ მოინდომებენ ამ პრობლემის გააქტიურებას.
რეგიონებს უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების და ფინანსების განკარგვის მაქსიმალური თავისუფლება. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს თავად იღებენ.
- ალბათ ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობაც სულ სხვა სიმაღლეზე ავა?
- რა თქმა უნდა! ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს გაჭირვებული რეგიონები, რათა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მართოს ისინი. ბორჯომს, მაგალითად, მრავალმხრივი მიმართულებით შეუძლია განვითარდეს - ტურიზმი, მინერალური წყალი, ხე-ტყე. მაგრამ არავინ იფიქრა იმაზე, რომ ხე-ტყის გადამამუშავებელი წარმოება შეექმნა. ამის მიუხედავად, მთლიანად სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყე უმოწყალოდ იჭრება და გადის.
ბორჯომის მინერალური წყალი, რითაც თავს იწონებდა საქართველო, გაიყიდა და ქარხნის 47 პროცენტი ეკუთვნის ფრიდმანს, რომელიც ყოველი გაყიდული ბოთლიდან პუტინს უკრაინაში ომს უფინანსებს. ანუ იმ სიკეთით, რომელიც ბორჯომელებმა უნდა მიიღონ, სარგებლობს პუტინი და ტყვიებს ესვრის უკრაინის მოსახლეობას. ამასთან, ჩვენც გვართმევენ ტერიტორიებს. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ საკითხის გამოსწორება შესაძლებელია ერთ თვეში.
- ახალი ხელისუფლების პირობებში, რა მიგაჩნიათ პირველი რიგის ამოცანად რეგიონების გასაძლიერებლად?
- მე ბორჯომის შესახებ გეტყვით. ყველა ამოცანის გადაჭრა მარტივი გამოწვევების დაძლევით იწყება. ვფიქრობ, ბორჯომში ტურიზმის განვითარებისთვის, ახალმა მთავრობამ აუცილებლად უნდა მიხედოს ლიკანის რომანოვების სასახლეს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და სავალალო მდგომარეობაშია - ჩადის წვიმა და ინგრევა. ასევე, უნდა აღდგეს ე.წ. კუკუშკა ბაკურიანის მიმართულებით. სახელმწიფო თავისი ხასიათის მიხედვით არ უნდა წყვეტდეს, როდის შეუძლია რამის კეთება და როდის არ შეუძლია. მაგალითად, ბორჯომში, ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია, ჩემი მშობლიური სკოლის შენობა გაიყიდა ერთ ლარად, ვითომ საინვესტიციო პროგრამით, მაგრამ წლებია უკვე, გამოშიგნული დგას. ესეც სახელმწიფოს ნეგატიურ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ბორჯომში ასეთი მაგალითები მრავლადაა. ჩამონათვალი რომ გავაგრძელოთ, დიდხანს მოგვიწევს საუბარი.
სახელმწიფომ სწორედ იმიტომ მოკლა რეგიონული პოლიტიკა, რომ ამ პრობლემებზე ვინმეს ხმამაღლა არ ელაპარაკა. ის თანახმაა, რომ კულუარებში იყოს ამაზე საუბარი, მაგრამ ვიღაცამ ეს ხელისუფლებას დანაშაულად რომ ჩაუთვალოს, რა თქმა უნდა, არ უნდათ. ამიტომ არიან რეგიონები პოლიტიკურად მკვდარი და სუსი ცდილობს, ოპოზიცია მაქსიმალურად შეავიწროოს და დაჩაგროს. აი, ამას უნდა დაესვას წერტილი და ხალხისგან წამოვიდეს პოლიტიკური შეკვეთები. ხალხმა უნდა მიიღოს ის პოლიტიკური წონა, რაც მას ეკუთვნის და შეუძლია აითვისოს. ამ შემთხვევაში, არც სეპარატიზმის და არც სხვა რამ ნეგატიურის შიში არ უნდა გვქონდეს. ძლიერი რეგიონი არის ძლიერი სახელმწიფო!
- ახლა როგორია საზოგადოების წინასაარჩევნო განწყობა, მზად არიან ცვლილებებისთვის?
