„ხალხი მზად არის, მხარი დაუჭიროს ოპოზიციას“ | ოქტაი ქაზუმოვი
- რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?
- დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე, ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები ან სათანადოდ და ჯეროვნად არ არის წარმოდგენილი პოლიტიკაში, ან საერთოდ უგულებელყოფილია. ეს კი თანამოქალაქეთა ნაწილს უსამართლო, უთანასწორო გარემოში ცხოვრებისთვის სწირავს, რითიც გარიყულობის განცდა ჩნდება. სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროდ აღიარებულ სფეროებში (განათლება, კულტურა, სოფლის მეურნეობა, ინტეგრაცია და ა.შ.) არსებული არათანმიმდევრულობა, გადაუწყვეტელი საკითხები, ძირეული ცვლილების უქონლობა, ყველაფრის კლანების ინტერესებთან მისადაგება სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს და შედეგად, მოქალაქეთა არადომინანტური ნაწილის ხმები იხშობა. პოლიტიკური მოძრაობის „აქტივისტები მომავლისთვის“ პოლიტიკაში შემობიჯების მიზანი სწორედ ამ დახშული ხმების გამკაფიოვებაა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული, თუ გადაწყვეტილების მიღებაში უშუალოდ თემის აქტიური წარმომადგენლები იქნებიან ჩართულნი - როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ დონეზე. პოლიტიკურ მოძრაობა „აქტივისტები მომავლისთვის“-ში გაწევრებული ახალგაზრდები უკვე წლებია, ეთნიკური აზერბაიჯანული თემის საჭიროებებს სწავლობენ, რეკომენდაციებს გასცემენ, ადვოკატირებენ და ა.შ. შესაბამისად, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ახლა საჭიროა უშუალოდ პრობლემების გადაწყვეტის პროცესშიც ჩავერთოთ და დავაჩქაროთ ეს პროცესი.
- როგორი მდგომარეობაა მიგრაციის კუთხით თქვენს რეგიონში?
- ჩვენს რეგიონში მიგრაცია ყოველთვის მაღალი იყო. მოსახლეობას ერთის მხრივ, ეკონომიკური მიზნით უწევს სოფლის, რეგიონის მიტოვება, მეორეს მხრივ -დაჩაგრულობის განცდა აქვთ. 90-იან წლებში ამის გამო, ასეულობით ადამიანმა მიატოვა აქაურობა. დღეს კი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართავენ სამსახურის საშოვნელად.
- როგორ ისახება ეს ყველაფერი რეგიონის ეკონომიკურ სიტუაციაზე?
- ეკონომიკური სიტუაცია, ჩვენთანაც, ისე როგორც ყველგან - გაუარესებულია. რეგიონის მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობა, გარკვეული ნაწილისთვის კი - ოჯახის წევრის პენსიაა, ხოლო მოსახლეობის დაახლოებით, მეხუთედი დამოკიდებულია ოჯახიდან დროებით წასული წევრის ფულად გზავნილებზე. რეგიონის მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი კი, სხვადასხვა სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული.
წლიდან წლამდე მცირდება სოფლის-მეურნეობით დაკავებული ფერმერების რაოდენობა. ბაზრების არარსებობა მოსახლეობას მოსავლის რეალიზების საშუალებას არ აძლევს, შესაბამისად, გაუფასურებული მოსავალი რჩებათ ხელში. ამის გამო, ბევრმა ადგილობრივმა ფერმერმა შეწყვიტა ფერმერობა. შემდეგ კი, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები არ არსებობს, ქვემო-ქართლის მოსახლეობაც იძულებული ხდება, ემიგრაციაში წავიდეს.
- გამოცდილება გვკარნახობს, ასეთი ეკონომიკური სურათი იქ ყალიბდება, სადაც კორუფციაა სახელმწიფო უწყებებში...