ჩემი აზრით, ბორჯომში და მთელ რეგიონში მოსახლეობას უნდა ცვლილებები, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ერთადერთი , რაც ამას ხელს უშლის, არის ძალოვანი სტრუქტურები, როგორც პოლიტიკური ფაქტორი. მაგრამ მჯერა, რომ ძალოვნების მცდელობა, თავს მოახვიონ მოსახლეობას რაღაც აზრები, ხალხის ნებას ვერ მოერევა. მთავარია, საზოგადოება იყოს მოტივირებული და ეს მოტივაცია, ჩემი დაკვირვებით, აშკარად იგრძნობა. მთავარია, დავძლიოთ შიში. არანაირი საფრთხე არ ემუქრება მას, ვინც თავისუფალ ნებას გამოხატავს. მთავარია, დავიჯეროთ, რომ არჩევნები ვერ გაყალბდება. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, სამცხე-ჯავახეთში ყველას უნდა, რომ 26 ოქტომბერი იქცეს საერთო სახალხო გამარჯვების დღედ და ამ დღის შექმნაში ათიათასობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
- მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ბოლო წლებში ძალიან ბევრი ადამიანი გადაიხვეწა უცხოეთში იმისათვის, რომ ოჯახი გამოკვებოს და ამ ადამიანთა დიდი უმრავლესობა ოპოზიციურადაა განწყობილი...
- მიგრაცია ყველა რეგიონში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამის აღმოფხვრის ერთადერთი ქმედითი მექანიზმი ის არის, რომ ადამიანებს ადგილებზე შევუქმნათ სოციალური რეალიზების გარემო. უნდა გაიზარდოს განათლების ხარისხი; შეიქმნას სამუშაო ადგილები და აღმოიფხვრას გაჭირვება. დღეს რაც ხდება რეგიონებში, იქ ცხოვრებას შეუძლებელს ხდის. ვერსად თუ ვერ მიდიხარ, მაგიტომ რჩები. ალბათ, რეგიონში მცხოვრები ყველა ახალგაზრდა ფიქრობს, უკეთეს შემთხვევაში, თბილისში წამოსვლაზე, უარეს შემთხვევაში კი, უცხოეთში წასვლაზე. სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს, რომ განხორციელდეს ინვესტიციები, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ადგილზე გადაწყდეს მნიშვნელოვანი პრობლემები. ამ შემთხვევაში, გაჩნდება მოტივაცია, რომ ადგილზე დარჩნენ ადამიანები და თავის მშობლიურ კუთხეში შეძლონ რეალიზება.
დღეს კი, სახელმწიფოს მიერ „ლეგალიზებული“ და ნებადართული კორუფცია ასეთი გარემოს შექმნის შესაძლებლობას გამორიცხავს. კორუმპირებულებს ადვილად აკონტროლებს სახელმწიფო. როცა საბიუჯეტო სახსრებით შეკვეთები გაიცემა მარტო ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეზე, სსიპ-ებში საქმდებიან შინაურები და კორუფციის დიდი მასშტაბებია. თუ კორუფციაში არ ხარ ჩართული, არაფერი გამოგივა - რეგიონები ამ პრინციპით იმართება. ერთ დღეში დაარსებული კომპანიები იღებენ სახელმწიფო შეკვეთებს. ამ ყოველივეს კონტროლის მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს. ამისთვისაა საჭირო ძლიერი საკრებულოები და ოპოზიცია, მაგრამ ეს რეგიონებში არ არის. ერთ-ერთ აიპ-იში - ბორჯომის განვითარების ფონდი - გაფორმებულია 84 ადამიანი და ზუსტად ის ფუნქციები აქვთ გაწერილი, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია. რასაკვირველია, ეს ყველაფერი ფიქტიურია.
სამწუხაროდ, რეგიონები დაცლილია კრიტიკული ხედვისგან და ეს სუს-მა უზრუნველყო. კორუფცია იქცა ხელისუფლებისთვის მართვის ბერკეტად. რა გასაკვირია, რომ აქედან ხალხი გარბის.