- კორუფცია არის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობების სხვადასხვა სამსახურებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არაერთი ჩივილი მოგვისმენია, რომ მუნიციპალიტეტების მერიები, სხვადასხვა სერვისების სანაცვლოდ, მოსახლეობისგან ქრთამს ითხოვენ. ასევე ვიცით, რომ ახალგაზრდა მასწავლებლებისგან სკოლის დირექტორები მათ დასაქმების სანაცვლოდ გარკვეულ თანხებს ითხოვენ. სამწუხაროდ, ამ ფაქტების გამოაშკარავება და მტკიცებულებების მოგროვება რთულია. თუმცა, ერთ-ერთმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გვაჩვენა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ დუზაგრამას თავისი ოლიგარქი ჰყავს, რომელიც სახნავ-სათეს მიწებს ეპატრონება. იგი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და დოკუმენტების გაყალბების გზით, სოფელში მიწის ნაკვეთს განკარგავს, რომელიც ოფიციალურად მისი, ან მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არ არის. ამ მიწის ნაკვეთების ფართობი, ჯამში, 90 ჰექტარია. გამოძიებამ აჩვენა, რომ მერის წარმომადგენელმა ეს ქონება თანასოფლელების შევიწროების ხარჯზე დააგროვა.
- რომელ სენსიტიურ პრობლემას გამოყოფდით რეგიონისა და მუნიციპალიტეტისთვის?
- რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა მოქალაქეებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს, ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ხიდჩატეხილობაა. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ იმ რეგიონების, სადაც აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ჩვენ წარმომადგენლებს ექმნებათ ბარიერები, რომ დასაქმდნენ. აზერბაიჯანულენოვანი თემის საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაც ასევე დაბალია. ხელი არ მიუწვდებათ სრულყოფილად განათლებაზე, ჯანდაცვაზე თუ სხვადასხვა სახელმწიფო სერვისზე. მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე, არ არსებობს თარჯიმანი, შესაბამისად, ენობრივი ბარიერის გამო, ხელი ვერ მიუწვდებათ სხვადასხვა პროგრამებზე, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ყოველივე ამის ფონზე, ხშირად ქვეყნის დატოვებაც უწევთ. არსებული რეალობა ქვეყნის ცხოვრებიდან ჩვენი მოქალაქეების, აზერბაიჯანელების სოციალურ გარიყვას იწვევს.
- ევროპული თვითმმართველობების ჩამოყალიბება, შემოსავლების თავისუფლად განკარგვას, ასევე საძოვრების, ტყისა და სხვა რესურსების დაბრუნებას, რას შეცვლის თქვენს მუნიციპალიტეტში?
- მიწა ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. მოსახლეობა საბჭოთა კავშირის დროს, ამ მიწებს კოლექტიურად იყენებდა. შემდეგ ჩატარებული მიწის რეფორმამ გლეხების უმრავლესობა, განსაკუთრებით, გარდაბანში, ბოლნისში და საგარეჯოში მიწის გარეშე, ხოლო დმანისში საძოვრების გარეშე დატოვა. კოალიციის პროგრამის მიხედვით, ამ რესურსების გლეხისთვის დაბრუნება რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და მზარდ მიგრაციას შეაჩერებს.
- რეგიონის წინასაარჩევნო განწყობა როგორია?
- რეგიონში წინასაარჩევნო განწყობა არის ძირითადად იმედიანი, ხალხი ამჩნევს ამ პრობლემებს, ხალხს სურს დაგროვილი პრობლემების მოგვარება და ამისთვის მზად არის, მხარი დაუჭიროს ოპოზიციურ პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო მანქანა ყველანაირად ცდილობს, რომ ისინი დააშინოს, მოისყიდოს და ჩამოაშოროს უფლებებისთვის ბრძოლას. სოფლებში კარდაკარის დროს ვხედავთ, რომ მოსახლეობა ძალიან კარგად ამჩნევს, თუ როგორ მოქმედებს ხელისუფლება. უკვე დაიწყეს ჩვენი მხარდამჭერების დაშინება. 26 სექტემბერს მარნეულის შტაბის გახსნას და მოსახლეობასთან კოალიციის ლიდერების შეხვედრას დმანისელებიც ესწრებოდნენ. ამის გამო, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ურეკავდნენ და ცდილობდნენ, დაეშინებინათ, რათა მომავალში მსგავს ღონისძიებებს არ დაესწრონ.